რუსთაველის სწორი - კვირის პალიტრა

რუსთაველის სწორი

სულხან-საბა ორბელიანი - მეფის აღმზრდელი, "წიგნი სიბრძნე-სიცრუისას" ავტორი და, რაც მთავარია, ქართველებისთვის ქართველობის - ამ სიტყვის ყველაზე სწორი და პატრიოტული გაგებით, დაბრუნებისთვის დაუცხრომელი მებრძოლი ბრძანდებოდა

მოსკოვთან ახლოს, ვსესვიატსკოეს ეკლესიის ეზოში, სულხან-საბა ორბელიანის დაღლილი ძვლები განისვენებს... თუმცა, "განისვენებს", ალბათ, არ არის შესაფერისი სიტყვა, რადგან მაშინაც, როდესაც გარდაიცვალა, სიკვდილისათვის "არ ეცალა" - თავის აღზრდილსა და მასავით მრავალტანჯულ ვახტანგ VI-ს ელოდა, რათა რუსთ ხელმწიფესთან შეეხვედრებინა და ასე ეცადათ საქართველოს ხსნა მაჰმადიანთაგან. არ დასცალდა - 1725 წლის დასაწყისში, 67-ე წელში გადამდგარი გარდაიცვალა...კიდევ იმიტომ ვერ ვიტყვით, განისვენებსო, რომ არც რუსეთის ეკლესიას და არც იქაურ ქართველთა შთამომავლობას უზრუნია უდიდესი მოღვაწის საფლავის შენარჩუნებაზე და ისედაც ვარაუდით ცნობილ, სადღაც ეზოში არსებული საფლავის ადგილზე კარტოფილის საწყობი დაადგეს თანამედროვე რუსებმა. სიმბოლურია ესეც - მაშინაც "კარტოფილად ვუღირდით" ჩვენს "ერთმორწმუნეებს" და ეს ყველაზე კარგად დიპლომატიასა და გეოპოლიტიკაში ნაწრთობმა სულხან-საბა ორბელიანმა იცოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გზა არ ჰქონდა: ერთადერთი ხსნა - ცივილიზებული დასავლეთი შორს დარჩენილიყო, ხოლო ქვეყანას უკვე არა საგარეო-პოლიტიკური ორიენტირების არჩევის, არამედ, უკვე მერამდენედ, ფიზიკური ყოფნა-არყოფნის პრობლემა ედგა...

როგორც ცნობილია, წიგნების ამ, და წინა სერიაშიც ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") გამომცემლობა ავტორებსა და ნაწარმოებებს მკითხველთა გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. თანაც, ეს საერთაშორისო პროექტია და უკვე მრავალ ქვეყანაში განხორციელდა. შესაბამისად, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ავტორები არიან უნივერსალურები იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ქვეყანაში მოხვდნენ იქაურ მკითხველთა რჩეულ ორმოცდაათეულში - ასეთი დაახლოებით ოცდაათამდე ჩამოითვლება. ამიტომ იბადება "პროვოკაციული" კითხვა: რომელიმე ქვეყანაში იყო თუ არა მცირე შანსი მაინც, რომ სულხან-საბა ორბელიანის ტექსტები ამ პროექტის ფარგლებში გამოცემულიყო? პასუხი ადვილია: რა თქმა უნდა, არა. მაგრამ აქ მთავარი უფრო სხვა კითხვა მგონია: ის, რომ "ქართულ ასეულში" (50+49 +ბიბლია) მაინც იბეჭდება, მხოლოდ დიდი მოღვაწისადმი "დაკანონებული" პატივისცემის გამო ხომ არ ხდება?! და აქაც პასუხი, საბედნიეროდ, უარყოფითია - წიგნში შემავალი ორივე ნაწარმოები ბრწყინვალეა და თუკი იგავ-არაკი ან მემუარები საერთოდ შეიძლება იყოს დიდი ლიტერატურა, მაშინ "წიგნი სიბრძნე-სიცრუისაც" და "მოგზაურობა ევროპაშიც" სწორედ ასეთია.

