"ვარდნისას ეკლესიას მოვკარი თვალი, - უფალო, დამეხმარე-მეთქი, მეტი არაფერი მახსოვს" - რა მოხდა გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში - კვირის პალიტრა

"ვარდნისას ეკლესიას მოვკარი თვალი, - უფალო, დამეხმარე-მეთქი, მეტი არაფერი მახსოვს" - რა მოხდა გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში

"უკან გასახედი არ მაქვს, უნდა ვიბრძოლო და წინ ვიყურო, მე ჩემს ლუკას ვჭირდები."

"მუზეუმის ეზოში მდებარე პატარა ხიდის მოაჯირზე ხერხემლით დავვარდი. ხერხემალში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მერე ინერციით წამოვედი და ბეტონის საფარს თავი დავარტყი"

"პროკურატურამ ეფექტიანი გამოძიება რომ ჩაატაროს და ეს ადამიანი დაზარალებულად ცნოს, მაშინ იოლი იქნება ამ ადამიანებმა სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ"

39 წლის თეა ბოლქვაძის ცხოვრება ვარიანში მომხდარმა ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა. წელს, 11 მაისს, თბილისის 72-ე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გორის რაიონ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ექსკურსიით სტუმრობდნენ. ვიდრე ბავშვები მუზეუმს ათვალიერებდნენ, მეორე სართულზე მყოფმა მშობლებმა სამახსოვრო ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს მოულოდნელად აივნის მოაჯირი ჩამოინგრა. დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან სამი მშობელი გადავარდა. ორმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო თეა ბოლქვაძე უმძიმესი მდგომარეობით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

გადმოვარდნის შედეგად თეამ მრავლობითი დაზიანებები მიიღო. უკვე შვიდა თვეა ქვედა კიდურებს ვერ ამოძრავებს. დამოუკიდებლად საწოლში გადაბრუნებაც კი არ შეუძლია. იმისათვის, რომ თეამ თუნდაც ეტლში გადაჯდომა მოახერხოს და დამოუკიდებლად თავის მოვლა შეძლოს, საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. "საქართველოში შესაძლოა ამ სპეციალისტების ცალ-ცალკე მოძიება, მაგრამ არ არსებობს სტაციონარი ან ამბულატორია, სადაც ეს გუნდი სრულყოფილია და კოორდინირებულად მუშაობს, რის გამოც მიზანშეწონილია ამ ტიპის პაციენტების რეაბილიტაციური მკურნალობა საზღვარგარეთ."- ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის დასკვნაში. თეას ოჯახს ეკონომიურად უჭირს და ძვირადღირებული სარეაბილიტაციო კურსის სახსრები არ გააჩნია. მას მეუღლე და ერთი შვილი - 7 წლის ლუკა ჰყავს. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სწორედ თეა იყო. ის გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობდა.

თეას პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და პენსია - 150 ლარი დაუნიშნეს, ამას ემატება დედის პენსია. სულ ეს არის მათი ოჯახის შემოსავალი. ოჯახის წევრები მარტოდ მაქსიმუმ 2-3 საათით თუ ტოვებენ. ამჟამად, თეა სპორტული მედიცინის ცენტრში ვარჯიშის კურსს კეთილი ადამიანების დახმარებით გადის. ამბობს, რომ წყალში ვარჯიშისას ფეხები ოდნავ აამოძრავა...

თეა ბოლქვაძე:

- ეს დიდი სულიერი ტრამვა იყო როგორც ჩემთვის, ასევე, ჩემი ოჯახისთვის, ფსიქოლოგის დახმარება დაგვჭირდა. სასწრაფოს ექიმად ვმუშაობდი, სულ მოძრაობაში ვიყავი და უცებ, 24 საათი საწოლს მიჯაჭვული ხდები. გვერდზეც კი დამოუკიდებლად გადაბრუნება არ შემიძლია. ჩემს წამოსადგომად სამი ადამიანია საჭირო, რომ წამომაყენონ, ჩამაცვან, ეტლში ჩამსვან. ამ 7 თვის განმავლობაში წოლის შედეგად სველი პნევმონია დამემართა. ჩემი მეუღლე ჩემს გამო ვერ მუშაობს, ჩემი მძღოლი გახდა, რეაბილიტაცის ცენტრში მივყავარ. დედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პენსიონერია, ფიზიკურად მუშაობის საშუალება არა აქვს.

- მომხდარს როგორ გაიხსენებთ?

