ბიძინამ გადაიფიქრა - გადაცემას მაკა ცინცაძე, გიორგი უძილაური და შადიმან შამანაძე წაიყვანენ - კვირის პალიტრა

ბიძინამ გადაიფიქრა - გადაცემას მაკა ცინცაძე, გიორგი უძილაური და შადიმან შამანაძე წაიყვანენ

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ტელეპროექტი "2030" დღის სინათლეს თებერვალში GDS-ის ეთერში იხილავს, თუმცა დაპირებისამებრ, მისი წამყვანი ყოფილი პრემიერი არ იქნება.

დეტალებზე გადაცემის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე გვესაუბრება:

- გადაცემის დაწყების ზუსტ თარიღს, ჯერჯერობით, ვერ ვასახელებთ. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. უკვე შერჩეულია "2030"-ის სამი წამყვანი - მაკა ცინცაძე, გიორგი უძილაური და შადიმან შამანაძე. ისინი მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე სტუმართან ერთად ისაუბრებენ. მე ამ გადაცემის პროდიუსერი ვარ.

- თქვენს გარდა, კიდევ ვინ არის გადაცემის მომზადებაში ჩართული?

- გადაცემის პროდიუსერები არიან ასევე: ვახტანგ კომახიძე, ბესო კურტანიძე და მამუკა ყუფარაძე.

- ბიძინა ივანიშვილი გადაცემის ერთ-ერთ მთავარ წამყვანად მოიაზრებოდა. გეგმები რატომ შეიცვალა?

- ბიძინა ივანიშვილს სტუმრის სტატუსით მოვიწვევთ, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებსა თუ ექსპერტებს.

- GDS-ს საინფორმაციო გადაცემების ეთერში გასაშვებად შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. ეს პრობლემას არ შეგიქმნით? ითქვა კიდეც, რომ გადაცემის ეთერში გასვლა ამ მიზეზით ჩაიშალა.

- საინფორმაციო გამოშვებისთვის ლიცენზიის აღება სირთულეს არ წარმოადგენს. ამასაც მალე მოვაგვარებთ. რაც შეეხება გადაცემის გაუქმებას, საკითხი ასე დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)