"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომი ისევ აქციის ფასად გაიყიდება - კვირის პალიტრა

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომი ისევ აქციის ფასად გაიყიდება

პროექტმა გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც აღმოჩნდა, დარჩნენ ადამიანები, ვინც ვერ მოასწრო პირველი ტომის შეძენა ან მოასწრო, მაგრამ  კიდევ სურს საჩუქრად შეძენა

პირველიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, აქციის ფასად, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" როგორც მეორე ტომის, ასევე პირველის შეძენაც იქნება შესაძლებელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

გასულ თვეში ქართველი მკითხველი ერთმა საინტერესო პროექტმა კიდევ ერთხელ გააერთიანა: ყველამ აღიარა, რომ "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. აღსანიშნავია, რომ თითოეული ტომი მაღალ დონეზე დამუშავდება, როგორც მეცნიერულად, ისე პოლიგრაფიული თვალსაზრისითაც და მკითხველი მიიღებს სრულყოფილი წვდომის საშუალებას საკუთარ ისტორიასთან.

ამ პროექტმა გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც აღმოჩნდა, დარჩნენ ადამიანები, ვინც ვერ მოასწრო პირველი ტომის ყიდვა ან მოასწრო, მაგრამ კიდევ სურს საჩუქრად შეძენა, მაგალითად, ათიოდე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ევროპელი სტუმარი გააცილა საქართველოდან. მოღიმარ ალექს კარლივსკის  ხელში "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომი ეჭირა და თან მიჰქონდა. მართალია, ენა არ ვიცი, მაგრამ თქვენი ისტორიის შესახებ გიორგიმ მიამბოო, - მეგობარზე მიმითითა, - ამას კი, როგორც ხსოვნას საქართველოზე, ისე წავიღებ, იმედი მაქვს, ინგლისურად რომ თარგმნით ამ წიგნებს, ყველა ტომს გიორგი გამომიგზავნისო...

მასპინძელმა იხუმრა, ამას კი მიაქვს "ილუსტრირებული ისტორია" სახსოვრად, მაგრამ მე თავიდან გამიხდა საყიდელი ეს წიგნი, თანაც აქციაც დამთავრებულია და გაცილებით ძვირად მომიხდება შეძენაო.

როგორც აღმოჩნდა, გიორგი მარტო არ არის. მის მსგავსად არაერთ ადამიანს დასჭირდა "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" ხელახლა ან პირველად, მაგრამ დაგვიანებით შეძენა. ქალბატონი ნანა მრელაშვილი საკუთარი პენსიიდან დაზოგილი მცირე თანხით "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" ყიდვას აპირებდა, მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა პირველი ტომი აქციით დაბალ ფასად უნდა შეეძინა,  ავად გახდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებულს აქცია დასრულებული დახვდა.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მეორე ტომი 1-ელ დეკემბერს გამოდის და ერთი კვირის განმავლობაში "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად - 7 ლარად გაიყიდება.

მეორე ტომი თბილისის ისტორიაა. აქაც ილუსტრაციებით არის გაცოცხლებული თბილისი. თბილისის არქიტექტურული ევოლუცია და არა მხოლოდ - ანტიკური პერიოდის დასახლება, თბილისის აშენება, დედაქალაქის არქიტექტურა, ტრანსპორტი, სამოსი, ადათები...

იმის გამო, რომ პროექტმა გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან მალე გაიყიდა, მათ, ვინც ვერ მოასწრო ყიდვა ან კიდევ ერთხელ სჭირდება პირველი ტომის შეძენა, გამომცემლობა "პალიტრა  L" და "კვირის პალიტრა" კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას პირველიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, აქციის ფასად, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" როგორც მეორე ტომი, ასევე პირველიც შეიძიIნოს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად.

ლეილა გაგუა