ელექტროკონტრასტები გუდაურში - კვირის პალიტრა

ელექტროკონტრასტები გუდაურში

ფოტოფაქტი

გუდაურში ულამაზესი მთების გარდა, შეგიძლიათ თვალი ასეთი კადრებითაც ასეიროთ. თავიდან მეგონა, ვიღაც გაერთო და მინერალური წყლით სავსე ბოთლი  ელექტროხაზებზე გასამხიარულებლად დაკიდა. თუმცა, სხვა ელექტროსადენებზე ჩამოკონწიალებულ ფეხსაცმელსა და ბოთლებს რომ წავაწყდი, მივხვდი, ხუმრობა არ იყო და ნივთებს სხვა დანიშნულება ჰქონდა.

თურმე ძველისძველ ბოძებზე სარეცხის თოკებივით მოქანავე შიშველი სადენები მცირე ნიავის დროსაც კი ეხება ერთმანეთს და მოკლე ჩართვა ხშირად უშუქობის მიზეზი ხდება, ამიტომაც სადენები რომ "დამძIმდეს" და ქარის დროს ერთმანეთს არ შეეხოსადგილობრივი მოსახლეობა ზედ სხვადასხვა საგანს ჰკიდებს, თუმცა, ძლიერ ქარს ვერაფერი უმკლავდება - ეს ნივთები ძირს ცვივა, ხაზები ერთმანეთში იხლართება და გუდაური ბნელში იძირება.

ასეთ ფაქტებს ხშირად წააწყდებით ძველი გუდაურის ტერიტორიაზე, იქ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და ზოგიერთი მათგანი თავს საოჯახო სასტუმროებით ირჩენს.

როცა ამ სანახაობას ფოტოებს ვუღებდი, ინდოელი ტურისტი მომიახლოვდა, რომელიც სწორედ ასეთ საოჯახო სასტუმროში დაბინავებულა და ღიმილით მეუბნება, -  ფოტოები მეც გადავიღე. ეს მხარე და აქაური ხალხი რომ არ მომწონდეს, ინტერნეტში გამოვაქვეყნებდი და დავწერდი, რომ საშინელი ინფრასტრუქტურის გამო ჩამოსვლა არ ღირს, მაგრამ ამას არ ვიზამ, რადგან აქაური ხალხი კეთილია და ისინი დამნაშავე არ არიანო. მოგვიანებით, ტურისტმა მიამბო, სასტუმროში როგორ იჯდა რამდენიმე საათის განმავლობაში სიბნელეში.

- ძალიან გავბრაზდი. მასპინძელმა მიზეზი არ იცოდა. გამოვართვი ენერგოკომპანიის სამორიგეოს ნომერი. მორიგემ ინგლისურად მშვიდად მიპასუხა, რომ ქარის გამო გამოირთო შუქი. სულ ეს არის-მეთქი? თან არც ისეთი ქარი იყო. მეგონა, ბოდიშს მოიხდიდნენ, ან დამაიმედებდნენ, მალე ჩაირთვებაო, მაგრამ არც კი შეწუხებულან. იცით, აქ რატომ ჩამოვედი? ვნახე შესანიშნავი რეკლამები, სადაც დიდებულად მოწყობილი კურორტი ჩანს. სამწუხაროდ, რეკლამა და რეალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ვის გაუგია, ამ ტიპის კურორტზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე მოთხილამურეები დასრიალობენ, წასაქცევად განწირული ხის ბოძები იდგეს და ზედ შიშველი სადენები ქანაობდეს?

ვუსმენდი ინდოელს და ხმას ვერ ვიღებდი\, ანძები მართლაც ისე წახრილა, გეგონება, ეს-ესაა წაიქცევა, შიშველი სადენები კი ავის მომასწავებლად პრიალებს თოვლზე არეკლილ მზის შუქზე.

აქაურობას ენერგოკომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ემსახურება. მოსახლეობამ კომპანიას ბევრჯერ მიმართა... "2014-ში მოვალთ და ყველაფერს გაგიკეთებთო, მაგრამ ვეჭვობთ, 2015 წელიც მოლოდინში ჩაივლის", - ამბობენ გუდაურელები.

გუდაურის ცენტრში უამრავი ხალხი ირევა. ალასკელი და კანადელი მოთხილამურეებიც ჩამოსულან, თქვენი მთები კარგიაო, ამბობენ ცერათითის ცნობილი ჟესტით. თუმცა, ერთი-ორს მეზობელი ქვეყნებიდან, ოცი წლის წინანდელი გუდაური რომ ახსოვს, ბევრი არაფერი ეჩვენება შეცვლილი. არც გაემტყუნებათ. მხოლოდ ცნობილი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია არის მოწესრიგებული. ისევე, როგორც თბილისსა და ნებისმიერ სხვა ქალაქში, ყველაფერი ცენტრში კეთდება, თითქოს დანარჩენი სხვისი საზრუნავი იყოს.