"სამი კაცი ფეხებით შემდგა და სიკვდილამდე მცემეს" - რას ყვება ქალი, რომელსაც ქმარი, ქმრის ბიძა და მეგობარი სასტიკად გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

"სამი კაცი ფეხებით შემდგა და სიკვდილამდე მცემეს" - რას ყვება ქალი, რომელსაც ქმარი, ქმრის ბიძა და მეგობარი სასტიკად გაუსწორდნენ

"ჩემს სანახავად, სრულიად უცხო ადამიანებიც მოდიოდნენ, - ხუთი დღის გათხოვილი გოგო კინაღამ ცემით მოკლესო..."

"ქმარმა ცოლზე ძალადობის ფაქტი აღიარა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრა."

"თქვენ არავის საკუთრება არ ხართ, თქვენ პირველ რიგში პიროვნებები ხართ და შემდეგ ცოლი და მეგობარი, ნუ მოითმენთ, ნუ ჩაყლაპავთ და ნუ გაჩუმდებით!..

ბოლო დროს, საქართველოში ქალზე ძალადობა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ გასათხოვარი გოგონები მწარედ ხუმრობენ, - ოჯახის შექმნა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ტოლფასიაო... უფლებადამცველები კი ცალსახად აცხადებენ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები ადრეც იყო, უბრალოდ გაშუქება არ ხდებოდა, რადგან დაზარალებულები მომხდარზე საუბარს თავს არიდებდნენ, ახლა კი ამ პრობლემას მეტი ყურადღება ექცევა. ჩვენი რესპონდენტი, 26 წლის ქალბატონი გახლავთ. რომლის ისტორია საზოგადოების ნაწლმა შესაძლოა იცის კიდეც - ის ქორწილის მეხუთე დღეს, მეუღლემ, მეუღლის ბიძამ და მეგობარმა, სტუმრების წინაშე სასტიკად სცემეს. მომხდარის დეტალებს გვიყვება დაზარალებული 26 წლის ლიკა, რომელსაც ფიზიკურად ეჭვიანობის გამო გაუსწორდნენ:

- სტუმრები გვყავდა და სუფრასთან ვისხედით. მეუღლე ოდნავ ნასვამი იყო და რაღაცაზე მომდო შარი. მერე ყვირილი დაიწყო, გაოცებულმა ვკითხე, - რატომ მიყვირი-მეთქი. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ერთი კვირის ცოლ-ქმარიც არ ვიყავით, თან სუფრასთან უცხოები ისხდნენ. ამის თქმა იყო, ბიძამისმა დამარტყა სახეში გაშლილი ხელი. მერე ჩემი ქმარიც აჰყვა და მისი მეგობარიც, რომელიც ალბათ სულ მეორედ მყავდა ნანახი. შემაგდეს ცალკე ოთახში და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სასტიკად მცემდნენ. მცემდნენ დაუნდობლად, ფეხებით შემდგნენ და ყვიროდნენ, რომ ჭკუას მასწავლიდნენ, რათა "წესიერად მოვქცეულიყავი..."

ცემის დროს, როგორღაც მობილური ტელეფონი მოვიხელთე და ჩემი ოჯახის ნომერი ავკრიფე, - მიშველეთ, მირტყამენ-მეთქი. მეუღლის ბიძამ ტელეფონი წამართვა, გამორთო და გამაფრთხილა, როგორც კი გიპასუხებენ, უთხარი, რომ ყველაფერი კარგად არის, თორემ ჩემი ხელით მოგკლავო. როგორც კი ოჯახის წევრებმა ზარს უპასუხეს, კიდევ ერთხელ დავიყვირე, - მიშველეთ, მირტყამენ-მეთქი... ამის შემდეგ, არ მახსოვს, კიდევ რამდენ ხანს მცემდნენ. საავადმყოფოში ტვინის შერყევით აღმოვჩნდი. ჩემს სანახავად, სრულიად უცხო ადამიანებიც მოდიოდნენ, - ხუთი დღის გათხოვილი გოგო კინაღამ ცემით მოკლესო...

- ვიცი, რომ ყოფილ ქმარს უჩივლეთ, რა თქვა მიზეზი, რის გამო გცემათ?

- თქვა, ნასვამი ვიყავი, ვიეჭვიანე და ვცემეო. შემდეგ ბოდიშებს იხდიდა და შერიგებას მთხოვდა, აღელვებული ვიყავი და თითქმის არაფერი მახსოვსო. გავოგნდი, რომელ შერიგებაზე მელაპარაკები-მეთქი... რა თქმა უნდა, ცოლად გაყოლამდე ვიცნობდი, მაგრამ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი, იმ ერთკვირიანი თანაცხოვრების შედეგად ჯანმრთელობა შემერყა და ფსიქიკა დამენგრა. ფსიქოლოგთან დავდივარ და თანდათან ვცდილობ, ცხოვრება გავაგრძელო. გავაგრძელებ კიდეც. სუსტი სქესის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო და საკუთარი გამოცდილებით ვურჩიო, - თქვენ არავის საკუთრება არ ხართ, თქვენ პირველ რიგში პიროვნებები ხართ და შემდეგ ცოლი და მეგობარი, ნუ მოითმენთ, ნუ ჩაყლაპავთ და ნუ გაჩუმდებით!..

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სასამართლომ მეუღლის ცემაში ბრალდებულ ქმარს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. მართალია, ქმარმა ცოლზე ძალადობის ფაქტი აღიარა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრა.

პ.ს. სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: შსს მონაცემების მიხედვით, სსიპ - "112"-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 2013 წლის პირველი იანვრიდან 30 დეკემბრამდე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებების საერთო რაოდენობამ 5 447 გამოძახება შეადგინა, აქედან 358 შემთხვევა იდენტიფიცირდა როგორც ოჯახში ძალადობა, ხოლო 212 შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