"მე მაგათ ფულს არ მივცემ" - ვინ და რატომ უჩივლა "სანოს სტუდიას" სასამართლოში - კვირის პალიტრა

"მე მაგათ ფულს არ მივცემ" - ვინ და რატომ უჩივლა "სანოს სტუდიას" სასამართლოში

"ბატონო ლევანმა 2009 წლის ბოლოს გაიგო, რომ დისკები უკანონოდ იყიდებოდა. ვითომ მასთან მეგობრობდნენ და მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს."

"ლევანი ჩემი მეგობარი იყო. ვძმაკაცობდით, სტუდენტობისას ერთადაც ვმღეროდით. როცა ვნახე , მითხრა დისკის ჩაწერა მინდა, ფული არ მაქვსო. შევთავაზე, გაგიკეთებ-მეთქი. 500 ცალი გავაკეთოთ, 250 შენ და 250 მე-მეთქი..."

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანსამბლ "წინანდალის" დამფუძნებლის მემკვიდრის სარჩელის განხილვა დაიწყო. "სანო სტუდიას" ანსამბლის სიმღერების უნებართვოდ ჩაწერასა და დისკების უკანონოდ რეალიზაციას ედავებიან. ამ ფაქტს სტუდიის დამფუძნებელი მერაბ სანოძე კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიმღერების ჩაწერაზე თანხმობა პირადად ანსამბლის ხელმძღვანელის, ლევან აბაშიძისგან მიიღო. მოსამართლემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა, პროცესი გადადო. თუმცა, "კვირის პალიტრასთან" საუბარში ორივე მხარე აცხადებს, რომ პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

ირაკლი უტიაშვილი, მოსარჩელეს ინტერესების დამცველი ირაკლი უტიაშვილი:

- " 1986 წელს, ბატონმა ლევან აბაშიძემ ანსამბლი "წინანდალი" ჩამოაყალიბა. ძალიან ცნობილი ანსამბლია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 2003 წელს "სანო სტუდიამ" უკანანოდ, აბაშიძის თანხმობის გარეშ ჩაწერა ანსამბლის სიმღერები. 500 ეგზემპლიარია. საქართველოში დისკის ფასი 25 ლარია, ხოლო საზღვარგარეთ 40-60 დოლარი. 2012 წელს "სანო სტუდიამ" ახლიდან ჩაწერა სიმღერები და  რეალიზაციაში გაუშვა, რაც უკანონობაა.

- 2003 წლიდან დღემდე დიდი დროა გასული, აქამდე რატომ არ უჩივლეს?

- ბატონო ლევანმა 2009 წლის ბოლოს გაიგო, რომ დისკები უკანონოდ იყიდებოდა. ვითომ მასთან მეგობრობდნენ და მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს. მალევე გარდაიცვალა და ჩივილი ვერ მოასწრო. თუმცა, გარკვეული შეკითხვები ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახი მორალურად და მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სასამართლოში სირბილის თავი არ ჰქონდათ. როცა სანოძესთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, აბაშიძის მემკვიდრეებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.

- რას ითხოვთ?

- 30 000-ლარიან კომპენსაციას და დისკების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას. თუ მხარეები შთანხმებას მიაღწევენ, მაშინ 10 ათას ლარს მოითხოვენ, თუმცა, სანოძემ მათ მხოლოდ 2 000 ლარი შესთავაზე, რაზეც მოსარჩელემ უარი თქვა. ვფიქრობ, რომ სასამართლო გააგრძელებს ამ სარჩელის განხილვას.

"კვირის პალიტრა" "სანო სტუდიის" დამფუძნებელს, მერაბ სანოძეს დაუკავშირდა:

- არანაირ დათმობებზე არ მივდივარ. ეს არანორმალური ხალხია, რაღაცეებს მაბრალებენ. ნუ დაწერთ ნურაფერს ამაზე, რა.

- ისინი ამბობენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე ჩაწერეთ მათი სიმღერები და რეალიზაციაშიც უნებართვოდ გაუშვით..

- ტყუილია! ლევანთან შეთანხმების გარეშე არაფერი მომხდარა. ლევანი ჩემი მეგობარი იყო. ვძმაკაცობდით, სტუდენტობისას ერთადაც ვმღეროდით. როცა ვნახე , მითხრა დისკის ჩაწერა მინდა, ფული არ მაქვსო. შევთავაზე, გაგიკეთებ-მეთქი. 500 ცალი გავაკეთოთ, 250 შენ და 250 მე-მეთქი... თქვენ საიდან გაიგეთ ეს ამბავი?

- ჟურნალისტი ვარ და საიდან გავიგე რა მნიშვნელობა აქვს?

- ჰოდა, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. მე დამნაშავე არ ვარ. ისინი ტყუიან. ეს თემა სალაპარაკო არ არის. ლევანის სახელს შეურაცხყოფენ. ლევანის სახელით ფული უნდათ იშოვონ, მე მაგათ ფულს არ მივცემ.

- მოსამართლემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა, რაიმე შეთანხმებას თუ მიაღწიეთ?

- არაფერ შეთანხმებას არ მივაღწიეთ. იმ დღესვე ვუთხარი, რომ სიმღერებს ჩაგიწერთ და გაიყიდება, თუ არ გინდათ კარგად იყავით-მეთქი. როცა იქნება, სასამართლო, იქნება.

სასამართლოში მორიგი სხდომა 13 მარტს გაიმართება.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)