"არაერთმა ადამიანმა ნახა ქუჩაში დახოცილები როგორ ეყარა" -რა ხდება გროზნოში?! - კვირის პალიტრა

"არაერთმა ადამიანმა ნახა ქუჩაში დახოცილები როგორ ეყარა" -რა ხდება გროზნოში?!

"ითქვა, რომ 300-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანი იყო შენობაში, და გროზნოშიც არიან გაფანტულები, ანუ შესაძლოა, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს, ქალაქში აშკარად იგრძნობა დაძაბულობა"

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმარატმა ასეთი შეტევა ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დაცულ ქალაქ გროზნოზე მიიტანა."

"ამას წინათ გავრცელდა რუკა, სადაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია ისლამური ხალიფატის დაქვემდებარებაშია მონიშნული... ამ რუკაზე ყაზბეგისა და ხევსურეთის ტერიტორიაცაა დატანილი."

4 დეკემბერს, გვიან ღამით, გროზნოში შეიარაღებული პირები ჯერ პოლიციელებს დაესხნენ თავს, შემდგომ კი მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ბეჭდვით სახლში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. ჩატარდა სპეცოპერაცია, შეტაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "კავკასიის იმარატმა" აიღო. ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოში, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ გროზნოში ბევრი მოჯაჰედია. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად დაჯგუფების წევრებს შორის არავინ დაღუპულა. "ეს არის პასუხი და შურისძიება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ჰიჯაბიან ქალებზე იერიში მიიტანა" - აცხადებს დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, ეს შაჰიდური ოპერაციაა და თავდამსხმელები სიკვდილამდე იბრძოლებენ. როგორც ირკვევა, ამ ცოტა ხნის წინ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ბრძანება გასცა, რომ ქუჩაში შეემოწმებინათ ყველა საეჭვო ჰიჯაბიანი ქალი. მომხდარის შესახებ გვიყვება გროზნოში მყოფი ტარას ცარნევიჩი:

-აქ ამბობენ, რომ ჩეჩენი მეომრების მოთმინების საზღვარი აივსო. მათ დიდ ხანს ითმინეს რუსეთის და კადიროვის ძალაუფლება და ალაჰის ნებით, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. გროზნოში ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ეტყობა, ეს არ არის მათი ბედნიერებისთვის საკმარისი... სპეცოპერაცია "ბერკატის" ბაზრობასთან ახლოს, საგამომცემლო სახლში წუხელ გვიან ღამე დაიწყო და ლამის მთელო მომდევნო დღე გაგრძელდა. როგორც ვიცი, რამდენიმე შტურმი განხორციელდა. მე და ჩვენ, ყველას გვიკვირს, რომ ეს ხალხი, ჩეჩნები არ დაიღალნენ და ომს აგრძელებენ. ითქვა, რომ 300-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანი იყო შენობაში, და გროზნოშიც არიან გაფანტული, ანუ შესაძლოა, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს, ქალაქში აშკარად იგრძნობა დაძაბულობა. მსხვერპლი არის, თუმცა ზუსტად არ ვიცი რამდენი, ამბობენ, რომ 10-მდე ძალოვანი დაღუპულია, ხოლო 20-ზე მეტი -დაჭრილი. Uარაერთმა ადამიანმა ნახა დახოცილები ქუჩაში როგორ ეყარნენ. სპეცოპერაციაში მძიმე ტექნიკაც მონაწილეობდა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

- მომხდარის თაობაზე თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ტერაქტის უკან "კავკასიის იმარატი" არ იდგა, საქმე ისაა, რომ გროზნოში შეტაკება ა.წ. 5 ოქტომბრსაც მოხდა, მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები, თუმცა ამაზე პასუხისმგებლბა არავის აუღია, შესაბამისად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო არა იმარტის, არამედ იმ ჯგუფის ორგანიზებული, რომელიც იმარატისგან დისტანცირებას ცდილობს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაცია თავის იდეალებს ღალატობს. ეს ვარაუდი ემყარება იმას, რომ იმარატში მართლაც ყველაფერი ვერ არის რიგზე, ორგანიზაცია ჯამაათებად არის დაყოფილი, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ. მათი ერთი ნაწილი რეკეტზეა გადასული, ამ ხალხს "მაღალი იდეალები" ნაკლებად აინტერესებთ, ეს შეეხება უფრო დაღესტნის ტერიტორიაზე მოქმედ ჯგუფებს. მათი ნაწილი შეთქმულია ბიზნესთან და კრიმინალთან. გარდა ამისა, სპეცსამსამსახურებისა და კადიროვის აგენტებით არის სავსე.

- თუმცა ამჯერად მომხდარზე პასუხისმგებლობა "კავკასიის იმარატმა" აიღო...

-  ვფიქრობ, მათ გადაწყვიტეს თავის ბრჭყალების გამოჩენა უფრო იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სხვა ორგანზაციას -ისლამურ ხალიფატს არ დაუთმონ გავლენა. ჯერჯერობით გარდაცვლილთა რაოდენობის თაობაზე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება, ერთი შეხედვით ეს არ იყო მაინც და მაინც კარგად ორგანიზებული ტერაქტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმარატმა ასეთი შეტევა მიიტანა ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დაცულ ქალაქ გროზნოზე. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ახალ ძალას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში იკიდებს ფეხს, ის იმარატზე მეტად არის ისლამურ ხალიფატთან კავშირში. "კავკასიის იმარატი", ხალიფატს, მართალია, სახალხოდ მხარდაჭერას  უცხადებს, მაგრამ მასთან ურთიერთობაში მაინც ძალიან თავდაჭერილია. სხვათა შორის, ამას წინათ გავრცელდა რუკა, სადაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია ისლამური ხალიფატის დაქვემდებარებაშია მონიშნული, ჩრდილოეთ ოსეთი კი საერთოდ არ არის ნახსენები.

- ეს როგორ?

- ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს მთლიანად ვაინახების ტერიტორიად მოიხსენიებენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ რუკაზე ყაზბეგისა და ხევსურეთის ტერიტორიაც არის დატანილი.

- ანუ შესაძლოა ახალი თავსატეხი გამოგვიჩნდეს?

- ყოველ შემთხვევაში, ასეთი რუკა არსებობს.

- როგორც ზოგადად ასეთ მოვლენებს თან ახლავს, დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩეჩნეთში მოჯაჰედების ჯგუფია შესული... როგორ ფიქრობთ, მომხდარი მათთან კავშირშია?

- როგორც გავრცელებული ვიდეომიმართვიდანაც ჩანს, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში მოჯაჰედთა "ემისრები" უკვე დაბრუნდნენ. მართალია, ჩრდილოეთ კავკასიაში ძალზე ეფექტიანად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი რამეები მაინც ხდება, ანუ აგენტურა ვეღარ წვდება იქ მიმდინარე პროცესებს.

-ამ რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა პროცესებმა ისეთი მასშტაბი მიიღოს, რომ ეს რუსეთის ფედერაციისთვის კდევ უფრო დიდ თავის ტკივილად ექცეს?

-ეს მოსალოდნელია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)