"ახალშობილი ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო" - ქუჩაში მიტოვებული მორიგი ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ახალშობილი ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო" - ქუჩაში მიტოვებული მორიგი ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

ჩვენი საზოგადოების უბედურებაა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევები ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა

"რომ გავედით, ბავშვი არ ინძრეოდა, მივხვდით, მკვდარი იყო..."

"სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილები არ გვაკლია, მაგრამ აქამდე არ გამიგია, ვინმეს ტიტველი ბავშვი დაეგდოს"

ვარკეთილის 1-ლ მიკრორაიონში მცხოვრები სუსანა მკრიტიჩიანი დღემდე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს იმ ტრაგედაის, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ შეესწრო. ეს ის ქალბატონია, რომელმაც პირველმა ნახა კორპუსის ეზოში გადაგდებული ახალშობილი. ჩვენი საზოგადოების უბედურებაა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევები ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ის, რომ მენტალური, ეკონომიკური თუ ფსიქიკური პრობლემების გამო ახალშობილთა მოშორებას მავანი ამგვარად ცდილობს, ისევ და ისევ საზოგადეობაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების ბრალია, რომელთა კვლევისა და ანალიზის გარეშე ეს და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა კარგა ხანს მოუგვარებელი გვექნება. ჩვილთა მიმართ გამოჩენილმა სისასტიკემ, ქუჩაში მიტოვებულ ახალშობილთა სიკვდილიანობის შემზარავმა სტატისტიკამ ყველა უნდა დაგვაფიქროს. რა არის ამის მიზეზი? - სპეციალისტთა თქმით, ერთ-ერთი მიზეზი უმძიმესი სოციალური ფონია. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენ საზოგადოებაში დღესაც, ეჭვის თვალით უყურებენ მარტოხელა დედებს. პარტნიორისგან მიტოვებულ ფეხმიძიმე გოგონებს ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებიც წირავენ. სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს სოციალური პროგრამები მარტოხელა დედების დასახმარებლად.

ბოლო შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რას ყვება თვითმხილველი?

სუსანა მკრიტიჩიანი:

- ხალხს ვუყვები, თუმცა სრულად მაინც ვერავის აღვწერ, რა იყო ის საშინელი განცდა, როცა მივხვდი, რომ ჩემი ფანჯრიდან, ქარსა და სიცივესა ეზოში გადაგდებულ თოჯინას კი არა, ბავშვს ვხედავდი. არადა, თავიდან თოჯინა მეგონა, - შუადღეს იყო, შვილშვილების ოთახს ვალაგებდი, მობილურმა რომ დარეკა; ავიღე, ლაპარაკი დავიწყე და თან ფანჯარაში გავიხედე. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობთ, ფანჯრების წინ ბუჩქები და ბალახი გვაქვს. უცებ პირდაპირ ბალახზე დაგდებული თოჯინა დავინახე, სრულიად ტიტველი - უიმე, ბავშვებს ტანზე გაუხდიათ და გადაუგდიათ-მეთქი! – გავიფიქრეს და ლაპარაკი განვაგრძე. უცებ ისევ მივიხედე და თოჯინა რაღაც უცნაურად აღვიქვი, - რეალური ადამიანივით იყო. როცა დავრწმუნდი, რომ ეს თოჯინა კი არა, ბავშვი იყო, ცუდად გავხდი, მობილური მივაგდე და მეზობლებს დავუძახე, მიშველეთ, მგონი, ეზოში გადაგდებულ ბავშვია და ახლავე ჩამოდით-მეთქი! მარტო ვერ გავედი, შემეშინდა... რომ გავედით, ბავშვი არ ინძრეოდა, მივხვდით, მკვდარი იყო... ამხელა ქალი ვარ და არასოდეს მინახავს გარდაცვლილი ბავშვი, ეს ენითაუწერელი კოშმარია.

- ამბობთ, რომ ჩვილი შიშველი იყო?

- დიახ. ისევე, როგორც დედის მუცლიდან დაიბადა. ისე ვკანკალებდი, წესიერად ვერც კი დავხედე, მაგრამ ვინც დახედა, იმან თქვა, - ვეღარაფერს ვუშველით, მკვდარიაო. თანაც ატირდა, ჭიპლარიც არ აქვს გადაკვანძულიო. ბავშვს ტანზე ცელოფანიც კი არ ჰქონდა შემოხვეული. საუბედუროდ, სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილები არ გვაკლია, მაგრამ აქამდე არ გამიგია, ვინმეს ტიტველი ბავშვი დაეგდოს, - როცა ამ არაადამიანურ დანაშაულს სჩადიან, პატარას პირიქით საგულდაგულოდ ხვევენ და მალავენ. ჩვენი კორპუსის წინ კი ბავშვი დღისით, მზისით ყველას დასანახად დააგდო ვიღაცამ. არსებობს მეორე შემთხვევაც, - ბავშვი არ უნდათ, თავიდან იშორებენ, მაგრამ ამას აკეთებენ ისე, რომ ის ცოცხალი დარჩეს და ვინმემ უშველოს, პოლიციას ჩააბაროს. არ მგონია, რომ ამის ჩამდენი ნორმალური იყოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს დედამ გააკეთა, არა, ამას დედა ვერ იზამდა, - ალბათ ქალმა სახლში იმშობიარა, შვილი კი ვიღაცამ გადაუგდო. მაგრამ რატომ გადააგდო, ღმერთო, რატომ? თუ თავისით მოკვდა მშობიარობისას, ადამიანურად დაეკრძალათ, თუ არადა, ასე სასტიკად რატომ მოექცნენ, მოსაკლავად როგორ გაიმეტეს?

- სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ხომ არ ვუთქვამს ჩვილი რამდენი ხნის გარდაცვლილი იყო?

- ეგ არავის გვიკითხავს. გარდაცვლილი პატარა ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, - თეთრი და ფუმფულა, ვიღაც კაცმა ბავშვი ოდნავ გადსაწია და თქვა, - გოგო ყოფილი, რა ლამაზი გოგოაო! მიუტევებელი ცოდვა აქვს ჩადენილი ამის გამკეთებელს. დედობა რაღაც საოცრებაა, იმის ახსნა არ შეიძლება, - მეორე შვილი რომ გამიჩნდა, ექიმებმა მითხრეს, ჯერ ვერ მოგიყვანთ, შეიძლება დედის რძემ ავნოსო, რა გამაჩერებდა, - უნდა მაჩვენეთ-მეთქი. რომ შემიყვანეს, საწოლებზე 10 ერთნაირად შეხვეულ ბავშვს ეძინა და მე ჩემი შვილი ვიცანი. დედობის განცდა ცხოველსაც აქვს და ადამიანი, ვინც ეს გააკეთა, ცხოველზე უარესია ალბათ.

დავინტერესდით საქმის გამოძიება რა ეტაპზეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა ჯერ არაფერია გარკვეული, მათ შორის არც გარდაცვლილი ახალშობილის ექსპერტიზის პასუხი.

ეთერ ერაძე (სპეციალურდ საიტისთვის)