"იყო კი ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ხიბულაში რომ მიიყვანეს?!" - ავბედითი სახლის ისტორია - კვირის პალიტრა

"იყო კი ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ხიბულაში რომ მიიყვანეს?!" - ავბედითი სახლის ისტორია

რეპორტაჟი სამეგრელოდან

"იყო კი ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ხიბულაში რომ მიიყვანეს?!."

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებას უკავშირდება... ოფიციალური ცნობით, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, თუმცა, ოჯახის წევრები ამ ფაქტს გამორიცხავენ. საქმის კვლევა გამოძიების კომპეტენციაა და ამ სტატიით არც მკვლელობის ვერსიის გამართლებას შევეცდებით და არც თვითმკვლელობისა. ერთი კი ფაქტია:

არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ღურწკაიების ოჯახში, სადაც გამსახურდია გარდაცვლილი ნახეს.

ამჯერად სოფელ ძველ ხიბულაში ჩვენი ჩასვლის მიზანი იმ სახლის მონახულება იყო, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. მოსახლეობა მის მუზეუმად გადაკეთებას ჯერ კიდევ წლების წინ ითხოვდა.

„ცოდვის სახლი“

ძველ ხიბულამდე გზა გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა. სოფლის თავში ერთ-ერთ სახლთან ვჩერდებით და ღურწკაიების ოჯახის მისამართს ვეკითხებით.

- სადაურები ხართ? რომელი ღურწკაიები გაინტერესებთ? - კითხვას მიბრუნებს დამხვდური.

- თბილისელები ვართ. ლუდმილა და კარლო ღურწკაიების ოჯახს ვეძებთ, - ვეუბნები და ისიც ხელით გვანიშნებს, გამომყევითო. რამდენიმე წუთში მიტოვებული პატარა ოდის წინ ვიდექით, რომელსაც ჭიშკარიც კი აღარ შერჩენია. უკარფანჯრო პირველი სართულის მორღვეულ კედლებს ფიცრულის მეორე სართული აქვს დაშენებული.

- სად არიან სახლის მეპატრონეები? - ვეკითხები მეგზურს. მისგან მოულოდნელ ამბავს ვიგებ - 2004 წელს ამ ოჯახში საზარელი მკვლელობა მომხდარა, მკვლელობიდან რამდენიმე საათში ღურწკაიების ოჯახს სოფელი დაუტოვებია... გაოცებული ვეკითხები: რა მკვლელობა მოხდა, ვინ ვინ მოკლა და რატომ? - ჩემი მეგზური მხრებს იჩეჩს, აშკარაა, რომ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს...

ვიდრე ამ ამბავს გავარკვევ, ხავსმოდებული კიბით მეორე სართულის იმ ოთახში შევდივარ, სადაც ოფიციალური ვერსიით ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. ნახევრად ჩანგრეულ იატაკზე დგას კარადა, დამტვრეული საწოლი (სწორედ ამ საწოლში იპოვეს გარდაცვლილი პრეზიდენტი) და ნაგავია მიმოფანტული. იატაკი ყოველ წუთს შეიძლება ჩაინგრესო, - მაფრთხილებს თანმხლები.

- სოფელს გვინდოდა ამ სახლის მუზეუმად გადაკეთება, ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ. ისტორიული სახლია, აქ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა გაატარა უკანასკნელი დღეები და ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, მაგრამ... მერე უცებ საქმეს იმიზეზებს და მემშვიდობება.

1994 წელს პრეზიდენტის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია მალევე გახმაურდა, მაგრამ გარდაცვალების ადგილზე კარგა ხანს არავინ არაფერს ამბობდა.

თალიკო კვირაია, ღურწკაიების მეზობელი: - პრეზიდენტმა რომ მეზობლად, ღურწკაიების ოჯახში მოიკლა თავი, სამი წლის შემდეგ გაზეთით შევიტყვეთ. იმ დღეს, როდესაც გამსახურდია ღურწკაიებთან მივიდა, კარლო ღურწკაია (პრეზიდენტის მასპინძელი) მოვიდა ჩემთან და მთხოვა, - სვანეთიდან სტუმრები მყავს, ღვინოს ვერ სვამენ, არაყი მომეციო.

