"რუსეთზე შეყვარებული გვერდწითელი რა მორალური უფლებით მღერის სიმღერას "ჰერიო ბიჭებო?" - კვირის პალიტრა

"რუსეთზე შეყვარებული გვერდწითელი რა მორალური უფლებით მღერის სიმღერას "ჰერიო ბიჭებო?"

"გვერდწითელს ვურჩევ, ჭკვიანი იურისტები აიყვანოს"

"მზად ვარ წარვსდგე სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება და რაც მთავარია, აფხაზეთში დაღუპული ბიჭების ხსოვნა"

"რუსეთისთვის ნამღერს თუ ნანობს, კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს , შემეშალაო, მაგრამ ის კიდევ დიდ გულზეა"

"არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარშიარის ხსენებული სიმღერა რუსეთზე - დუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად. უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ თბილისში და აუცილებლად ვუჩივლებ ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისათვის." – ეს განცხადება მომღერალმა თამარ გვერდწითელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დავით ოქიტაშვილმა გვერდწითელისა და პავლიაშვილის რუსეთზე შესრულები სიმღერის გამო, განაცხადა: "რომ მცოდნოდა, რომ ქალბატონი თამარ გვერდწითელი აღმერთებდა პუტინს და რუსეთს, მის ვარსკვლავს საქართველოში არ გავხსნიდი."

მოკლედ, გვერდწითელი იმუქრება, რომ დავით ოქიტაშვილს უჩივლებს, რომელიც ამბობს, რომ მზად არის დაიცვას ქვეყნისა და ხალხის ღირსება და არ ეშინია სასამართლოს წინაშე წარდგომის.

დავით ოქიტაშვილი:

- მზად ვარ წარვსდგე სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის ღირსება და რაც მთავარია, აფხაზეთში დაღუპული ბიჭების ხსოვნა. კიდევ ერთხელ ვუხდი ჩემს ხალხს ბოდიშს, რომ მცოდნოდა, თამარ გვერდწითელს 2005 თუ 2006 წელს, ეს სიმღერა ჰქონდა ნამღერი, ღირსეული ადამიანების გვერდით ვარსკვლავს არ გავუხსნიდი. ადრე რომ მცოდნოდა, ამას არ დავუშვებდი. რა პასუხი უნდა გავცე ადამიანს , რომელმაც ეს სიმღერა იმღერა? თუ ასე უყვარს რუსეთის მთები და რუსეთის მიწა, მაგას, აბა, რაღა უნდა ვუთხრა? ისე, საინტერესოა, რომელი სასამართლოს წინაშე უნდა წარვდგე, რუსეთის?

გვერდწითელს ვურჩევ, ჭკვიანი იურისტები აიყვანოს, რადგან რუსეთის მოქალაქეს არ აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქეს სასამართლოში უჩივლოს. ვიმეორებ, მზად ვარ დავიცვა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნა, ოღონდ ქალბატონმა თამარმა დააკონკრეტოს, რომელი სასამართლოში აპირებს ჩივილს.

როდესაც ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბული სიტუაციაა და ახლა ამბობს, რომ თურმე 2005 წლის შემდეგ ეს სიმღერა არ უმღერია, მაინტერესებს ერთი, 2005 წელს აფხაზეთი ჩვენი იყო? ამის შემდეგ რუსეთზე შეყვარებული გვერდწითელი რა მორალური უფლებით მღერის სიმღერას "ჰერიო ბიჭებო?!" რუსეთისთვის ნამღერს თუ ნანობს, კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს , შემეშალაო, მაგრამ ის კიდევ დიდ გულზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიიჩნევს, რომ კარგი საქციელი ჩაიდინა და სასამართლოში მიდის. ალბათ სასამართლოზე იტყვის, მართალი ვარ და კარგი ვქენი ეს სიმღერა რომ ვიმღერეო, რაც კიდევ უფრო  უარესი იქნება მისთვის."

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)