55 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ევროპაში გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, შესანიშნავი ბექგრაუნდიც ჰქონდა - ერთი ევროპელი მოგზაური წერდა სამშობლოში გაგზავნილ წერილში: "იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნია". სწორედ ასე მიიღეს იგი პარიზშიც და ვატიკანშიც - ლუდოვიკო  XIV-ც და პაპი კლიმენტი XI-ც უდიდესი პატივისცემით განიმსჭვალნენ ქართველი ელჩის მიმართ და მისი ამ მოგზაურობის პრაქტიკულ უშედეგობასაც, კომუნისტური მმართველობის პერიოდში დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, არა ევროპელ სასულიერო და სახელმწიფო იერარქთა გულგრილობა, არამედ სრულიად სხვა - გაცილებით ტრივიალური მიზეზები ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ ლუდოვიკო  XIV  გარდაიცვალა და საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომის პაპს კი სწორედ საფრანგეთის იმედი ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებული დიდი გეგმების ხორცშესხმის საქმეში.

ამიტომ შესანიშნავი ქართველი პოეტის ცნობილი ლექსის სტრიქონები: "ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან, ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა", მხოლოდ განწყობის შესაქმნელ პოეტურ ხერხად ჩავთვალოთ, რადგან არც არავინ ალოდინა და აუდიენციამაც (თანაც არაერთმა) ბრწყინვალედ ჩაიარა, მეფე აღფრთოვანებული იყო ყველაფრით - ქართველი დიდებულის გარეგნობით თუ მისი მისასალმებელი და გამოსამშვიდობებელი სიტყვებით. ამ შეფასებების შესახებ ფრანგული სამეფო კარის ჩანაწერებშია ნათქვამი, ხოლო ამბავს წინამდებარე წიგნში წაიკითხავთ.

სხვათა შორის, "წიგნი სიბრძნე-სიცრუისაშიც" არის ავტობიოგრაფიული მომენტები და ეს ბუნებრივიცაა - როდესაც უფლისწულისა და მისი აღმზრდელის ურთიერთობებს აღწერს, ავტორი შორს რატომ უნდა წასულიყო? სასახლის კარსა და იქ არსებულ ურთიერთობებს ხომ უშუალოდ იცნობდა ბავშვობიდან: ვახტანგ V (შაჰ-ნავაზი) მამიდამისის ქმარი იყო; უფლისწულები - მამიდაშვილები; მამა, ვახტანგ ორბელიანი - მეფის მოლარეთუხუცესი და როგორც მას ზრდიდა და ასწავლიდა უფროსი მამიდაშვილი, შემდგომში მეფე გიორგი  XI - ბრწყინვალე ორატორი და მეომარი, ავღანელთა დამმორჩილებელი და ღალატით უდროოდ სიკვდილის გამო საქართველოსთვის ბევრის ვერმოღვაწე, თვითონაც ისევე ზრდიდა მერე გიორგის ძმისშვილს, მომავალ ვახტანგ VI-ს.

ასე რომ, მთელ საქართველოს მამად მიაჩნიაო - ევროპელთა დასკვნა რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული: მეფის აღმზრდელი, "წიგნი სიბრძნე-სიცრუისას" ავტორი და, რაც მთავარია, ქართველებისთვის ქართველობის - ამ სიტყვის ყველაზე სწორი და პატრიოტული გაგებით, დაბრუნებისთვის დაუცხრომელი მებრძოლი ბრძანდებოდა. ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო და ევროპის იმედიც სწორედ "ქართველობის დაბრუნების" ნაწილად აღიქმებოდა, რადგან აი, როგორ აღწერს გამუსლიმებული როსტომისა (როსტომ-ხანის) და შაჰ-ნავაზის დროინდელ ქართველობას ვახუშტი ბატონიშვილი: "ამათითა შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუილი ხორც-განსვენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი... და დაუტევებდნენ ქართველთა ზნეთა" (ცხადია, "აბანოში" დაახლოებით ის იგულისხმება, რაც დღევანდელ თბილისშიც ხდება ე. წ. საუნებში, თორემ ჰიგიენის დაცვის წინააღმდეგი ვახუშტი ბაგრატიონი არ იქნებოდა).

ასეთ სიტუაციაში ბრწყინვალე დიდაქტიკური ხასიათის ლიტერატურული ძეგლის შექმნა, ბუნებრივია, "საქართველოს მამობისკენ" გადადგმული ნაბიჯი იყო. "წიგნი სიბრძნე-სიცრუისას" იგავები ხელნაწერებითა და ზეპირი გადაცემებით ქართველთა საყვარელ ლიტერატურად იქცა და სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსნისა" და ბიბლიის სწორად, ის მთავარი სულიერი საყრდენი გახდა.

საბედნიეროდ, ამ შედევრს არა აქვს მხოლოდ დიდაქტიკური ტრაქტატის სახე, არამედ ის დიდებულია, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებიც.