ფრანგი ნობელიანტის პატრიკ მოდიანოს რომანი "ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერში - კვირის პალიტრა

ფრანგი ნობელიანტის პატრიკ მოდიანოს რომანი "ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერში

"ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერში მკითხველს საშუალება ექნება პირველად ქართულ ენაზე წაიკითხოს თანამედროვე ფრანგი ნობელიანტის პატრიკ მოდიანოს რომანი.

გთავაზობთ ჟურნალის მთავარი რედაქტორის ზაალ ჩხეიძის წერილს:

"ჩვენი ლიტერატურა თავისი გზით მიდის, როგორღაც დამოუკიდებელი გზით, შეიძლება უცნაურიც იყოს იგი, შეიძლება მავანსა და მავანს არაბუნებრივადაც ეჩვენოს, უნდა ითქვას, ბევრი საბუთის მოხმობა როდი დასჭირდება ამ თავისი მოსაზრების გასამყარებლად მავანს, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ერთადერთი და ძალიან სასიხარულო ამბავი ის გახლავთ, რომ ამ უახლეს ქართულ ლიტერატურას თავისი გზა აქვს.

ისე გამოვიდა, საბჭოთა რელობას ჩამოხსნილები, ჯერაც ალბათ საკუთრივ ჩვენი ხელწერის, ჩვენი სტილის ძებნაში ვართ, მაგრამ, ცხადია, დიდ რუსულ ლიტერატურას, არათუ პოეზიას, პროზასაც კი აღარ მივდევთ კვალში, რუსულის გზით (აქ თარგმანსაც ვგულისხმობ) აღარ შემოდის ჩვენში სიახლეები და გზები თანამედროვე ხელოვნებისა თუ აზროვნებისა.

არ განმიზრახავს ახლა, ხსენებული მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები შევაფასო, მე პირადად უფრო მედადებითება ეგ ამბავი, სიმართლე უნდა თქვას კაცმა, იმიტომ, რომ ყოველთვის მძიმედ, საკუთარ უკვალავ თოვლში სიარული ჯობს სხვისგან გაწმენდილ ბილიკზე თავის დაღირებას. ასე მეტია ხიბლი, ასე მეტია თავისუფლება, ასე მეტი არჩევანია. არჩევანი და თავისუფლება კი ცხოვრებაშიც ეგრეა და ლიტერატურაში, ამ ჩვენს სახლაფორთო საქმეში მით უფრო, მასეა, ეგ ორივე შეცდომის ტკბილ ხიბლს ნიშნავს, უტკბილეს ხიბლს. ცხადია ისიც, რომ ჩვენგვარი ქვეყნის ლიტერატურა და ვერც ვერავითაგვარი ქვეყნისა, კაცმა რომ თქვას, ვერ იარსებებს ჩაკეტილ, სხვათაგან, ურთიერთობათაგან მოწყვეტილ სივრცეში. ჩვენგვარისა მით უფრო. ამიტომაც ეგებ ბევრს არ მოეწონოს კიდეც, რას ვიტყვი და მე ეგრე მგონია, ლიტერატურის "ფლაგმანობა" ამ ახლანდელ დროში, მერე და მერე, აბა, როგორ გითხრათ, რა და როგორ იქნება, თარგმანმა უნდა გასწიოს, თარგმანის გზით უნდა შემოვიდეს იდეებიც, მხატვრული ხერხებიცა და ინფორმაციაც. ინფორმაციაც კი. დიახ, მხოლოდ ინფორმაციაც კი, ამა თუ იმ მწერლის არსებობის შესახებ, უკვე დასაწყისი ნაბიჯია ავტორის ქართულ ენობრივ სისტემაში შემოსაყვანად. ქართველებს კი არა გვაქვს თანამედროვე, არც იქამდელით მოგვეწონება თავი დიდად, მაგრამ მაინც, თანამედროვე ლიტერატურული ლექსიკონები, ანთოლოგიები თუ ენციკლოპედიები. ცალკეული მცდელობები ამ კუთხით საერთო სურათს ვერ ცვლის, სამწუხაროდ. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მე თარგმანისა მწამს, ქართველი ავტორებისა, ჰო, თავისთავად, მაგრამ თარგმანისა - განსაკუთრებით.

ამიტომაც მგონია, რომ "ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერი გამორჩეულია, ისევე როგორც, მაგალითად, "ახალი საუნჯის" ნოემბერ-დეკემბრის ნომრები იყო აღსანიშნავი, როცა ადოლფო ბიოი კასარესის რომანი დაიბეჭდა პირველად. აბა, როგორი საქმეა, კასარესის რომანი არ გვქონდა იქამდე ქართულად. თებერვალში კი ყდაზეც ნახავდით უკვე და იანვრის ნომერშიც გახარეთ თვითონ დიდად გახარებულმა, რომ პატრიკ მოდიანოს რომანს იხილავთ ჩვენთან. სწორედ "ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდება პირველად ქართულ ენაზე ამ დიდი ფრანგის 2007 წელს გამოცემული წიგნი. მერე რა, რომ ქართველებმა ლამის ნახევარი საუკუნით დავაგვიანეთ მისი ნაწარმოებების თარგმნა, მთავარია, რომ ახლა, ნობელის შემდეგ, მაინც მოხვდება იგი ჩვენს თვალსაწიერში. უპირველესად, უღრმესი მადლობა ამისათვის ქალბატონ ლია დარაშვილს, ადამიანს, რომელიც რომ დაუღალავად და სრულიად გასაოცარი მიზანსწრაფულობით თარგმნის ფრანგულ პროზას, სწორედ მისი დამსახურებაა ეს პირველი წინწადგმული ნაბიჯი ამ "ნახევარსაუკუნოვანი ჩამორჩენის გზაზე". ჰო, ამ წელს იქნებ კიდევ ერთი რომანი მოვასწროთ ამ დიდებული მწერლის. ოდნავ მაინც პასუხოდეს თანამედროვეობას, აი ალბათ, ერთი უმთავრესი მიზანთაგანი ლიტერატურული პერიოდიკისა.

გამექცა სიტყვა, არადა, ქალებზეც მინდოდა მეთქვა, მკითხველო, ქართველ ქალ მწერლებზე, მწერალ-პოეტებიანად ყველაზე, მინდოდა მეთქვა, როგორ შეიცვალა თვალს და ხელს შუა მათი როლი დღევანდელ რეალობაში, მათი მეტისმეტად მნიშვნელოვანი როლი. ეს თებერვლის ნომერი, როგორღაც "მეტისმეტად ქალური" გამოგვივიდა და არა მგონია, ეგ შემთხვევითი საქმე იყოს. მაგრამ ამაზე სხვა დროს, სხვა შესრულებულ გეგმებთან ერთად. როგორმე სხვა დროს, ჰო."