"ოსკარისთვის" ორი ქართული ფილმი იბრძვის - რას ფიქრობენ რეჟისორები საკუთარ და ერთმანეთის წარმატებაზე - კვირის პალიტრა

"ოსკარისთვის" ორი ქართული ფილმი იბრძვის - რას ფიქრობენ რეჟისორები საკუთარ და ერთმანეთის წარმატებაზე

"მსოფლიოდან ამ მოკლე სიაში ორი ქართული გვარია და ეს არის ყველაზე სასიხარულო... მე მანამდე "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებას ვესწრები, რადგან ნომინანტი ვარ"

"ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი აფხაზეთის თემის, ასეთ რანგზე გახმაურება, მნიშვნელოვანია. ვიცი, ძალიან დიდი ქვეყნები იბრძვიან ხოლმე, რომ მათი კანდიდატი როგორმე ოსკარის "შორთ ლისტში" მოხვდეს და უცებ ჩვენ პატარა ქვეყანა ორი ქართული ფილმით, ორი ქართული ისტორიით შევედით ამ სიაში"

"ვულოცავ საკუთარ თავსაც და გიორგი ოვაშვილსაც ოსკარების "შორთ ლისტში" მოხვედრას!!!!" - წერს რეჟისორი ზაზა ურუშაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე... ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში დასახელებული ფილმების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნა. ნომინაციაზე წარდგენილი ფილმებიდან სულ 9 ფილმია შერჩეული, რომლებიც "ოსკარისთვის" იბრძოლებენ. მათგან ორი ქართველი რეჟისორის ფილმია. ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ესტონეთმა წარადგინა, გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" კი - საქართველომ.

ჩვენ ორივე რეჟისორს დავუკავშირდით და წარმატება მივულოცეთ.

ზაზა ურუშაძე: - მადლობა მოლოცვისთვის, გულახდილად გითხრათ ველოდი, რომ "მანდარინები" ამ სიაში მოხვდებოდა, "ოქროს გლობუსის" ნომინაციიდან გამომდინარე ამის დიდი შანსი, თუმცა ის ფაქტი, რომ ორი ქართულ ფილმი გავიდა და ამ სიაში ორ ქართველი რეჟისორი გვარია, ქართული კინოსთვის უმნიშვნელოვანესია.

- მართლაც ძალიან სასიხარულოა. ვნახეთ, ერთმანეთს როგორ გულწრფელად ულოცავთ, მაგრამ გამოდის ერთმანეთის კონკურენტები ხართ...

- "ოსკარს" რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ სიაში ვინც შევედით, ცხრავე ერთმანეთის კონკურენტები ვართ. თუმცა ახლა ამას მნიშვნლობა არ აქვს, მსოფლიოდან ამ მოკლე სიაში ორი ქართული გვარია და ეს არის ყველაზე სასიხარულო... მე მანამდე "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებას ვესწრები, რადგან ნომინანტი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მოგეხსენებათ, წარდგენილი ხუთი ფილმიდან ყველას აქვს რაღაც შანსი. რაც შეეხება ოსკარს, მთელი მსოფლიოდან ძალიან კარგი ფილმებია შერჩეული და რთულია პროგნოზის გაკეთება თუ რომელი მოიპოვებს გამარჯვებას. ხომ იცით ოსკარის დაჯილდოებაზე ხშირად ძალიან მოულოდნელი რამეებიც ხდება... თუმცა რაც მოხდა, ეს უკვე ქართული კინის გამარჯვებაა...

გიორგი ოვაშვილი:

- ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, როგორც წესი, წინასწარ არაფერს მოველი ხოლმე...

- რატომ, თქვენს ფილმს "გაღმა ნაპირი" 50-ზე მეტი პრიზი ხვდა წილად?

- არც იმ პრიზებს ველოდი. ყოველთვის ჩემი საქმეებით უფრო ვარ დაკავებული, ვიდრე რაღაცის მოლოდინით. საერთოდ მოლოდინი არ მიყვარს ცხოვრებაში... ამ სიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი სიურპრიზია. ვფიქრობ, ეს ქართული კინოსთვის დიდი წარმატებაა და ადასტურებს, რომ ქართული კინოხელოვნება წინ მიდის.

- ძალიან სასიამოვნოა, რომ ოსკარის მოპოვებისთვის ქართველ რეჟისორებს შორის წავა კონკურენცია...

- ოფიციალურად 9 ფილმია სიაში, საიდანაც 5 უნდა შეირჩევა. იქ რასაც გადაწყვეტენ ყველასთვის მისაღები იქნება... კონკურენცია მესმის მაშინ, როდესაც სპორტული შეჯიბრია, როცა გავრბივრთ და ვცდილობთ ვიღაცას გადავასწროთ. ამ შემთხვევაში არანაირი მექანიზმი არ გვაქვს ერთმანეთის შეჯიბრების და ამიტომ კონკურენციაზე ნაკლებად ვისაუბრებდი. ეს არის ქართული კინოს აღიარება და ჩემთვის ეს ეტაპი ემოციურად უკვე დასრულდა, ამოცანა რაც იყო, ვფიქრობ, ამ ფილმმა უკვე შეასრულა.

- ორივე ფილმი აფხაზეთის თემაზეა...

- დიახ. ეს ფილმები რომ შეირჩა, ესეც უკვე რაღაც კარგზე მიუთითებს. ჩანს, რომ საქართველოში არსებულ პრობლემაზე მსოფლიოდან დიდი ყურადღებაა გადატანილი. ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი აფხაზეთის თემის ასეთ რანგზე გახმაურება, მნიშვნელოვანია. ვიცი, ძალიან დიდი ქვეყნები იბრძვიან ხოლმე, რომ მათი კანდიდატი, რომ ოსკარის "შორთ ლისტში" მოხვდეს და უცებ ჩვენ პატარა ქვეყანა ორი ქართული ფილმით, ორი ქართული ისტორიით შევედით ამ სიაში.

პ.ს. "კვირის პალიტრა" წარმატებას უსრვებს ქართულ ფილმებს და ზოგადად ქართულ კინოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)