"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს - კვირის პალიტრა

"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს

"ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც..."

"დიდი ხანია ჩვენ არავის გავხსენებივართ და არ გვიწვევენ უწმინდესობის სანახავად. არ ვიცი, რა ნიშნით ახდენენ ფერეიდნელების დიფერენციაციას"

"დედა ვარ, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლო. ქვეყნაში არაფერი იცვლება, ადამიანებს კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება და საშველი არ ჩანს"

"უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩავბარდები ნებისმიერ ქვეყანას ჩემი მეუღლე ფერეიდნელი ქართველი, არც საპატრიარქოს ყურადღებას იმსახურებს, არადა, თუ ვინმეს ჭირდება ეკლესიის თანადგომა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მათგან ერთ-ერთი ჩვენი ოჯახია"... ეს სიტყვები ჟურნალისტმა ნათია ნოდიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა... ვითარების გასარკვევად ნათიას დავუკავშირდით.

- ნათია, იქნებ, მოგვიყვე რამ მიგიყვანა ასეთ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე?

- მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს საქართველო. ვიცი, ძალიან გამიჭირდება ემიგრანტობა, მაგრა ჩემი ოჯახის გადასარჩენ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. დედა ვარ, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლო. ქვეყნაში არაფერი იცვლება, ადამიანებს კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება და საშველი არ ჩანს. ასევე მიყვარს ჩემი მრწამსი, თავს გავწივარ მართლმადიდებლობისთვის, ოღონდ არ მინდა ჭეშმარიტი მამები "ტაბურეტიანებმა" დაჩაგრონ და დაჩრდილონ. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს, მე მხოლოდ ცოტაოდენ ყურადღებას ვითხოვ. ეს სიტყვები ჩვენი ხელისუფლების უუნარობამ დამაწერინა

შეიძლება ითქვას, რომ ირანიდან სარწმუნოებრივ ნიადაგზე ვართ დევნილები. აგერ ოთხი წელია, რაც ფერეიდნელ ქართველზე დავქორწინდი. ორი შვილი მყავს - გოგონა 2 წლისაა, ვაჟი კი 10 თვის. ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც... არათუ გვეხმარებიან, პირიქით, ახლობლები მეუღლეს აყვედრიან - რატომ წახვედი, რატომ გვიღალატეო? დარეკვითაც კი არ გვკითხულობენ. მათი იმედი დიდ ხანს მქონდა. მერე თანდათან ლოგიკურად ჩამოყალიბდა სურათი, რომ მათ რძლად არ მივაჩნივარ. არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ჩემი შვილების მიმართ. ზუსტად ვიცი, ჩემი სარწმუნოების გამო ხდება ეს, არაერთხელ წამოსცდენიათ, რომ "ურჯულო" ვარ. ჩემი ქმარიც ამ მიზეზით მოიკვეთეს.

- მეუღლე საქართველოში რას საქმიანობს?

- მეუღლე ამჟამად უმუშევარია. ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ ყურის ოპერაციის შედეგად დაკარგა სმენა და შესაბამისად, სამსახურიც. ფერეიდნელები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და სცადა ფიზიკური ემუშავა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. წლების წინ, ირანში კისტა ამოაჭრეს ფილტვზე, რის გამოც ფიზიკურ დატვირთვას ფილტვები ვერ უძლებს. ოჯახში მხოლოდ ვარ შრომისუნარიანი. ერთ-ერთ გაზეთში შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობ, თუმცა მიზერულ ანაზღაურებას ვიღებ. უმადური არ ვარ და ამ რედაქციისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თუმცა ამ თანხით ერთი კვირის სარჩოსაც ვერ ვყიდულობთ. წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრანტი ვარ. ვცხოვრობ სხვის ბინაში. რამდენიმე თვეა უკვე ვერ ვიხდი ქირას, იძულებული გავხდი ახლობლის ბინაში გადავსულიყავი, თუმცა მისი დაცლაც მალე მომიწევს. არ გვაძლევენ სოციალურ შემწეობას. ისიც არ ვიცი, დაგვინიშავენ თუ არა მეუღლის კუთვნილ პენსიას. ორმაგი მოქალაქეა და ირანიდან ითხოვენ ცნობას, არიქა, იქ ხომ არ იღებს შემწეობასო.

- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქო რატომ ახსენეთ?

- მოგეხსენებათ, ფერეიდნელი ქართველები პატრიარქს განსაკუთრებულად უყვარს. მათ აქვთ ბედნიერება უწმინდესთან ერთად იტრაპეზონ, თუმცა დიდი ხანია ჩვენ არავის გავხსენებივართ და არ გვიწვევენ უწმინდესობის სანახავად. არ ვიცი, რა ნიშნით ახდენენ ფერეიდნელების დიფერენციაციას. ამ რამდენიმე კვირის წინ, ფერეიდნელი დაქორწინდა და უწმინდესს უნდა დაელოცა, ვერც იქ მოვხვდით. პასუხად გვითხრეს, სამხიარულო სიტუაცია იყო და ვერ მოხვიდოდითო. რა პასუხი ახლა ეს?! დღეს, საქართველოს პოლიტელიტას არ რცხვენია ერთმანეთთან ქიშპობა იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ უკეთ უგორებს კოჭს დასავლეთს, ვინ მეტად აგინებს რუსეთს და ასე აყრიან საზოგადოების თვალებში ნაცარს. ვიცი, ემიგრაციაშიც ძალიან გამიჭირდება, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ალბათ ვიღაც იტყვის, - წადი, თორემ დედა ენა არ დაკარგოს საქართველომო, მეც ვიცი, არ დაკარგავს, ოღონდ მე და ჩემ მეუღლეს გვინდოდა ჩვენს შვილებს სამშობლო და დედაენა არ დაეკარგათ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)