"ბედის ირონიაა, 100 წლის მოხუცი ბოსელში ცხოვრობს და კატა იმხელა სახლშია გამოკეტილი..." - კვირის პალიტრა

"ბედის ირონიაა, 100 წლის მოხუცი ბოსელში ცხოვრობს და კატა იმხელა სახლშია გამოკეტილი..."

"ხანდახან ვფიქრობ, ჩემი სახლის კარს შევტეხავ და შევალ"

"შარშან შეშის ღუმლით ძროხებს ვათბობდით, წელს ჩვენ ვთბებით"

სახლი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მადლენა ქარდავა ცხოვრობდა, ორი თვეა, დაკეტილია. სესხის გასტუმრება ვეღარ შეძლო და კერძო იპოთეკარმა სახლი წაართვა. ღია ცის ქვეშ დარჩენილებმა თავი ეზოში მდგარ ბოსელს შეაფარეს. თუმცა, ხელისგულისოდენა ოთახში ოჯახის ყველა წევრი ვერ დაეტია და მადლენა და მისი შვილები დროებით მეზობელმა შეიფარა, ხოლო დედამისი და 98 წლის სამამულო ომის ვეტერანი ბებია ბოსელში დასახლდნენ.

ოჯახს ფული მამის გულის ოპერაციისთვის დასჭირდა და იძულებული გახდა, სახლი კერძო იპოთეკით დაეტვირთა. თავიდან ვალს პირნათლად იხდიდა, შემდეგ გაუჭირდა... მამა ნერვიულობას შეეწირა - გამოსახლებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. 2014 წლის 24 დეკემბერს ქარდავების ოჯახი ქუჩაში დარჩა. სახლის ახალმა მფლობელმა საკეტები შეცვალა, დენი და გაზი გადაჭრა და წავიდა.

მადლენა ქარდავა: - პროცენტების გადახდა ვეღარ შევძელი. იპოთეკარს ვეხვეწებოდი, სახლი ერთად გავყიდოთ და ფული გავინაწილოთ-მეთქი. არ დამთანხმდა. აუდიტის მიერ 70 ათას დოლარად შეფასებული სახლი აუქციონის წესით 6 ათას ლარად გაყიდა, რომელიც დედამისმა შეიძინა. კიდევ კარგი, მამა გამოსახლებას ვერ მოესწრო. ეს მოშიშვლებული ადგილი ბაღნარად აქცია. სახლს აგურ-აგურ ვაშენებდით, რამდენი ვიწვალეთ, რომ ჩვენი ჭერი გვქონოდა, მაგრამ ისევ  ღია ცის ქვეშ დავრჩით...

სახლი ორხევშია. ოჯახის უფროსი მესაქონლეობას მისდევდა, ამიტომ ეზოში ორი ბოსელი ჩადგა. უსახლკაროდ დარჩენილებს საქონელი ერთ ბოსელში ჰყავთ, მეორეში კი თავად შესახლდნენ. მასპინძელმა ბოსლის კარი შეაღო და შინ შეგვიძღვა. თვალში მხვდება სახელდახელოდ გაკეთებული ტახტი, რომელზეც მოხუცს სძინავს. 98 წლის ჯელია პანფილო სამამულო ომის ვეტერანია. 18 წელია, ლოგინად არის ჩავარდნილი.  ყოველდღიურად პამპერსი და მედიკამენტები ესაჭიროება, რომლის შეძენის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ოთახში პატარა მაგიდა, შეშის ღუმელი, ჭურჭლის ნიჟარა და ძველი განჯინა დგას. მეზობლისგან შემოყვანილი დენის წყალობით მადლენას შვილებIIის მეცადინეობა სანთლის შუქზე აღარ უწევს.

ქარდავები განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან, რომ ბოსლის სარკმელი პირდაპირ მათ ყოფილ სახლს გასცქერის.

- ყოველ წუთს ჩემს სახლს ვუყურებ, სადაც ბედნიერად ვცხოვრობდით. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. მამას უნდოდა, კარ-მიდამო ჰქონოდა. სულ ეზოში ფუსფუსებდა, დევნილობის დარდს აქაურობა უქარვებდა, მაგრამ აღარ დასცალდა... შარშან ამ შეშის ღუმლით ძროხებს ვათბობდით, წელს ჩვენ ვთბებით. ხანდახან მეშინია, არ გავგიჟდე ან თავი არ მოვიკლა. ჩემს შვილებს ახლა სჭირდებათ გვერდში დგომა, მე კი ვერაფრით ვეხმარები. უსამსახუროდ დავრჩი. ამხელა ოჯახს ისევ დედა არჩენს - ძროხა გვყავს, რძეს და მაწონს ყიდის.

ხანდახან ვფიქრობ, კარს შევტეხავ და შევალ-მეთქი. სახლის ახალმა მფლობელმა კატა გამოამწყვდია და წავიდა. საწყალი ცხოველი მეცოდება, ერთი თვეა, დამწყვდეულია, ფარდები ჩამოხია, ფანჯრებს ეხეთქება, საზარლად ჩხავის. იპოთეკარს დავურეკე, კატა მაინც არ გეცოდება, გაუშვი-მეთქი. არ მოვიდა. ბედის ირონიაა, 100 წელს მიტანებული მოხუცი ბოსელში ცხოვრობს და კატა იმხელა სახლშია გამოკეტილი... ბებიაჩემს ამ ციცქნა ოთახში წვალებით ვაბანავებთ, წამოჯდომა არ შეუძლია, ფიცარზე მივაყუდებ და ისე ვაჭმევ,“- გვიყვება მადლენა.

ოჯახმა მიწის ნაკვეთი 10 წლის წინ შეიძინა. მადლენა ამბობს, რომ იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმებისას დარღვევებს ჰქონდა ადგილი. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ სახლის დაკარგვის შემდეგ შეიტყო.

- ამ ეზოში იდგა 50 კვადრატული ფართობის სახლი, რომელიც დავანგრიეთ. მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალი სახლი ავაშენეთ. ნოტარიუსმა იპოთეკაში ძველი სახლი ჩაგვადებინა, რომელიც დანგრეულია, ხოლო ახალი სახლი რეგისტრირებულიც არ არის. გამოდის, რომ იპოთეკარმა არარსებული სახლიდან გამოგვასახლა. ახლა ერთადერთი გზა დაგვრჩენია, სასამართლოს ძალით დავიბრუნოთ ჩვენი საკუთრება, მაგრამ ამისათვის ფულია საჭირო. იმედია, ბოლომდე არ გავიწირებით.

სალომე გოგოხია

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე