რატომ შეჩერდა, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობა?! - კვირის პალიტრა

რატომ შეჩერდა, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობა?!

"ამ სახლის საბუთებზე სირბილში, დედას გზაში გული გაუსკდა და დაიღუპა, სახლის მშენებლობა შეწყვიტეს და თავდაცვის სამინისტროში მიზეზსაც არ გვეუბნებიან"

"გიორგი ანწუხელიძის ოჯახს 2014 წლის თებერვლიდან დღემდე სამინისტრო დაეხმარა 46 ათასი ლარით, მათ შორის ბოლო გადარიცხვა 15 000 ლარის ოდენობით განხორციელებულია 20 ნოემბერს, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების შემდეგ."

როგორც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები ამბობენ, მათი სახლის მშენებლობა კიდევ ერთხელ შეჩერდა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზი შეიძლება უამინდობა იყო და უწყების მხრიდან დაფინანსების პრობლემა არ არსებობს, სხვას ამბობს გიორგი ანწუხელიძის და ხათუნა ანწუხელიძე. გიორგის დედა ამ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ქალბატონმა ლილიმ, გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნის წინ, იმ სახლის სახურავის შეკეთება, რომელშიც მულთან ერთად ცხოვრობდა, მოკრძალებულად ითხოვდა. 2008 წლის ომის შემდეგ, გიორგის მამაც მალევე გარდაიცვალა. მისი ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობდა, დედა კი, იმიტომ, რომ რძალი და შვილიშვილები ისედაც ვიწროდ იყვნენ, სოფელში დარჩა და ქვემო ალვანში თავისი მულის, ეთერ ანწუხელიძის სახლში ცხოვრობდა. სახლი, რომელშიც გიორგი გაიზარდა, წლების წინ დაეწვათ. ქალბატონი ლილი იმასაც ყვებოდა, რომ გიორგის ოცნებად ჰქონდა მისი ბავშვობისდროინდელი, დამწვარი სახლის აღდგენა. იმიტომაც წავიდა ჯარში, რომ მამიდისა და თავისი სახლი აღედგინა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო... შვილის დაღუპვის შემდეგ, საქმის გაგრძელება დედამ იტვირთა, თუმცა მანაც ვერ მოახერხა შვილის სურვილის ასრულება. სახლის აღდგენა ქალბატონი ლილის სიცოცხლეში დაიწყეს, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში წამებით მოკლული 23 წლის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეწყვიტა. "საბუთებზე სირბილში, დედას გზაში გული გაუსკდა და დაიღუპა, სახლის მშენებლობა შეწყვიტეს და თავდაცვის სამინისტროში მიზეზსაც არ გვეუბნებიან." - გვითხრა გიორგის დამ ხათუნა ანწუხელიძე. ამ საკითხთან გასარკვევად თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლალი გალუმაშვილმა განვიმარტა, რომ მშენებლობა არ შეჩერებულა და ოჯახი შეცდომაშია შეყვანილი: "გიორგის დედის გარდაცვალების დროისთვის მხოლოდ სახლის საძირკველი არსებობდა, დანარჩენი სამშენებლო სამუშაოები კი მას შემდეგ გაგრძელდა. ამ დროისთვის ერთსართულიანი სახლის კედლები აშენებულია... გიორგი ანწუხელიძის ოჯახს 2014 წლის თებერვლიდან დღემდე სამინისტრო დაეხმარა 46 ათასი ლარით, მათ შორის ბოლო გადარიცხვა 15 000 ლარის ოდენობით განხორციელებულია 20 ნოემბერს, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების შემდეგ." -განაცხადა მან.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან საუბრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით გიორგის ოჯახს.

ხათუნა ანწუხელიძე, გიორგის და:

- ძალიან მრცხვენია, რომ ჩვენი სახლის პრობლემა არა და არ დასრულდა, მრცხვენია მუდმივად ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იმდენს ნიშნავდა ეს სახლი ჯერ გიორგისთვის, შემდეგ კი დედიკოსთვის, რომ მართლა არ მინდა უკან დავიხიოთ, თუნდაც, იმიტომ, რომ მამიდას, რომელმაც მთელი ცხოვრება მე და გიორგის მოგვიძღვნა, საცხოვრებელი არ აქვს...

- ხათუნა, ანუ მშენებლობა შეჩერებულია?

- დიახ, უკვე თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც შეჩერებულია. მიზეზი არ ვიცით და თუ თავდაცვის სამინისტრომ თანხის ჩარიცხვაზე ლაპარაკობს, გეტყვით ეს ფული რაში დაიხარჯა. პირველი ეტაპზე 18 ათასი ლარი ჩაირიცხა, რათა მამიდაჩემის ორსართულიანი სახლის რეაბილიტაცია მომხდარყო, დაიწყეს კიდეც, მაგრამ გადახურვაზე რომ მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ კედლების მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, გადახურვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თბილისდან ჩამოიყვანეს სპეციალსიტები და გადაწყვიტეს, რომ ეს ძველი სახლი დაენგრიათ და ახალი ერთსართულიანი სახლი აეშენებიათ. ახმეტის რაიონშივე შეადგინეს პროექტი, როგორც ვიცი, პროექტის ავტორმა ფული არ აიღო. ამის მერე დაიწყეს მშენებლობა, რაშიც 14 ათასი ლარი დაიხარჯა, დანარჩენი 4 ათასი ლარი, სახლის მშენებლობის დაწყებამდე ძველი კედლების დანგრევასა და მოწმენდა-მოსუფთავებას მოხმარდა. სახლი თითქმის გადახურვამდეა მიყავნილი, მაგრამ სწორედ ახლა გაჩერდა მშენებლობა, როგორც ხელოსნებისგან ვიცი, სახლის დასასრულებლად კიდევ 3 500 ლარამდეა საჭირო, რაც არ გვაქვს.

- ხათუნა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლოს 15 ათასი ლარი ნოემბერში გადმორიცხეს...

- დიახ, დედას გარდაცვალების შემდეგ ჩაირიცხეს ეს თანხა, მაგრამ ეს დაკრძალვის ხარჯები იყო და მაგასაც თუ მშენებლობაში თვლიან, არ ვიცი...

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდა. მეომარი წამებისა და დაკითხვის შემდეგ ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა... დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომლშიც ჩანს ქართველი ჯარისკაცი არაადამიანურ წამებას, რა ვაჟკაცობით უძლებს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)