"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს - კვირის პალიტრა

"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს

რა ჯდება საქართველოში სუროგატი დედის მომსახურება?

მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა, ეს გზა რომ არ გამოჩენილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა შვილების რჩენა. თავშესაფარიც არ გვქონდა, ამ გზით ცოტა თანხა მოვაგროვეთ და პატარა ბინა ვიყიდეთ.”

”ამ გზით 2008 წელს გავაჩინე პირველი ბავშვი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული იყვნენ ბავშვის მშობლები, მართლა კარგი საქმე გავაკეთე მათთვის და ჩემთვისაც, რადგან მომსახურების საზღაურსაც ვიღებ.”

სუროგაცია საქართველოში ჯერჯერობით დასაშვებია. აქამდე სუროგატი დედები ძირითადად უცხოელი წყვილისთვის აჩენდნენ ბავშვებს. ბოლო ხანს ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი გაიზარდა, რადგან რიგი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ამ სფეროში ბევრი უკანონობა ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მალე შესაძლოა სუროგაცია გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს. ჩვენი რესპოდენტი 29 წლის ქალბატონია. რამდენიმე თვეში ის უცხოელ წყვილს პატარას გაუჩენს. წყვილი ამ დღეს მოუთმენლად ელოდება. პატარა საქართველოში დაიბადება და ბიოლოგიური მშობლები თავიანთ ქვეყანაში წაიყვანენ.

მანანა სუროგატი დედა გახლავთ. შეიძლება ითქვას, სოროგატობა მის პროფესიად იქცა, ის ბავშვს უცხო ადამიანებისთვის უკვე მესამედ აჩენს. თავად ორი შვილის დედაა,  ჰყავს მეუღლეც. ქმარი არ არის წინააღმდეგი, ცოლმა ამ გზით ფული იშოვოს.

- როდის და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- სუროგაციის შესახებ პირველად 2007 წელს შევიტყვე. ერთი ახლობელი მარტოხელა ქალი გამომიტყდა, რომ კანადელ წყვილს შვილი გაუჩინა. იცოდა ეკონომიურად როგორ მიჭირდა და მირჩია ამ საქმით დავინტერესებულიყავი. ორ შვილს ვზრდიდი, მეუღლეც უმუშევარი მყავდა და მართლა ძალიან მიჭირდა ეკონომიურად. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ინფორმაცია ინტერნეტით გადავამოწმე და როცა დავრწმუნდი, ნაყოფთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა და მხოლოდ ჭურჭელი ვიქნებოდი, ეს ჩემს მეუღლესაც ვუთხარი, თან წავაკითხე ინფორმაცია. ჩემი ნაცნობი გოგონას დახმარებით აღმოვჩნდი ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში. იქ უფრო დეტალურად ამიხსნეს ყველაფერი და მივხვდი, რომ ეს პროცედურა ჩემს ორგანიზმში რაიმე უკუჩვენებას არ გამოიწვევდა. ამ გზით 2008 წელს გავაჩინე პირველი ბავშვი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული იყვნენ ბავშვის მშობლები, მართლა კარგი საქმე გავაკეთე მათთვის და ჩემთვისაც, რადგან მომსახურების საზღაურსაც ვიღებ და სხვასაც ვეხმარები. თუ ქალს ქმარი ჰყავს, მისი თანხმობა აუცილებელია.

- ადვილად დაითანხმეთ მეუღლე?

- ჩემმა ქმარმა იცის, რომ გენეტიკურად ეს ჩემი შვილი არ არის. მანაც გაიარა კონსულტაცია და აუხსნეს, რომ ექიმს სრულიად სხვა ქალის ემბრიონი გადააქვს საშვილოსნოში, ბავშვის გამოზრდის მიზნით...

- როცა სხვის შვილს ატარებდი მუცლით, არ გიჭირთ?

- შეგუებული ვარ ამას. პირველი ცოლ-ქმარი კანადელები იყვნენ. ძალიან თბილები. მათთან ხშირი კონტაქტი არ მქონია, ერთმანეთს ბოლო თვეს შევხვდით. 15 წელი შვილი არ ჰყავდათ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. მეორედ იტალიელებს გავუჩინე პატარა, ისიც ძალიან ბედნიერები წავიდნენ აქედან. მგონი, მათ დონორის კვერცხუჯრედი გამოიყენეს. ორსულობის პერიოდში წყვილთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ ჩემს მდგომარეობას ისინი სულ კითხულობდნენ. თვითონ ორგანიზაციის წარმომადგენელი აკონტროლებდა ჩემს კვებას, პირობებს. ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ.

- კონტრაქტით რა გევალებათ?

- ასეთ დროს ორივე მხარის უფლებებს ითვალისწინებენ. ვიცი, რომ არანაირი იურიდიული უფლება ბავშვზე არ გამაჩნია. მშობიარობის შემდეგ ბავშვი ჩემთან არ შემოჰყავთ, სხვა პალატაშია და მერე მშობლებს გაჰყავთ. ფსიქოლოგთანაც დავდიოდი და გაცნობიერებული მაქვს, რომ მე ვარ მხოლოდ ჭურჭელი და ვატარებ სხვის შვილს მუცლით. უბრალოდ, ჩემს საშვილოსნოს იყენებენ. უკვე მესამედ ვაჩენ სხვისთვის შვილს და ახლა აღარ მაქვს პრობლემა, თავიდან ცოტა მიჭირდა. ხელშეკრულება ასეთ დროს ნოტარიუსთან იდება და წყვილთან ჩემი კონტაქტი, ფაქტობრივად, ხელშეკრულების დადების დროს ხდება. ხელშეკრულებაში რაც წერია, იმ თანხას იხდიან. სუროგატი ვალდებულია 9 თვე კარგად იკვებოს, ექიმთან კონსულტაციაზე დროულად მივიდეს, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც საჭიროა. ქალის ჯანმრთელობაც მოწმდება ასეთ დროს, სრულიად ჯანმრთელი უნდა იყო.

- ახლა კანონი იცვლება, ამბობენ, რომ სუროგატს და დონორს ამ მომსახურებაში ფულის აღება აეკრძალება...

- ძალიან ცუდია თუ აიკრძალება. რადგან ეს ადამიანებისთვის შემოსავლის წყაროა და რაც მთავარია, სხვას იმით აბედნიერებ, რადგან აძლევ შანსს ჰყავდეს შვილი. ვფიქრობ, ამაზე დაფიქრდება მთავრობა... ბევრ ქალს ვიცნობ, რომელიც ამ გზით არჩენს შვილებს. ისინი ძირითადად მარტოხელა დედები არიან და სხვა დამხმარე არ ჰყავთ. მე სოციალურმა მდგომარეობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა, ეს გზა რომ არ გამოჩენილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა შვილების რჩენა. თავშესაფარიც არ გვქონდა, ამ გზით ცოტა თანხა მოვაგროვეთ და პატარა ბინა ვიყიდეთ. გამოდის ქალს გენეტიკური შვილის ყოლას უკრძალავენ. თქვენ არ იცით როგორი ბედნიერები არიან ისინი, როცა შვილი ხელში აჰყავთ.

- რა ჯდება სუროგატი დედის მომსახურება?

- დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი ჯდება, მაგრამ ამ ფულიდან უნდა იკვებოს ორსული.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)