- იმ დღეს ძალიან ბევრი ჯგუფი იყო, მუზეუმში იმდენად პატარა ოთახები იყო, რომ ბავშვები ვერ ეტეოდნენ. მეორე სართულზე ვიყავით, ბავშვები ქვემოთ ჩავიდნენ. რამდენიმე მშობელი აივანზე დავრჩით და სურათის გადაღება გადავწყვიტეთ. 7 თვის მერე აღვიდგინე, მოაჯირის გადატვრევის ხმა გავიგე, ერთი მშობელი გადავარდა, პირდაპირ წყალში ჩავარდა. ინსტიქტურად ხელი მოჰკიდა მის წინ მდგომს, რომელმაც მე მომკიდა ხელი. რადგან მის წინ ვიდექი. შორს გადავვარდი და მუზეუმის ეზოში მდებარე პატარა ხიდის მოაჯირზე ხერხემლით დავვარდი. ხერხემალში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ინერციით წამოვედი და ბეტონის საფარს თავი დავარტყი. შემდეგი მშობელი გადმოვარდა და გულ - მკერდზე დამეცა. მახსოვს, ვარდნისას, ვფიქრობდი, რა იქნებოდა შემდეგ. რომ გავიხედე, უკან ეკლესიას მოვკარი თვალი, უფალო, დამეხმარე-მეთქი. მეტი არაფერი მახსოვს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლით - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ზიანება გაუფრთხილებლობით აღიძრა.

გია აროშიძე, თეას მეუღლე:

- გამოძიებამ თეა დაზარალებულა არ ცნო, მიზეზად დაგვისახელეს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებაო. საქმიდან გამომდინარე ბევრი შეკითხვებია. საინჟრო - სასაქონლო ექსპერტიზა დაინიშნა, დასკვნა დადეს, მაგრამ უფლება არ მოგვცეს გავცნობოდით, რადგან მხარედ არ ვართ ცნობილი. ჩვენი მოთხოვნაა დადგინდეს რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არ მოხდა მოაჯირების შეკეთება. მუზეუმი დღესაც ფუნქციონირებს. კიდევ არის შანსი, რომ ასეთი უბედურება მოხდეს, რაც ჩვენ გადაგვხვდა.

თეა ბოლქვაძე:

- მუზეუმში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ჩემი ჯანმრთელობა შეგნებულად არ დამიზიანებია. შემთხვევა მოხდა, ამაში არავის ვადანაშაულებ, მაგრამ შემთხვევაზე გარკვეულწილად ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. ყველა სტრუქტურას მივმართეთ, დაწყებული პრეზიდენტიდან, ყველა ჯანდაცვის სამინისტოში გვამისამართებს, სამინისტრო კი დუმს. სამწუხაროდ, საქართველოში სტაციონალური რეაბილიტაციის კურსი არ არის. გერმანიიდან კლინიკა "მედიკპარკი"-დან თანხმობა და ინვოისი მივიღეთ, რეაბილიტაციის კურში დაახლოებით 35 ათასი ევრო ჯდება. ასევე, სომხეთშიც არის მსგავსი ცენტრი. ჩემთვის ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დამაფინანსონ და რეაბილიტაციის კურსი გავიარო. დიდ იმედებს მაძლევენ. უკან მისხედი დრო არ მაქვს, უნდა ვიბრძოლო და წინ ვიყურო, მე ჩემს ლუკას ვჭირდები. ჩემი სამსახური მენატრება, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ჩემი პაციენტები ახლაც მირეკავენ და კონსულტაციას მთხოვენ, რაც შემიძლია, ვეხმარები."

"კვირის პალიტრა" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა, რომელიც თეას საქმეს კარგად იცნობს: - "აღშფოთებული ვარ იმით, რასაც პროკურატურა ამ ოჯახთან მიმართებაში აკეთებს. არსებობს დაზარალებული ქალბატონი, რომელიც უძიმესი დაზიანების გამო ეტლს მიეჯაჭვა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია ის დაზარალებულად ცნოს. მუზეუმში უსაფრთოხების ზომები დაცული არ იყო. არ გაუფრთხილებიათ, რომ მოაჯირი შეიძლება გადმოვარდნილიყო. ადმინისტრაციის უმოქმედობის შედეგად კი დანაშაული მოხდა. სამოქალაქო საზოგადოება ამ ადამიანს გვერდით უნდა დაუდგეს. სახელმწიფომ ის მაინც გააკეთოს, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნოს. პროკურატურამ ეფექტიანი გამოძიება რომ ჩაატაროს და ეს ადამიანი დაზარალებულად ცნოს, მაშინ იოლი იქნება ამ ადამიანებმა სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ. ძაღლის თავი აქ არის დამარხული, პროკუროტურის უმოქმედობა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთში იკვეთება."

პ.ს. თეა ბოლქვაძის სახელზე ბანკში ანგარიშია გახსნილი, მისი დახმარების მსურველებს შესაბამის ტელეფონის ნომერზეც შეუძლიათ დარეკვა - 0901700419 ანგარიში გახსნილია თი-ბი-სი ბანკში. ანგარიშის რეკვიზიტები ლარში:

საბანკო კოდი: TBCBG22

მიმღები: თეა ბოლქვაძე

ანგარიშსწორების ანგარიში: GE50TB77 5694 5061 6000 03 ტელეფონის ნომერი: 558607772

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი