”200 სერია ”ნაციონალებზე” ფილმის ყურება რას უნდა ნიშნავდეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის?” - კვირის პალიტრა

”200 სერია ”ნაციონალებზე” ფილმის ყურება რას უნდა ნიშნავდეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის?”

”თავიუსფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას ცოლი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ”ფეისბუქგვერდზე” გამოეხმაურა.

ნათია ფანჯიკიძე წერს: ”მთელი ორი ასე ლამაზი და ასე ძვირფასი, ცისმარე დღეა ერი დაბნეული ეკითხება ერთმანეთს, - 200 (ან მეტი) სერია ”ნაციონალებზე” ფილმის ყურება რას უნდა ნიშნავდეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის?

მიზანს და მოტანილ სარგებელს ვინც გამოიცნობს, ის იქნება სუპერ მოაზროვნე.

არც ინტერვიუ მომისმენია, არც კომენტარს ვაპირებდი, მაგრამ მაქვს ერთი წუხილი და გამოვთქვამ, იქნებ შემსმენელი იყოს სადმე ვინმე, - მე ჩემსას ვცდი.

საქართველოს ბიუჯეტი ერთბაშად, მობილიზებულად იმხელა დაფინანსებას ვერ გადაისვრის აწმყოსა და მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში - განათლებაში, რომ ქვეყანამ უცებ, სწრაფად მოითქვას ამ მხრივ სული.

დრო კი უმოწყალოდ მიდის და ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო ცუდად განათლებული "პროფესიონალების" არმია იპყრობს დარგებს.

სწრაფი ეფექტისთვის, ამ 200 სერიის შეკვეცა 50-მდე (50 კიდევ ჯანდაბას, რადგან აკვიატების მსხვერპლი ვართ, დავყვეთ, რა ჩარაა) და დანარჩენი 150 სერიისთვის გასახარჯი ფულის ჩადება ტელესკოლაში შანსს მისცემდა მონდომებულ ბავშვებს და სტუდენტებს, შემდგომი თვითგანვითარებისთვის ოქროს გასაღებები დაეჭირათ ხელში.

საუკეთესო პედაგოგები რომ შეირჩნენ, დაფინანსდნენ, დაწერონ პროგრამა და საზოგადოებრივ არხზე განაწილდეს სისტემური ტელე გაკვეთლები, მერე დასრულებული პროგრამა დისკებადაც უფასოდ დარიგდეს, სწრაფად და ერთიათად წინ წავალთ.

მახსოვს ჩემს ბავშვობაში დედას ზუგდიდიდან ულამაზესი გოგო ესტუმრა, ტელევიზიით ჰქონდა ნასწავლი გერმანული, თანაც ისე რა კი არა, - ძალიან კარგად.

უამრავი პროფესიონალია ნებისმიერ საგანში, გამოვლენა უნდა, გამოცოცხლება უნდა, პედაგოგებისთვისაც სტიმული იქნება ეს.

ბიძიებო, დეიდებო, ვისაც გიპყრიათ ეს დაწყევლილი ძალაუფლება, გამოდით მდგომარეობიდან, გუშინდელი დღე სიზმარია, გასულია და ნუღარ გვაცხოვრებთ კოშმარულ სიზმრებში, გაგვითენდა.

დაგეგმეთ დღევანდელი დღე ისე, რომ ხვალინდელი მეტად საინტერესო და იმედისმომცემი გახდეს.

პატივისცემის რა მოგახსენოთ და

გულისტკივილით,

მარად თქვენი

ნათია ფანჯიკიძე”