101 წლის ბესია პაპა: ჩემი ხნისა მოიყარეთ, შვილებო! - კვირის პალიტრა

101 წლის ბესია პაპა: ჩემი ხნისა მოიყარეთ, შვილებო!

"გამრავლდით და გაიხარეთ. გაძლიერდით და გააძლიერეთ ჩვენი ქვეყანა!"

საქართველოში ბოლო მონაცემებით, 1000-ზე მეტი ას წელს გადაცილებული მოქალაქე ცხოვრობს. ბესია პაპაც მათ შორის არის. მხნე მოხუცს 102 წელი 2015 წლის 15 მარტს უსრულდება, ახლა მისი ყოველი დაბადების დღე მთელი სოფლის დღესასწაულია. თავად ამბობს, რომ სიბერე ბოლო 3 წელიწადია იგრძნო, დარდობს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში შვილებს ვეღარ ეხმარება, თვალისჩინსა და მუხლში ძალას უჩივის. ბოლო ხანს დროდადრო მეხსიერებაც ღალატობს.

ბესარიონ ზარიძე 1913 წელს თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში დაიბადა, თუმცა, ბედმა მთელი მსოფლიო შემოატარა. მისი კბილა სოფელში აღარავინ არის, თუმცა, პაპებისგან მოყოლილი ამბებით სოფლის ახალგაზრდობამაც იცის, რომ ყმაწვილობისას განსაკუთრებული ძალით გამოირჩეოდა - სოფლის პირველი ფალავანი იყო და ყოველ სახალხო დღეობაზე სოფლის ღირსებას  იცავდაო. 28 წლისა დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. 1942 წელს ქერჩთან უმძიმესი ბრძოლებისას ტყვედ ჩავარდა.

"მამაძაღლმა ფაშისტებმა მთელი ევროპა ფეხით გადამატარეს", - ამბობს ბესია პაპა, რომელმაც ბელორუსია, პოლონეთი, გერმანია იძულებით გადაიარა და ბოლოს საფრანგეთში, საკონცენტრაციო ბანაკში 2 წელი გაატარა: "ქართველები ბევრნი ვიყავით. ფრანგები განსაკუთრებული პატივისცემით გვექცეოდნენ, ადრე ემიგრაციაში წასული ქართველებიც ცდილობდნენ ჩვენთან დაკავშირებას, თვითონ უჭირდათ ლუკმაპური, მაგრამ ცდილობდნენ ჩვენთვისაც რაღაც მოეწოდებინათ.

გონება აღარ შემრჩა, გვარ-სახელები აღარც თანამებრძოლების მახსოვს და არც იმ კეთილი ქართველების, ვინც სიკვდილს გადამარჩინა, აი, ფაშისტების სისასტიკეს კი არაფერი დამავიწყებს"...”

ომის დასასრულს, ბესია პაპას გადარჩენას მართლაც სასწაული შეიძლება დავარქვათ.

1944 წელს, როდესაც ფაშისტებმა დაინახეს, რომ მათი საქმე ცუდად იყო, ტყვეების დახვრეტა გადაწყვიტეს, რაც საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეებს ვიღაცამ შეატყობინა. "ქართველებმა ივაჟკაცეს და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას გააგებინეს, რას გეგმავდნენ გერმანელები, მოძრაობამ კი გადაწყვიტა თავს დასხმოდა ბანაკს და ტყვეები გაეთავისუფლებინა. ასეც მოხდა და მამა ასე გადარჩა", - გვიყვება ბესია პაპას შვილი და დასძენს, რომ ომიდან დაბრუნებული ბესია პაპა გერმანულად და ფრანგულად თავისუფლად ლაპარაკობდა.

საფრანგეთის ხსენებაზე ბესია პაპა იღიმის და თავისთვის ამბობს: "კარგი ხალხია ფრანგები, ძალიან კარგი... მაგარი ღვინო აქვთ და ლამაზი ქალები ჰყავთ".

როცა ბესია პაპას ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოზე ჩამოვარდება ლაპარაკი, მისი თანასოფლელები ამბობენ, - ჯიში აქვთ მაგათ ეგეთიო.

ბესია პაპას დედას 114 წელი უცოცხლია, მისი და-ძმებიდან მთლად ასი წლის არავინ მოყრილა, თუმცა, 90 წელს თურმე ყველამ გადააბიჯა.

- ბესია პაპა, ახალი წელია, რას უსურვებთ ახალგაზრდებს?

- ჩემი ხნისა მოიყარეთ,  შვილებო! გამრავლდით და გაიხარეთ. გაძლიერდით და გააძლიერეთ ჩვენი ქვეყანა!

ნათია დოლიძე