ვინ ხსნის სტამბოლში კაფე "გალაკტიონს" და რატომ გადაწყვიტა პოეტმა მზარეულობა - კვირის პალიტრა

ვინ ხსნის სტამბოლში კაფე "გალაკტიონს" და რატომ გადაწყვიტა პოეტმა მზარეულობა

"სტამბოლში უძველესი დროიდან არსებობდა ქართული დასახლებები, რომელთაგან ერთ-ერთი გალათას კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა და რომელსაც ადრე თურმე "გურჯი ქაფი" (ქართველთა კარი) ეწოდებოდა."

"ამ იდეას ხორცს ვერც შევასხამდით, რომ არა აქაური ქართველის, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელის ერდალ ქუჩუკის (ელიზბარ ციმნარიძის) მხარდაჭერა"

ამ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - სტამბოლში ქართული კაფე, სახელად "გალაკტიონი" იხსნება. საიდან გაჩნდა იდეა და რატომ "გალაკტიონი," ამაზე კაფეს მეპატრნე, პოეტი ირაკლი კაკაბაძე გვესაუბრება:

- არც თუ დიდი ხანია, რაც ოჯახთან ერთად, სტამბოლში ვცხოვრობ და ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, ახალი ემიგრანტები ვართ. აქამდეც მჭიდრო ურთიერთობები მქონდა ამ ქალაქთან. ყოველთვის ვგრძნობდი, ქართული სამზარეულოს მიმართ აქაურების დიდ ინტერესს, შესაბამისად, კარგა ხანია ვფიქრობ, ამგვარი დაწესებულების გახსნაზე, მაგრამ ასეთი საქმის წამოწყებას, მოგეხსენებათ, უამრავი რამ სჭირდება, უპირველესად კი ფინანსური შესაძლებლობები, რაც ჩვენი ოჯახისთვის პატარა პრობლემა არ არის. მაინც გავრისკეთ და მოვკიდეთ ისეთ საქმეს ხელი, რომელიც გვაინტერესებდა და გვგონია, რომ კარგად გამოგვივა. თუ გამოგვივიდა, რასაც ვგეგმავთ, ეს იქნება ერთგვარი პატარა ოჯახური ბიზნესი. ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ, სტუმრებსაც ჩვენ თვითონ მოვემსახურებით, მთავარი მზარეული მე ვარ, ხოლო ჩემი მეუღლე ორგანიზაციულ საქმეებს უხელმძღვანელებს. ბუნებრივია, ყველაფერი გამომდინარეობს შინაარსიდან, გარემოდან და იქიდან, რა სივრცეში ვაკეთებთ საქმეს, ეს ადგილი დიდი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინეთ, გვსურდა სწორედ იმ უბანში გაგვეხსნა ქართული კაფე, სადაც ქართველები ისტორიულად ცხოვრობდნენ, ან რაიმენაირად უკავშირდებოდა საქართველოს. როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიცით, სტამბოლში უძველესი დროიდან არსებობდა ქართული დასახლებები, რომელთაგან ერთ-ერთი გალათას კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა და რომელსაც ადრე თურმე "გურჯი ქაფი" (ქართველთა კარი) ეწოდებოდა. სწორედ გალათას კოშკთან არის ჩვენი კაფეც "გალაკტიონი", რომლის სიმბოლოში, როგორც დიდი ქართველი პოეტი იგულისხმება, ასევე გალათას კოშკი და დიდი თურქი პოეტი და გამომგონებელი აჰმედ ჩელები, რომელიც თავისივე გამოგონილი ფრთებით გალათას კოშკიდან გადმოფრინდა. ძალიან პოეტური კაფე გამოგვდის, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მზარეულიც პოეტია.

- როგორ ფიქრობთ, ვინ იქნებიან თქვენი კლიენტები - ემიგრანტი და ეთნიკური ქართველები თუ თურქებიც?

- კაფე სტამბოლის ტურისტულ არეალშია და ბევრ უცხოელ სტუმარს ველოდებით, ასევე, რა თქმა უნდა, ველით ადგილობრივებს, მათ შორის აქ მცხოვრებ, წარმოშობით ქართველ მოქალაქეებს, რომელთა ხსოვნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი ბებიების სამზარეულო. ასევე სიხარულით ვუმასპინძლებთ ქართველ ემიგრანტებს, რომელთაც სამშობლო ენატრებათ.

- ცნობილი პოეტი ხართ, კაფეს სახელიც პოეტურია, ალბათ კაფე პოეტების თავშეყრის ადგილიც იქნება?

- თავიდანვე ასეც ჩავიფიქრეთ, რომ ჩვენი კაფე ჩვეულებრივი რესტორანი არ ყოფილიყო, სადაც მხოლოდ საჭმელად და კერძების სადეგუსტაციოდ მოვიდოდნენ ადამიანები, გვსურს ოჯახური, თბილი ატმოსფერო შევქმნათ, გარემო, სადაც სტუმრები დაისვენებენ, შეხვდებიან მეგობრებს, საინტერესოდ გაატარებენ საღამოს და დააგემოვნებენ გემრიელ კერძებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რომ ჩვენთან მოსულმა სტუმრებმა შეგვიყვარონ. ვეცდებით არ ვიყოთ ორიენტირებული ადამიანთა რომელიმე ერთ წრეზე, გვსურს ყველა გურმანს ჰქონდეს საშუალება დააგემოვნოს ქართული სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშები. თუ რომელიმე სტუმარს ჩვენთან მოსვლამდე, პატარა მეზობელი ქვეყნის შესახებ მხოლოდ გაგონილი ექნება, ჩვენგან წასული უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს საქართველოთი და ეცადოს რაც შეიძლება მეტი გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ.

- კაფეს მენიუში მხოლოდ ქართული სამზარეულო იქნებათუ ევროპულიც?

- გავითვალისწინეთ გარემო და აქაური მოთხოვნები, ამიტომ სტუმრებს ქართულ კერძებს ძირითადად არასტანდარტული სახით წარვუდგენთ, თუმცა გვექნება ისეთი კერძებიც, რომელთაც ტრადიციული სახით შევთავაზებთ, მაგალითად, ხინკალს, ბორანოსა და ხაჭაპურს. გვექნება რამოდენიმე თურქული კერძიც, ოღონდ ჩვენებური, ქართული ინტერპრეტაციით.

- ადგილობრივი ქართველები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- კაფეს ამბავმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. სოციალური ქსელების მეშვეობით ყოველდღე უამრავი ადამიანი გვწერს, აინტერესებთ გახსნის თარიღი, მენიუ, ფასები და ადგილმდებარეობა. ამ იდეას ხორცს ვერც შევასხამდით, რომ არა აქაური ქართველის, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელის ერდალ ქუჩუკის (ელიზბარ ციმნარიძის) მხარდაჭერა. კაფე, დაახლოებით, თებერვლის პირველ რიცხვებში გაიხსნება, ძირითადად ახლა ვლაგდებით და ყველაფერს ვაწესრიგებთ, გვსურს, ჩვენს სტუმრებს საინტერესო საინტერესო და სასიამოვნო ინტერიერი და მომსახურეობა დავახვედროთ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)