უსინათლო მთამსვლელი ევერესტზე ასვლას აპირებს - კვირის პალიტრა

უსინათლო მთამსვლელი ევერესტზე ასვლას აპირებს

"თვალები არ მაქვს, პროტეზი მიკეთია. სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით. გამორიცხულია, ოდესმე თვალისჩინი დამიბრუნდეს"

"თუ ადამიანს არ აქვს თვალისჩინი ან თუნდაც კიდური, არ შეიძლება მისი გარიყვა... ჩვენ ჩვეულებრივები ვართ... მინდა, საზოგადოებაში ვიყოთ არა "ისინი" და "ჩვენ", არამედ ჩვენ, ყველა ერთად"

მე და დათო ყვირილიანი კურსელები ვიყავით. ერთი კვირის დაწყებული გვქონდა სწავლა, როდესაც ლექციაზე შავსათვალიანი ბიჭი შემოვიდა. ყველას გაგვიკვირდა სათვალე ლექციაზე, თუმცა მალევე ლექტორს ბოდიში მოუხადა და სათვალის ტარების მიზეზი განმარტა: "უსინათლო ვარ და სათვალეც ამიტომ მიკეთიაო". როგორც სტუდენტობისას, ახალაც უმთავრეს პრობლემად ბრაილის შრიფტით გამოცემული წიგნების ნაკლებობას მიიჩნევს. ახლა უკვე აქვს საშუალება, აუდიოლიტერატურას უსმინოს, მაგრამ 2003 წელს, როდესაც ჩააბარა, ასეთი კომფორტი მისთვის უცხო იყო: "მიწევდა ლექტორის ახსნილი დამემახსოვრებინა, ან სახლში ჩემი ახლობლები მიკითხავდნენ მასალებს". დათო 8 წლამდე მცირედ მხედველი იყო. გლაუკომა ჰქონდა. 8 წლის ასაკში თვალის წნევის გამო გუგები გაუსკდა: "თვალები არ მაქვს, პროტეზი მიკეთია. სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით. გამორიცხულია, ოდესმე თვალისჩინი დამიბრუნდეს". დათო სხვისი დახმარებით გადაადგილდება, მაგრამ თუ ნაცნობი ადგილია, თეთრი ხელჯოხის დახმარებით დადის. ის გიდების დახმარებით გახდა პირველი უსინათლო ქართველი, რომელმაც მწვერვალი, კონკრეტულად კი მყინვარი, დალაშქრა.

დათო ყვირილიანი:

- არის ასეთი კრეატიული სტუდია IGeo, რომელმაც დაგეგმა ეს ლაშქრობა. ერთ დღეს სტუდიის ხელმძღვანელმა მკითხა, მნიშვნელოვანს რას გააკეთებდიო, მეც ვუთხარი რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა შშმ პირები მიხვდნენ, რომ ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება. გადავწყვიტეთ, მყინვარწვერის დალაშქვრა. ძალიან რთული იყო, მაგრამ გადავლახეთ ყველა სირთულე. ძალიან მაგარი მეგზურები შემხვდნენ, თუ რამე წინაღობა იყო იმაზე რთულად აღმიწერდნენ ვიდრე იყო, რათა ჩემთვის რამე მოულოდნელი არ ყოფილიყო და ფსიქოლოგიურად მზად ვყოფილიყავი. მწვერვალზე რომ ავედი, კლდეებზე ქვების ცვენის ხმა მესმოდა და ამან შემაძრწუნა, რადგან მესმოდა ხმები, თუმცა ვერაფერს ვხედავდი, ძალიან უსიამოვნო განცდა იყო.

მსოფლიოში უკვე არსებობს უსინათლოს მიერ მწვერვალის დაპყრობის მაგალითები, მაგრამ საქართველოში დათო პირველია. როდესაც მისი გადაწყვეტილება გაიგეს, ყველა ეკითხებოდა, გააზრებული ჰქონდა თუ არა, რამხელა რისკზე მიდიოდა. ეჭვებს ისიც აძლიერებდა, რომ წელიწადნახევრით ადრე დათოს კარი და ფანჯარა აერია, მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაიმტვრა. ამიტომ ეშინოდათ, დათოს მოტეხილი ფეხი თუ გაუძლებდა მთის დატვირთვას.

"საბედნიეროდ არავითარი პრობლემა არ შემქმნია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის დამენახვებინა, რომ თუ ადამიანს არ აქვს თვალისჩინი, ან თუნდაც კიდური, არ შეიძლება მისი გარიყვა. სწორედ ეს იყო ამ ექსპედიციის მიზანი. მინდა საზოგადოებაში ვიყოთ არა "ისინი" და "ჩვენ", არამედ ჩვენ, ყველა ერთად". – ამბობს დათო.

დათო ამჟამად უსინათლოთა კავშირში მუშაობს, დევნილთა განყოფილების ხელმძღვანელია. ცდილობს ყველასთან გულისხმიერი იყოს და დევნილებს, რომლებსაც უამარვი პრობლემა აქვთ, მაქსიმალურად დაეხმაროს. არ უყვარს, როდესაც ვინმე იცოდებს. თვლის რომ ადრე უფრო ხშირი იყო ამის ფაქტები, მაგრამ დღესაც არაა იშვიათი მოვლენა:

"ჩვენ, უსინათლოებს, არაფერი გვაქვს შესაბრალი. ჩვენ ჩვეულებრივები ვართ და თუ ვერ ვხედავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რამით განვსხვავდებით სხვებისგან". სახელმწიფოს მხრიდან დახმარება თითქმის არ აქვს, მხოლოდ პენსიას იღებს. თუმცა მხნეობას ერთი წამითაც არ კარგავს: "მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება!" – აცხადებს საკუთარი თავის რწმენითა და მომავლის იმედით აღსავსე, მამაცი კაცი, რომელიც მალე ისევ აპირებს მთებში წასვლას, რათა კიდევ ერთხელ დაიპყროს მწვერვალი და ყველას დაანახოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. საბოლოო მიზანი კი, როგორც თავად აცხადებს, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი - ევერესტია.

ლადო გოგოლაძე

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