რა საერთო აქვს კრამიტს, ლამპის შუშას და სატანკო ჭურვს?! - "განსხვავებულები" - კვირის პალიტრა

რა საერთო აქვს კრამიტს, ლამპის შუშას და სატანკო ჭურვს?! - "განსხვავებულები"

ჩაფხუტზე მიმაგრებული ჭიქები

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთთან ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, სატანკო ჭურვს, "ტაშტ-ლახანკას," კრამიტს, ლამპის შუშას, კეცს, ლარნაკს, მათლაფას, მეხანძრის ქუდს, ყვავილის ქოთანს, სათბურას, ფიალას, შიბაქს, ბავშვის საწოვარასა და ღამის ქოთანს? ერთი შეხედვით არაფერი, თუმცა, ეს ყველაფერი ხშირად ქართული სუფრის განუყოფელი ატრიბუტია და განსხვავებული სასმისის ფუნქციას ითავსებს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები უკვე „ქართული“ ბრენდია. ვინ იცის, მომავალში შესაძლოა, ქართველმა თამადებმა მათი დაპატენტებაც მოითხოვონ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ქართველ თამადებს რომ ფანტაზია არასდროს ღალატობს, ამაზე სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები და ვიდეოებიც მეტყველებს. ეს კადრები ზესტაფონში 2010 წელს არის გადაღებული. ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ჩაფხუტზე მიმაგრებული ჭიქებით კოლეგების სადღეგრძელოს სვამენ. კონსტრუქცია რთული, თუმცა, კომფორტული გამოდგა - ორივე ჭიქა ერთმანეთთან წვრილი მილით არის დაკავშირებული. დალევის მსურველმა თავზე ჯერ ჭიქებმიმაგრებული ჩაფხუტი უნდა დაიფაროს, შემდეგ კი მთავარი მილიდან მოწრუპოს სასმიმისი.

ღარით შესმული ოჯახის სადღეგრძელო

ეს ამბავი დიდი ხნის წინ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახის ერთადერთ ვაჟს, რომელიც შინ რამდენიმე ათასი დოლარით დაბრუნებულა, სახლის კაპიტალური რემონტი დაუწყია. როდესაც სახურავი ახალი თუნუქის ფურცლებით გააახლეს, ოჯახის უფროსს შვილის  სადღეგრძელო სახურავიდან ჩამოშვებული საწვიმარ ღარში ჩასხმული ღვინით შეუსვამს. ამ ამბავს სამეგრელოში დღემდე იხსენებენ.

ორიგინალურად მირთმეული დედის სადღეგრძელო

კახეთში დღემდე სვამენ დედის სადღეგრძელოს ნაჭერგადაფარებული ჭიქით. უფრო რომ გავამარტივოთ, ინსტრუქციას მივყვეთ: ღვინით სავსე ჭიქას მაისურის ქვეშ, პირდაპირ გულთან ითავსებენ და დედის სადღეგრძელოს სვამენ. კრამიტით, ლამპის შუშით და ხილის ვაზით შესმული საღდეგრძელოები აქაც ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში.

სატანკო ჭურვით შესმული ჯარისკაცების სადღეგრძელო

არც პოლიტიკოსები ჩამორჩებიან უბრალო მოკვდავებს განსხვავებული“ სასმისების შესმაში. მაგალითად, ორი წლის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცების სადღეგრძელო სატანკო ჭურვით შესვა. ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში რეკორდული ნახვა ჰქონდა.

P. S. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი ის, რითაც ქართველები სუფრაზე თავს ვიწონებთ, თუმცა, ორიგინალურობით არაერთხელ გაგვიოცებია უცხოელი სტუმრები. სანამ საქართველოში ყურძენი იწურება და ქვევრები ღვინითაა სავსე, ქართულ სადღეგრძელოს დაკარგვა არ ემუქრება, განსხვავებულ სასმისებს კი, ალბათ, კიდევ ბევრი შეემატება.

თორნიკე ყაჯრიშვილი