"კანცელარიის წინ თავს დავიწვავ" - იპოთეკური სესხით გაწამებული ქალი თვითმკვლელობით იმუქრება - კვირის პალიტრა

"კანცელარიის წინ თავს დავიწვავ" - იპოთეკური სესხით გაწამებული ქალი თვითმკვლელობით იმუქრება

"ეს არის თაღლითთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც 500 ადმიანზე მეტი ჰყავს გამწარებული."

"ერთხელ უკვე მომკლეს, მაგრამ მკვდრეთით აღვსდექი. თუ ისე გაგრძელდა, რაღა აზრი აქ ჩემს სიცოცხლეს. დავიღალე, თუ ქართველის ცხოვრება საქართველოში აღარ შეიძლება, მირჩევნია, მოვკვდე და დავისვენო"

"ადამიანს აღარ ვგავარ, ყოველ 5 თვეში დანის ქვეშ ვწევარ, 15 ურთულესი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, საერთოდ, სასწაულია ცოცხალი რომ ვარ"

"რომ მცოდნოდა, აქციას "თავისუფალი ზონა" ატარებდა, პლაკატებს თავზე დავახევდი ყველას"

უკვე ათასებია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იპოთეკური სესხების გამო უძრავ-მოძრავი ქონება დაკარგა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადახდისუუნარო კრედიტორების ნაწილი ბინებიდან უკვე გამოასახლა, ნაწილი კი დღე-დღეზე ელოდება განაჩენის აღსრულებას. უთავშესაფროდ და ხშირ შემთხვევაში ულუკმაპუროდ დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი იმგვარ უიმედობაში ვარდება, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს. ქუთაისელმა ციცინო ხარაბაძე თავის დაწვა 2013 წლის 27 თებერვალს მაშინ სცადა, როდესაც ბინიდან მისი და მისი დის ოჯახის გამოსასახლებლად პოლიცია მივიდა. უმძიმესმა დამწვრობამ ჯანმრთელობა გაუჩანაგა, თუმცა გადარჩა და ისევ არსებობისა და სამართლის პოვნისთვის იბრძვის. ამბობს, რომ მისი ბრძოლა დღემდე ამაოა...

ციცინო ხარაბაძე:

- თაღლითობის, გაყალბების, შანტაჟის , მუქარის მსხვერპლი ვარ, ადამიანი სიკვდილამდე მიმიყვანეს, მაგრამ სამართალი დღემდე ვერ ვიპოვე. როცა თავის დაწვა ვცადე, ეს გადაწყვეტილება აფექტურად მიმიღია, სხვა გზა არ დამიტოვეს. იმდენი ვიბრძოლე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სრულ უიმედობაში ჩავვარდი. ჩემი მისამართით ყველა მუქარას გავუძელი, მაგრამ, როცა ჩემ ოჯახს მიადგნენ, ვიფიქრე, სჯობს მე მოვკვდე, ვიდრე ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი დავაზარალო-მეთქი. ახალი ხელისუფლების იმედი მქონდა, მაგრამ ახლაც ვერ ვპოულობ სამართალს. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე, ის ხალხი, ვინც ასე გამაუბედურა, აქეთ მიჩივის. ვითხოვ გამოიძიონ ჩემი საქმე აღდგეს სამართალი. უპირობოდ უნდა დამიბრუნდეს ოთხივე ბინა, რომელიც მოტყუებით და თაღლითობით წამართვეს. ეს თაღლითები ყველა უნდა დაისაჯოს და ისინიც, ვინც მათ მფარველობენ. ჩემთვის უკან დასახევი გზა ისევ არ არსებობს. ადამიანს აღარ ვგავარ, ყოველ 5 თვეში დანის ქვეშ ვწევარ, 15 ურთულესი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, საერთოდ, სასწაულია ცოცხალი რომ ვარ. თუ კვლავაც ასე უყურადღებოდ და უიმედოდ დავრჩი, გადაწყვეტილი მაქვს, რომ 15 იანვარს კანცელარიის წინ თავი დავიწვა. რადგან ერთხელ შევძელი და გადავისხი ბენზინი, ეს არც მეორედ გამიჭირდება... ბოლოს და ბოლოს დასრულდება ჩემი ტანჯვა და იქნებ, ჩემი სიკვდილით ამ ქვეყნას დ იმ ხალხს მაინც ეშველოს რამე, ვინც ჩემსავით გაუბედურებული ეძებს სამართალს და ვერ პოულობს. ერთხელ უკვე მომკლეს, მაგრამ მკვდრეთით აღვსდექი. თუ ისე გაგრძელდა, რაღა აზრი აქ ჩემს სიცოცხლეს. დავიღალე, თუ ქართველის ცხოვრება საქართველოში აღარ შეიძლება, მირჩევნია, მოვკვდე და დავისვენო.

