სოსო ჯაჭვლიანი: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საყდრისი ააფეთქო, ეგრე სად არის, ძმაო?! - კვირის პალიტრა

სოსო ჯაჭვლიანი: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საყდრისი ააფეთქო, ეგრე სად არის, ძმაო?!

"საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მომხდარი გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო დაისაჯოს."

"ამ პრობლემას სჭირდება სამეცნიერო დისკუსია, დიდი ინტელექტუალური რესურსი და არა ტრაქტორების ენით ლაპარაკი"

"მიხეილ სააკაშვილი ძეგლის სტატუსს ვერ მოხსნიდა, რადგან ეს მის მოვლეობებში არ შედიოდა"

"ამ დღეებში საყდრისში მოხდა აფეთქება, საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მომხდარი გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო დაისაჯოს." - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ "RMG Goldi" სამუშაოები გააგრძელა, საყდრისის გარშემო ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება. არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა სწორედ იმ მიდამოში, სადაც ოქროს მოპვების უძველესი მაღარო მდებარეობს. იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც მომხდარს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ საყდრისი აღარ არსებობს და ის ამ ხელისუფლების ნებით განადგურდა.

ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი:

- სიმართლე გითხრათ ველოდი იმას, რაც მოხდა, რადგანაც საყდრისის თემა უკვე 2012 წლიდან ჯანსაღი პროცესიდანაა ამოვარდნილი. ჯერ კიდევ იმჟამინდელმა კულტურის სამინისტრომ ვერაფრით დაინახა ეს რა მნიშვნელობის ძეგლია და როგორ უნდა მოხდეს მისი შენარჩუნება, ამიტომაც ეს თემა თავიდანვე გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში. ბოლო-ბოლოს გასაჯაროვდეს ყველა ის კვლევა, რაც დაახლოებით 10 წელი მაინც არის რაც მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ გავიგოთ რა ძეგლია საყდრისი და რა არის იქ გადასარჩენი. იქნება, იქაურობა უჩვენოდაც ინგრევა და მისი შენარჩუნება არ შეიძლება, ეს ყველაფერი ხომ უნდა ვიცოდეთ. სახელმწიფოს სწორედ ამის გარკვევაზე უნდა ეზრუნა, თუმცა.. რაღაც ეტპაზე კი ჩამოიყვანეს უცხოელი სპეციალისტები და რაღაც კვლევები ჩატარდა, მაგრამ მაშინვე უნდა ყოფილყო გახსნილი საინფორმაციო ველი, რათა გაგვეგო რა მოიპოვეს, რა ნივთები აღმოაჩინეს, იქ მოცემულია ჩვ.წ. აღრიცხვამდე კონკრეტული საუკუნის რეალობა თუ მხოლოდ რამდენიმე წლის წინანდელი ვითარებაა შენარჩუნებული?..

- ბევრი წერს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა საყდრისს ძეგლსი სტატუსი...

- ეგ უზუსტობაა, იმიტომ. რომ მიხეილ სააკაშვილი ძეგლის სტატუსს ვერ მოხსნიდა, რადგან ეს მის მოვლეობებში არ შედიოდა, სტატუსი მოხსნა კულტურის მინისტრმა. კანონის შესაბამისად, პრეზიდენტი მხოლოდ აზუსტებს ობიექტის კატეგორიას, ამიტომ ჯერ მოიხსნა სტატუსი და შესაბამისად, გაუქმდა კატეგორიაც, რადაგნაც როცა ძეგლი არ არის, აღარ არსებობს მისი კატეგორიაც. სტატუსი 2013 წლს მირიანე ოდიშარიამ მოხსნა. ვფიქრობ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2012 წელს კონსერვაციისა და განვითარების გეგმა უნდა შეემუშავებინა. ამას მეც ვურჩევდი ბატონ მირიანეს და მის მოადგილეს, მაგრამ დღემდე ასეთი გეგმა არ არსებობს, ამიტომაა კითხვების ორომტრიალი და ქაოსი. ამ ხელისუფლებასმ სხვა ძალიან ბევრ მინუსთან ერთად, ესეც დიდ მინუსად ჩაიწერა. სახელმწიფოს რომ მოეწვია ექსპერტები, და ეკითხა რჩევები, დღეს ჩიხური მდგომარება არ იქნებოდა და გამოსავალი მოიძებნებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლება გამოსავლის მოძებნა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ თემაზე ფართო სამეცნიერო საზოგადოების შეკრება. ამ პრობლემას სჭირდება სამეცნიერო დისკუსია, დიდი ინტელექტუალური რესურსი და არა ტრაქტორების ენით ლაპარაკი.

ვცადეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციაც გაგვეგო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა დიდმა უმრავლესობამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ვინც გვიპასუხა, მათმა დიდმა ნაწილმა გვითხრა, რომ საკითხის დეტალებს არ იცნობდა. ერთადერთი, ვინც კომენტარზე დაგვთანხმდა, დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია:

- როგორც ვიცი, საკითხზე, საყდრისზე სამუშაო უნდა გაგრძელებულიყო, თუ - არა, ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა გამოტანილი, შესაბამისად, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდეს და შენ საყდრისის აფეთქება დაიწყო, ეგრე სად არის, ძმაო?! დავიჯერო ერთ-ორი დღე წყვეტდა ყველაფერს?! დაელოდე პასუხს და თუ ასაფეთქებელია, მერე ააფეთქე რა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავიგოთ, რომ ასე ხელაღებით ყველაფერზე ხაზის გადასმა არ შეიძლება. დასხდნენ კომპეტენტური ადამიანები, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს არის თუ არა საყდრისი ძეგლი. ამის გარკვევა აუცილებლად უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ამის მერე უნდა გადაეწყვიტათ აეფეთქებინათ, თუ - არა. თუ ის მართლაც არაა ძეგლი, კი, ბატონო, რაზეა ლაპარაკი ,ააფეთქე, მაგრამ როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ძეგლია, გამოიკვლიე, დაშავდება ამით რამე?! თუ წარსულს დაივიწყებ, მომავალი არასოდეს გექნება. ამხელა სჯა-ბაასი მიდის ამ თემის ირგვლივ რახანია და ასე მოულოდნელად ვითარების გამწვავება და ხალხის გაღიზიანება როგორ შეიძლება.

- როგორც ცნობილია, კულტურის მინისტრის გადაწყევტილებას მოყვა საყდრისში მუშაობის განახლება..

- ახლა საპარლამენტო მოსმენა იქნება, სადაც მოიწვევენ მინისტრსაც და სხვა კომპეტენტურ პირებსაც. რომლებმა კეთილი უნდა ინებონ და აგვიხსნან რა ხდება. ყველაფერი უნდა გაირკვეს, თორემ ხომ არ შეიძლება, ხალხი სულ გაცოფებულ მდგომარეობაში ამყოფო. თუ მართლაც ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლია საყდრისი და იქ უკვე მოხდა აფეთქება, გამოდის თავზე დაგვაქციეს ყველაფერი?! ვიმეორებ, თუ ეს ასეა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს!

- რატომ ვერ აღმოჩნდა სახელმწიფო ქმედითი?

- მე კი არ ვამტკიცებ რამეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით რომ ყველა ელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. აფეთქებით ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით და რა უნდა გაგვკეთებინა?! სამწუხაროდ, აფეთქებულს უკან ვერ დავაბრუნებთ. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ და ქვეყანაში სწორედ იმიტომაა კანონი, რომ მას უნდა დაემორჩილოს ყველა. თავის წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ზღოს, თუ ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ ეს ასეა, თუ ეგეთი სახელმწიფო არ მოგვწონს, უკვე სხვა საკითხია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)