- ღურწკაიების ოჯახს როგორ დაახასიათებდით? აქ 1993 წლის 31 დეკემბრის საბედისწერო ღამიდან 11 წლის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალებულა...

- ჩვენ მეზობლური ურთიერთობა გვქონდა, იმ ამბავზე რა გითხრათ, აბა...

ვხვდები, რომ ქალბატონი თალიკოსგანაც ვერაფერს შევიტყობ... აქაურებისგან მაინც ვიგებ, რომ 2004 წლის 28 თებერვალს ლუდმილა და კარლო ღურწკაიების შვილი ნუკრი ღურწკაია, კარის მეზობლის დემურ ქებურიას ჩაქუჩით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო...

თალიკო კვირაია: - კივილზე ქუჩაში გავვარდით. როდესაც ღურწკაიების ეზოში შევედით, -„დემური საკაცით გამოჰყავდათ. თავიდან სისხლი სდიოდა... ლუდმილა ხმამაღლა მოთქვამდა. როგორც გავიგეთ 9 წლის წინ გარდაცვლილა.

ამ ფაქტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ქებურიების ოჯახში მივედი. ოჯახის წევრები შინ არ დაგვხვდნენ. დემურ ქებურიას ვაჟს, დიმა ქებურიას, ტელეფონით დავუკავშირდი, თუმცა, მან ინტერვიუზე უარი განაცხადა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მკვლელობის მიზეზებზე გვესაუბრა, იზოლდა შენგელია აღმოჩნდა:

- ამ მკვლელობას წინ ჩემი ოჯახის დაყაჩაღება უძღოდა. 2003 წლის 3 ივლისს, როცა შინ მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ვიყავით, ნიღბიანები შემოცვივდნენ და დაგვაყაჩაღეს. კიდევ ორი ვაჟი მყავს. მოსკოვში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. იმ ზაფხულს ჩამოვიდნენ სოფელში. ვიღაცებს ეტყობა, ეგონათ, რომ ფული ჰქონდათ ჩამოტანილი და თავს დაგვესხნენ. ჩემი ერთIი ვაჟი ამ დროს მეზობელთან იყო. მეუღლე მეორე ოთახში იწვა. ხმაურზე გამოვიდა... კივილზე ჩემი შვილი შემოვარდა ეზოში. ერთს ავტომატი წაართვა და კიბე ამოირბინა, მაგრამ კართან ესროლეს. სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, თუმცა, ვერ გადამირჩინეს 33 წლის ვაჟკაცი...

- დემურ ქებურიას მკვლელობა რა კავშირშია თქვენს ტრაგედიასთან?

- ამ ტრაგედიის შემდეგ დემურ ქებურია და ნუკრი ღურწკაია ჩემი შვილის საფლავზე შეჰკამათებიან ერთმანეთს. იქ ხშირად იკრიბებოდნენ თანასოფლელი ბიჭები. ყველამ იცოდა, რომ ნუკრი იყო ამ საქმეში გარეული. მან მისცა ყაჩაღებს მინიშნება ჩვენს ოჯახზე... სწორედ ამის თქმას აპირებდა ოჯახისთვის ქებურია.

როგორც ვიცი, მკვლელობის დღეს დემური ღურწკაიების ოჯახში მისულა და უთქვამს, დღეს სიმართლე უნდა ითქვას, რა მოხდა და როგორ მოხდა შენგელიების ოჯახშიო. მერე იქ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ნახევარ საათში ქებურიას თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს...

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია შეიქმნა, კომისიის თავმჯდომარეს, პირველი პრეზიდენტის უფროს შვილს, კონსტანტინე გამსახურდიას სოფელ ძველ ხიბულაში ხშირად უწევდა ჩასვლა. ღურწკაიების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე მასაც სმენია.

კონსტანტინე გამსახურდია: - როგორც ვიცი, დემურ ქებურია ღურწკაიების ოჯახში დანით მივიდა. როდესაც ნუკრი მეორე ოთახში ღვინის ჩამოსასხმელად გავიდა, ქებურია უკან შეჰყვა და დანა მოუღერა. ქალბატონ ლუდმილას მეზობელი საეჭვოდ მოსჩვენებია და მარანში შესულა. როდესაც დაუნახავს, რაც ხდებოდა, ჩაქუჩი აუღია და ქებურიასთვის თავში ჩაურტყამს. ნუკრის დემურისთვის ხელიდან გამოუტაცია დანა და დაუჭრია სტუმარი. ნუკრი დააპატიმრეს და გაამართლეს აუცილებელი თავდაცვის გათვალისწინებით. შემდეგ სოფელმა აიძულა ოჯახი, იქაურობა დაეტოვებინა. ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდნენ. ბოლოს 2010 წელს ვნახე. მას შემდეგ აღარ მინახავს...

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ნუკრი ღურწკაიას ოჯახს დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაგენი - მითხრეს, საქართველო დატოვესო.

სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გადაასვენეს

თბილისში წამოსვლამდე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში ჯონსონ კვარაცხელიას ვესტუმრე. გამსახურდიას ცხედარი 1994 წლის პირველ იანვარს სწორედ იქ გადაასვენეს და მიწას მიაბარეს. ოჯახის უფროსი რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილა...

საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირველ ძვალთშესალაგზე ჯვრის აღმართვაა განზრახული.

უკვე ბინდდებოდა სამეგრელოდან რომ წამოვედი. თბილისამდე ჯერ ძალიან შორია, ვფიქრობ და ტელეფონში სოფელ ძველ ხიბულაში ღურწკაიების სახლის ფოტოებს ვათვალიერებ. მოფამფალებული სახლი, რომელიც ორი ტრაგედიის მომსწრეა, ალბათ მალე ჩამოინგრევა...

"ამ ადამიანების დაკითხვამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა"

კონსტანტინე გამსახურდია: - თუ მუზეუმი არა, ამ სახლის ადგილას იქნებ სამლოცველო აშენდეს, სადაც კაცს სანთლის ანთება შეეძლება, ან ჩაუტარდეს რესტავრაცია; მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს, ახსოვს თუ არა ამ სახლს ცოცხალი ზვიად გამსახურდია, რადგან ამ ადამიანების დაკითხვებიდან (კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა)  ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. იყო კი ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ამ სახლში რომ მიიყვანეს?!

გიორგი ოვაშვილი პირველ პრეზიდენტზე ფილმს იღებს

გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმს "ხიბულა" ერქმევა და ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის ამბებზე დაყრდნობით იქნება გადაღებული...

გიორგი ოვაშვილი: - მე ვყვები ლიდერზე, რომელიც კარგავს ძალაუფლებას და რჩება საკუთარ თავთან მარტო. ეს არის ფილმი, სადაც პრობლემაზე ვსაუბრობ ზვიად გამსახურდიას მაგალითზე. ფილმში მის სახელსაც კი არავინ ამბობს. ის არის "ბატონი პრეზიდენტი". არც ის გვაინტერესებს, მისი გარემოცვის თითოეულ წევრს რა ჰქვია, ჩვენ მოვლენის არსი გვაინტერესებს. პრეზიდენტის როლის შესასრულებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება დანიელ მსახიობ მედს მიკელსენთან. მას მაყურებელი იცნობს სხვადასხვა ფილმით, მათ შორის "ნადირობა". სიამოვნებით ვათამაშებდი ამ როლს ჟან რენოსაც...

სახლი ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, გაპარტახებულია. არადა, ეს სახლი უნდა შეგვენახა, როგორც ძეგლი, იმის გასახსენებლად, რა არ უნდა გააკეთოს ერმა...

თორნიკე ყაჯრიშვილი

(სიუჟეტი იხილეთ პალიტრატვ.გე-ზე)