"ფილმი თვითონ ბიძინამ უნდა გადაიღოს" - ვინ შეასრულებს სააკაშვილის როლს ივანიშვილის დაანონსებულ სერიალში?! - კვირის პალიტრა

"ფილმი თვითონ ბიძინამ უნდა გადაიღოს" - ვინ შეასრულებს სააკაშვილის როლს ივანიშვილის დაანონსებულ სერიალში?!

"თავად წინადადებაც , რომ მე მიხეილ სააკაშვილის როლი შევასრულო, არასერიოზულად მეჩვენება"

"ამ სერიალს საკმაოდ მდიდარი დამფინანსებელი ყავს და რეჟისორი არ იქნება შეზღუდული მსახიობების ჰოლივუდიდან ჩამოყვანაში, მაგალითად, შეიძლება ისევ ენდი გარსია მოიწვიონ"

შესაძლოა, უკვე მეორედ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ახლო გარემოცვა მხატვრული ფილმში განასახიერონ - ბიძინა ივანიშვილმა სერიალის "9+1"-ის გადაღება დააანონსა, რომელიც მისივე განცხადებით, სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობას მიეძღვნება. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით გადაღებულ ფილმ "აგვისტოს ხუთ დღეში", ექს-პრეზიდენტის როლი ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა ენდი გარსიამ უკვე ითამაშა. საინტერესოა, ამჯერად რომელ მსახიობს ერგება მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე განსახიერების "პატივი". სერიალის ერთ-ერთ სავარაუდო რეჟისორად გოგა ხაინდრავა სახელდება, "კვირის პალიტრა" სწორედ მასთან შეეცადა გარკვია, ვინ წარმოუდგენია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების როლზე:

- ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, ვინ წარმომიდგენია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის ან ზურა ადეიშვილის როლზე. ვიცი, რომ ენდი გარსიას ტიპაჟის მსახიობს არ იქნება. საერთოდ, ჩემი ხედვით, ამ სერიალის მთავარი გმირი სააკაშვილი არ გახდება.

- ბა, ვანო მერაბიშვილი?

- არა, სერიალის მთავარი გმირი საზოგადოება იქნება! მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან ჯერ რეჟისორადაც არ ვარ დამტკიცებული. კონკურსია გამოცხადებული, სადაც სხვა რეჟისორების მონაწილეობენ. სამუწუხაროდ, არ ვიცი, ჩემ გარდა კიდევ რომელი რეჟისორის კანდიდატურა განიხილება.

- როდის მიიღეთ ამ სერიალის გადაღებაზე შემოთავაზება?

- დაახლოებით, სამი კვირის წინ. ვიცი, რომ ამ სერიალზე მუშაობა უზარმაზარ პსუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა საპნის ოპერის გადაღებას არ ვაპირებ. თუ რეჟისორად მე დამამტკიცეს, საქმეს ბევრად სერიოზულად მივუდგები.

რომელი მსახიობი წარმოუდგენიათ მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების როლზე ან თავად თუ მიიღებდნენ მსგავს სერიალში მონაწილეობას - ამ კითხვით "კვირის პალიტრამ" საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს მიმართა:

გია ბურჯანაძე, მსახიობი:

- ეს ხუმრობაა? საერთოდ, არაფერი ვიცი ამ სერიალის შესახებ. თავად წინადადებაც, რომ მე მიხეილ სააკაშვილის როლი შევასრულო, არასერიოზულად მეჩვენება. თუ 200-სერიან სერიალზეა ლაპარაკი, ალბათ, ამის გადაღებას მინიმუმ 3-4 წელი დაჭირდება. ვინც კინოს სპეციფიკაში ერკვევა, კარგად იცის, რომ 200 სერიას, მითუმეტეს, როცა ის ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და სცენარიც არ არსებობს, რამდენიმე თვეში ვერავინ გადაიღებს, მით უმეტეს, შემოდგომამდე. ამიტომაც ეს ინფორმაცია არასერიოზულად მეჩვენება ან შესაძლოა არასწორად გავრცელდა.

გია ცაგარეიშვილი, პარლამენტარი:

- რეჟისორი არ ვარ, ამ მხრივ გამოცდილებაც არ მაქვს და ჩემთვის რთულია მსახიობებზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, ნიჭიერი უნდა იყოს, რომ ასეთი ბოროტი სააკაშვილის როლი განასახიერო. ისე, ჰიტლერისა და სტალინის როლი განასახიერეს და არა მგონია, სააკაშვილის და მერაბიშვილის როლის მორგება გაუჭირდეთ. ამ სერიალს საკმაოდ მდიდარი დამფინანსებელი ყავს და რეჟისორი არ იქნება შეზღუდული მსახიობები ჰოლივუდიდანაც ჩამოიყვანოს, მაგალითად, ისევ ენდი გარსია მოიწვიოს.

დავით ზურაბიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი:

- ამ სერიალზე საერთოდ არ მიფიქრია. ფიქრი ბევრად მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე მიწევს. არც რეჟისორი ვარ, მსახიობებზე ვილაპარაკო, გადაიღებენ და საზოგადოება შეხედავს რა გამოვა.

რეზო ესაძე, რეჟისორი:

- რეჟისორად გოგა ხაინდრავა ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ სერიალი ვინც არ უნდა გადაიღოს, ამ საქმეში მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილი ჯანმრთელი მოვლენაა, დანარჩენები გარკვეულ საკითხებში დაავადებულები ვართ. გვგონია, რომ ჯანსაღად ვართ, მაგრამ ასე არ არის. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს სერიალი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ასახავს და შეაფასებს, თვითონ ბიძინამ უნდა გადაიღოს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)