"რომ გაუქმდეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან ოთხი ტელეარხის ტოქშოუები, რამე დააკლდება ქვეყანას?" - კვირის პალიტრა

"რომ გაუქმდეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან ოთხი ტელეარხის ტოქშოუები, რამე დააკლდება ქვეყანას?"

"სამწუხაროდ დღეს ქართველი ტელეჟურნალისტი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ნიშნავს ყროყინა, ვითომ ქართულით, თვალების ცეცებით მოსაუბრე, გაუნათლებელ, ცინიკურ ადამიანს."

"კომისიაში უნდა გაწევრიანდნენ ის პირები, რომელთაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ. არ ვიცი ვინ, მაგალითად, თუ თანახმა იქნებიან, ელიზბარ ჯაველიძე, კახი კავსაძე, ნებისმიერი მრავალშვილიანი დედა, ან დედები, თამაზ გამყრელიძე, რომელიმე დიდი მწერალი და მოაზროვნე, ვთქვათ თამაზ ჭილაძე"

ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, "დასავლური" არასამთავრობო სექტორი ყველა საკითხზე ერთიანი ფრონტით არ გამოდის, მაგრამ ეს ზიარჭურჭლით შეერთებული ერთი სექტაა," რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. "სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომლის თანახმადაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ნაწილი ქვეყნის მტრები არიან." - აცხადებს ლევან ვასაძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას და იმავე ინტერვიუში დასძენს: "გამოდის ამავე არასამთავრობი სექტორის პირმშო, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და იმის მაგივრად, რომ 330 ათასი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანისა და 10 ათასი გაწეწილი ბიზნესის ხელებდაკაპიწებული დამცველი იყოს, რაღაც სისულელეებს იძახის - საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ჩაგრავენო. ეტყობა ეს ადამიანი არასწორად უცქერს საქართველოს. შე კაი კაცო, ეგ რომ მართლა ასე იყოს, შენ ვინ აგირჩევდა ასეთ ქსენოფობიურ ქვეყანაში სახალხო დამცველად?" ლევან ვასაძე აუცილებლად მიიჩნევს ქვეყანამ მიიღოს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. "ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს იმ ტიპის საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ძირს უთხრის ოჯახს, ტრადიციას და წესიერებას." -აცხადებს ის.

მისივე ინიციატვაა, რომ ქვეყნაში შეიქმნას კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ეთიკური რეგულირების შესახებ, რომელსაც ფართო უფლებები ექნება. კითხვაზე, ვინ უნდა გაწევრდეს ამ კომისიაში, ვასაძე პასუხობს: "კომისიაში უნდა გაწევრიანდნენ ის პირები, რომელთაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ. არ ვიცი ვინ, მაგალითად, თუ თანახმა იქნებიან, ელიზბარ ჯაველიძე, კახი კავსაძე, ნებისმიერი მრავალშვილიანი დედა, ან დედები, თამაზ გამყრელიძე, რომელიმე დიდი მწერალი და მოაზროვნე, ვთქვათ თამაზ ჭილაძე"

ლევან ვასაძე აკრიტიკებს ტელევიზიებსაც: "სამწუხაროდ დღეს ქართველი ტელეჟურნალისტი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ნიშნავს ყროყინა, ვითომ ქართულით, თვალების ცეცებით მოსაუბრე, გაუნათლებელ, ცინიკურ ადამიანს, რომელიც მზადაა იკითხოს -""და რა არის წესიერება?"და "თქვენ რა უფლება გაქვთ გქონდეთ პრეტენზია რომ ეს იცით?" და ასე შემდეგ" - აცხადებს ბიზნესმენი და კითხულობს: "უნდა მეშინოდეს სიმართლის თქმის? მოდი, ვკითხოთ ჩვენ თავს, ხვალ რომ გაუქმდეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ძირითადი ოთხი ტელეარხის ტოქშოუები რომ დაიხუროს და იქაურობა "რკინის ცოცხით" გამოიხვეტოს, რამე დააკლდება ქვეყანას?"

იხ. ინტერვიუ