- ქალბატონო ციცინო, ამასწინათ "თავისუფალი ზონის" აქციაზე გამოჩნდით, იქ როგორ მოხვდით?

- სრულიად შემთხვევით. რომ მცოდნოდა, აქციას "თავისუფალი ზონა ატარებდა", პლაკატებს თავზე დავახევდი ყველას. კანცელარიაში მივდიოდი ახალი წერილი უნდა შემეტანა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, მამიდაჩემთან ვცხოვრობ დროებით, დავინახე შეკრებილი ხალხი და ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხრეს, იპოთეკარების აქციააო და მივედი. რომ მცოდნოდა იქ "თავისუფალი ზონის" აქცია იყო, მაგ გარეწერებთან როგორ გავჩერდებოდი... მაგათ დამღუპეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ გამაჩანაგა. საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი, ქუთაისში სალონი და მაღაზია მქონდა, ამიტომ ბუნებრივია მიხდებოდა ბანკთან თანამშრომლობა, 10 წელი ერთ-ერთი ბანკი VIP კლიენტი ვიყავი. 12 წელია მარტოხელა, ქმარსგაშორებული ქალი ვარ და ვერავის ვერ მივცემდი თავში წამორტყმის და ჩემი შვილის დაჩაგვრის უფლებას. ამიტომ ჩემი საკუთარი ფართით და საკუთარი სალონით ჩვეულებრივ ვახერხებდი სესხის დაფარვას. შვილის გადასარჩენად იძულებული გავხდი საქმე კერძო პირთან დამეჭირა და მევახშისგან ამეღო ვალი...

- სესხი ისევ ბანკიდან რატომ არ გამოიტანეთ?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის ბანკთან თანამშრომლობა მერჩია მევახშესთან ურთიერთობას, იმ ბანკმა, სადაც ვალი მქონდა აღებული, კრედიტზე უარი მითხრა, უარით გამომისტუმრეს სხვა ბანკებმაც, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი ქონება ჩამედო. ახლა ვეჭვობ, რომ ვიღაცამ დამიგო მახე...

- რას გულისხმობთ?

- ეს ამბავი უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო. მიშა სააკაშვილმა მოსკოვიდან ჩამოიყვანა ქართველი მილიარდერი მანანა გოგლიჩიანი, სასტუმრო "ბაგრატის" მფლობელი. კაცმა არ იცის, როგორ შეისყიდეს ის ტერიტორია, სადაც ახლა ეს სასტუმროა. მიივთისეს საუკუნის მუსიკალური სასწავლებლის შენობა. სწორედ იმ ტერიტორიაზე იყო ჩემი სალონი და ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებს. ამას დაემატა ისიც, რომ დავუპირისპირდი "ნაციონალებს" და მთელი ძალით ვიბრძოდი მათ წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ როცა გამიჭირდა, მიზანმიმართულად მომიჭრეს ყველა ბანკის გზა და კერძო მევახშეც მათ გამომიგზავნეს. ეს არ იყო უბრალო ხალხი, ვისაც ჩემთვის სალონისა და მაღაზიის წართმევა სურდა. როგორც ჩანს, მათ გზაზე ვეღობებოდი, ამიტომ სასტიკად გამისწორდნენ. ეს არის თაღლითთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც 500 ადმიანზე მეტი ყავს გამწარებული. ხელში მიჭირავს ყველა საბუთი, ყველა მტკიცებულებ , როგორ აყალბებდნენ ხელმოწერებს სხვა და სხვა დოკუმენტაციას. მევახშე მიხეილ კალაჩიანმა ერთ-ერთი სასამართლო მოსმენის დროს ისიც კი აღიარა, რომ ხელმოწერა გააყალბა და ვინმე ხატია ამყოლაძის მაგივრად მოაწერა ხელი. როგორც კი მივხვდი, რომ რაღაც თაღლითობის მსხვერპლი ვიყავი, სასამართლო მივმართე, უნდა გენახათ რა ხდებოდა, ატყდა ტელეფონზე მუქარის ზარები. კუდი და სოდიც კი იყო ამაში ჩართული. მირეკავდა ეს კალაჩინი და მეუბნებოდა, _ აღსრულება, სასამართლო და პოლიცია ჩემია... ყველაფერი რაც გაგაჩნდა, ახლა ჩემიაო... იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობა აღდგებოდა. ელისო ჩაფიძემ პირადად მომინახულა დამწვრობის ცენტრში და დახმარებას აღმითქვა, მითხრა, ბინებიც დაგიბრუნდება და ყველა დაისჯებაო, თუმცა ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.. ვიცი, რომ ამ თაღლითებს მაღალჩინოსნები მფარველობენ, თუმცა ვერ ვიტყვი ვინ.

მერაბ ჭუმბურიძე (სპეციალურად საიტისთვის)