სილქნეტი ტარიფებს ზრდის - რატომ ხდება, რომ საქართველოში მომხმარებელი ყოველთვის მტყუანია?! - კვირის პალიტრა

სილქნეტი ტარიფებს ზრდის - რატომ ხდება, რომ საქართველოში მომხმარებელი ყოველთვის მტყუანია?!

ხაფანგი მარკეტინგული ხერხის სახელით

"თუ ერთ მხარეს მარტო უფლებები აქვს და მეორე მხარეს მხოლოდ ვალდებულებები, ესეც შეიძლება შედავების საფუძველი გახდეს და ასეთი ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდეს."

სილქნეტი მომხმარებლებს მიმზიდველად შეფუთულ სხვადასხვა აქციებს ხშირად სთავაზობს, მაგრამ აქციებით "განებივრებულ" აბონენტებს ის ფაქტი, რომ 4 მარტიდან ტარიფები საგრძნობლად იზრდება, კმაყოფილების ყოველგვარ საფუძველს უსპობს და მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას უტოვებს, "არ გვინდა, ბატონო, ასეთი აქციები"... შედეგად თუ მივიღებთ იმას, რომ, მაგალითად, 40 ლარიანი ორმაგი შეთავაზების პაკეტი 60 ლარად იქცევა. 25 ლარიანი ინტერნეტ მომსახურება კი - 40 ლარად, მართლაც, არ გვინდა ასეთი აქციები. მართალია, ინტერნეტის სიჩქარეც იზრდება, მაგრამ ვისაც, მაგალითად, 40 ლარის გადახდის სურვილი და შესაძლებლობა არ აქვს, მისთვის ინტერნეტის სიჩქარეც მცირდება. ორმაგი შეთავაზების პირობებში, თუ აბონენტი 15 მგ/წმ ინტერნეტს 25 ლარად იძენდა, ახალი რეგულაციით 26 ლარად 10 მგ/წმ სიჩქარის მქონე ინტერნეტის შეძენა მოუწევს. კითხვით, თუ რას ემყარება ახალი სატარიფო სისტემა და არის თუ არა გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებები და ინტერესები, სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

უშუალოდ აქციებთან დაკავშირებით კი ასეთი "საინტერესო" ამბავი გადამხდა თავს. 2014 წლის ივნისში საკმაოდ საინტერესო აქციის პირობებში გავხდი სილქნეტის აბონენტი. (ორი სატელევიზიო თემატური პაკეტი საჩუქრად და, ასევე, ფასდაკლება ინტერნეტზეც).

გარკვევით ამიხსნეს, რომ აქცია 31 დეკემბრამდე ვრცელდებოდა. ხოლო, თუ აბონენტი 31 დეკემბერს აქციის შეწყვეტას არ მოითხოვდა, ის ავტომატურად გაგრძელდებოდა და სასაჩუქრე თემატური პაკეტების სტანდარტული ღირებულების დარიცხვა მოხდებოდა. დეკემბრის ბოლოს მივიღე სილქნეტისგან შეტყობინება, რომ ჩემს მიერ აქციის ფარგლებში შერჩეული თემატური პაკეტების სტანდარტული ღირებულება აქციის პერიოდის ამოწურვისთანავე დამერიცხებოდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დავუკავშირდი მათ დეკემბრის ბოლოს, მაგრამ მიპასუხეს, რომ აქციიდან ჩემი მოხსნა მხოლოდ 1 იანვრიდან იყო შესაძლებელი, ანუ, მას შემდეგ, რაც უკვე დაიწყებოდა თემატური პაკეტების სტანდარტული თანხის დარიცხვა. განმიმარტეს, რომ, თურმე, პროგრამას სხვანაირად მოქმედება არ შეეძლო და, თან დამამშვიდეს, ორი თემატური პაკეტის თანხა დამერიცხებოდა არა სრულად, არამედ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სხვა გზა არ მქონდა. 1 იანვარს, ახალი წლის დილას, იძულებული გავხდი, სილქნეტში დამერეკა. მართალია, ამ ფაქტმა ფინანსურად ნაკლებად დამაზარალა, მაგრამ, დამეთანხმებით, როდესაც გატყუებენ, ჯიბეში ხელს გიყოფენ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრე სილქნეტის ოპერაციული უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მიპასუხა, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვით, საპრეტენზიო განყოფილებისთვის უნდა მიმემართა. მოკლედ, ასე რომ არ მოვიქეცი, დამნაშავე ისევ მე აღმოვჩნდი...

მომხმარებელთა უფლებები თითქმის ყველგან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. საინტერესოა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა რამდენად იცავს მომხმარებელთა უფლებებს. ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში გაუქმდა 1996 წლის კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მართალია, არც ამ კანონის პირობებში გრძნობდნენ თავს დაცულად მომხმარებლები, მაგრამ მისი გაუქმების შემდეგ მათი უფლებები მკვეთრად შეიზღუდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ სავალდებულო გახადა მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. პარლამენტში უკვე ინიცირებულია ახალი კანონპროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", რომელიც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მომზადდა და მომხმარებელთა უფლებების მაღალ, ევროპული სტანდარტების დონეზე დაცვას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელთა არსებული მდგომარეობისა და მოსალოდნელი ევრორეგულაციების შესახებ გვესაუბრება "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი; პროექტ "მომხმარებელი.გე"-ს ხელმძღვანელი, ლია თოდუა:

- ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული ხერხები და ხელშეკრულება, რომელის მომხმარებლისთვის გაუგებარია. აუცილებელი არ არის, ხელშეკრულებას დაბეჭდილი და ხელმოწერილი სახე ჰქონდეს. მობილურ ტელეფონზე შეტყობინების მეშვეობით აქციაში ჩართვაც ერთგვარ ხელშეკრულებად ითვლება, თუმცა მისი პირობები ხშირად გაუგებარია. ხელშეკრულება არ უნდა ნიშნავდეს მომხმარებლის მოტყუებას. ადამიანი შეგნებულად, გააზრებულად უნდა მიდიოდეს ამა თუ იმ ურთიერთობაზე. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობაც კი მომხმარებელს გასაჩივრების უფლებას უტოვებს. ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს ყველა შემოთავაზების რისკი და სიკეთე. მაქსიმალურად უნდა მოისპოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის, მოტყუების შესაძლებლობა. უფლებებიც და მოვალეობებიც ორივე მხარეზე უნდა ნაწილდებოდეს. თუ ერთ მხარეს მარტო უფლებები აქვს და მეორე მხარეს მხოლოდ ვალდებულებები, ესეც შეიძლება შედავების საფუძველი გახდეს და ასეთი ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდეს. დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, მართალია, არაფერს კრძალავს, მაგრამ არასამართლიანი ხელშეკრულების თუ სხვადასხვა მარკეტინგული ხერხებით მოტყუების შემთხვევაში, მომხმარებელს აძლევს შედავების საშუალებას. თუმცა, მხოლოდ შედავების უფლება არ არის საკმარისი მისი უფლებების დაცვისთვის. მომხმარებელს არ აქვს შესაბამისი ბერკეტები და შესაძლებლობები, თანაბარუფლებიან პირობებში იმყოფებოდეს მეორე მხარესთან. მეწარმე ბევრად უფრო მეტად ინფორმირებული და მომზადებულია, როგორც იურიდიულად, ასევე, ფინანსურად. მას მეტი შესაძლებლობები აქვს. მომხმარებელს, მართალია, შედავების უფლება აქვს, მაგრამ სასამართლო, რომელიც ხარჯებთანაა დაკავშირებული, მისთვის ძნელად გამოსაყენებელია. მომხმარებლის დაცულობის დონე მეორე მხარეს რომ გაუთანაბრდეს, საჭიროა იგი კანონმა დაიცვას. მომხმარებლის მოტყუება კანონმა უნდა აკრძალოს და მას საშუალება უნდა ჰქონდეს, მიმართოს არა სასამარლოს, არამედ ისეთ ორგანოს, სადაც ნაკლები დანახარჯებით შეძლებს თავის დაცვას და წაგების შემთხვევაში თანხა არ ექნება გადასახდელი. თუ მომხმარებელი მოტყუებულია, მთლიანად ინგრევა თავისუფალი ბაზრის პრინციპი...

ევროკავშირის ნორმები უკვე სექტემბრიდან შევიდა ძალაში და სრულად ამოქმედებისთვის ხუთწლიანი ვადაა განსაზღვრული. ევროკავშირის კანონმდებლობის ერთ-ერთი თავი მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხება, რაც შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული მეთოდების აკრძალვას გულისხმობს. ახალ კანონპროექტში, პრაქტიკულად, ყველა ევროდირექტივა გათვალისწინებულია, მაგრამ, შეიძლება მისი კიდევ უფრო დახვეწა. მაგალითად, არ დაგვიკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება შეცდომაში შემყვან და მომატყუებელ მარკეტინგში. თავი შევიკავეთ ევროკავშირის კანონმდებლობაში არსებული ჩამონათვლის პირდაპირ გადმოტანისგან, ვინაიდან ეს შეიძლება არაადეკვატური აღმოჩენილიყო ჩვენს რეალობასთან... ჩამონათვალში უნდა აისახოს მოტყუების ის ხერხები, რაც საქართველოში რეალურად ხორციელდება. ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ აიკრძალება მომატყუებელი და შეცდომაში შემყვანი მარკეტინგი. დაკონკრეტება შემდგომ მთავრობის გადაწყვეტილებითაც იქნება შესაძლებელი. მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ევროპული მიდგომა ითვალისწინებს არა მხოლოდ უფლებების სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, არამედ მათი დაცვის მექანიზმების შექმნას და ინსტიტუციურ უზრუნველყოფას. იმისთვის რომ ეს მექანიზმები ქმედითი იყოს, აუცილებელია ისინი საქართველოს რეალობას და ქვეყნის განვითარების არსებულ მდგომარეობას მოვარგოთ.

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)