"რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს" - რას ყვება აფხაზეთის კრიზისზე გაგრელი ქალბატონი - კვირის პალიტრა

"რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს" - რას ყვება აფხაზეთის კრიზისზე გაგრელი ქალბატონი

რატომ ააწიოკეს რუსმა ჯარისკაცებმა სომეხი ოჯახები?!

"რუსი ჯარიკაცები რომ დათვრებიან, იარაღს სასმელზე ცვლიან, ან ნაღდ ფულზე ყიდიან, გამოფხიზლების შემდეგ კი, მეთაურობის შიშით მის დაბრუნებას ცდილობენ, რაც, როგორც წესი, მსხვერპლის გარეშე არ სრულდება."

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოხუმთან ახლოს, აჩადარაში, ნასვამი რუსი ჯარისკაცები, ადგილობრივ სომხებს თავს დაესხნენ და რამდენიმე ოჯახი ააწიოკეს. ერთ-ერთი ვერსიით, ოკუპანტები დასახლებულ პუნქტში ჯავშანტრანსპორტიორებით შევარდნენ და დარბეული ოჯახებიდან ოქრო, ფული და გასაყიდად გამზადებული მანდარინით სავსე მანქანაც გაიტაცეს, რომელიც გზაში გაფუჭდა და გუმისთის ხიდთან მიატოვეს. სომხური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმისას, ოკუპანტებმა ადგილობირივ სომხები სცემეს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია 76 წლის ლუსია კოჩარიანი, რომელიც ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს... კიდევ ერთი ვერსიით, დარბევას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა, ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. მომხდარ ფაქტს უარყოფს სოხუმში არსებული სომხური სათვისტომო.

მსგავს ინფორმაციას ყოველთვის "დეზინფორმაციად" აფასებენ დე ფაქტო აფხაზეთის მაღალჩინოსნები, თუმცა, თავადაც იციან, რომ ასეთი ფაქტები ნამდვილად ხდება, რაშიც დამნაშავეები რუსი სამხედროები არიან. ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ცნობილია, რომ ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების წევრები, ზოგჯერ გადმოდიან ენგურს აქეთ და პირიქით, - ენგურს აქეთ მცხოვრები ეროვნებით აფხაზები, ან სულაც ქართველები, აფხაზეთში გადადიან. ჩვენ გაგრიდან თბილისში, ქალიშვილთან სტუმრად ჩამოსულ აფხაზ ქალბატონს ვესაუბრეთ, რომელიც იქ არსებულ ვითარებაზე გვიყვება. ჩვენმა რესპონდენტმა გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- აფახაზი მაღალჩინოსნები რუსებს ყოველთვის ხელს აფარებენ და თავსაც იმართლებენ. ამბობენ, რუსი სამხედროები დისლოკაციის ზონიდან არ გამოდიანო, არადა, ზოგჯერ საქმე იარაღის გამოყენებამდეც მიდის. მათ მხრიდან არაერთი ძალადობის შესახებ გვსმენია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია გუდაუთის რაიონი, რადგან, როგორც ვიცი, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ყველაზე დიდი რაოდენობით რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ჯარიკაცები რომ დათვრებიან, იარაღს სასმელზე ცვლიან, ან ნაღდ ფულზე ყიდიან, გამოფხიზლების შემდეგ კი, მეთაურობის შიშით მის დაბრუნებას ცდილობენ, რაც, როგორც წესი, მსხვერპლის გარეშე არ სრულდება. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, რუსი სამხედროები ამტკიცებდნენ, იარაღი აფხაზებმა წაგვართვესო... თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც აფხაზები რუს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ და სროლები ატყდა. შედეგად ერთ-ერთი აფხაზი დაჭრეს, რადგან ის ფულის დაბრუნებას ითხოვდა. რუსი სამხედროები კი რისი მიმცემები იყვნენ.

- საქმე არ აღძრულა?

- კი, როგორც ვიცი, აღიძრა, მაგრამ საქმე საბოლოო შედეგამდე არ მისულა... არც ისე დიდი ხნის წინ, რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს. შემთხვევა სოხუმში მოხდა, აფხაზებმა სამივე მოძალადე მოკლეს, ვიცი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები გაასამართლეს და სასჯელს იხდიან... რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანზიაციები, მაგრამ მათ უკან, როგორც წესი, ვიღაც პოლიტიკოსი ან მაღალჩინოსანი დგას და ვერც ისინი ატეხენ სკანდალს.

- აჩადარაში მომხდარ ფაქტს ლოლუას "უწყება" უარყოფს...

- ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამ დროს მე უკვე თბილისში ვიყავი და არ ვიცი... ისე კი აჩადარა მათი სამიზნე ადრეც ყოფილა.

- რას ამბობს მოსახლეობა, როდესაც რუსი სამხედროებისგან ასეთი ფაქტები ხდება?

- მოსახლეობის აზრი რუსეთთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი, - ახალგაზრდებს, ცხადია, აწუხებთ რუსი სამხედროების ზღვარსგადასული ქმედებები, მაგრამ დიდი რუსეთი მაინც მისაღებია მათთვის. განათლების, განვითარებისა და თვითდამკვიდრების უფრო ფართო ასპარეზი ექნებათ, უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან. ჩვენ, უფროსი თაობის ადამიანები, კატეგორიულად ვეწინაღმდეგებოდით რუსეთთან ასეთი ტიპის დაახლოებას. სანამ რუსეთსა და აფხაზებს შორის სავალალო შეთანხმებას მოეწერებოდა ხელი, ქალებმა აქცია გავმართეთ და ფსოუს საზღვარზე გავწექით, - ვიდრე რუსული ტანკები აქ სამუდამოდ დასარჩენად შემოვლენ, ჯერ ჩვენ გადაგვიარონო... ჩვენი პროტესტი პროტესტად დარჩა. ხელისუფლებამ ახალგზრდებში საყრდენი ძალა იპოვა და ვითარება ჩაწყნარდა...…მათი თქმით, რუსული სამხედროებისგან დანაშაულები ხდება, მაგრამ ისინი უფრო დიდი საფრთხისგან გვიცავენ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ერთ ნაწილი წინააღმდეგია რუსეთთან ამ ფორმით ურთიერთობის, მაგრამ ასეთები ცოტნი არიან... რაც შეეხებაAსაქართველოს, ახლანდელ აფხაზეთში, საქართველოსთან რაიმე ფორმით ურთიერთობა, კეთილმეზობლურის გარდა, გამოირიცხება, თუმცა, ისიც ნათელია, რომ ყველა საკვანძო ობიექტი და სახელმწიფო უწყება რუსების კონტროლის ქვეშ იქნება.

- რუბლის კურსის დაცემა როგორ აისახა იქაური ცხოვრების პირობებზე?

- აფხაზეთში ისედაც რუსეთის ფასები იყო და ახლა ყველაფერი გაძვირდა, განსაკუთრებით სურსათი. პურის ფასმა, ქართული ვალუტით, 1 ლარს გადააჭარბა. დაახლოებით 2 ლარი ღირს შაქარი... ვინც რუსეთში იყო წასული სამუშაოდ, ისინიც ვერაფერს გზავნიან, რადგან იქაც კრიზისია. საზღვრის კონტროლის გამკაცრების გამო, ქართულ მხარეს გადასვლა ძალიან გაძნელებულია და მთელი თვის მარაგს ვერ გადაიტან, თორემ მე საბუთები წესრიგში მაქვს და ხშირად დავდივარ, მაგრამ წლის სამყოფ მარაგს თბილისიდან ხომ არ წავიღებ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)