"კოჰაბიტაცია მხოლოდ ფორმალურადაა დასრულებული" - კვირის პალიტრა

"კოჰაბიტაცია მხოლოდ ფორმალურადაა დასრულებული"

ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ასაკოვან ჟურნალს - "მნათობს" ათეული წელია, სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა. მან მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში იარსება საპატრიარქოსა და კერძო კომპანიების დახმარებით. ჟურნალმა, სამწუხაროდ, ვერც ამჯერად დაიმსახურა სახელმწიფოს ყურადღება და ახლახან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლისთვის დაფინანსებულ ჟურნალთა ჩამონათვალში კვლავ ვერ მოხვდა. სამინისტრო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორ ლიტერატურულ ჟურნალს: "არილსა" და "ახალ საუნჯეს", ასევე - საბავშვო ჟურნალ "დილას" დააფინანსებს.

ჟურნალ "მნათობის" პირველი ნომერი 1924 წელს გამოვიდა. ეს აკადემიური ჟურნალი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, საზოგადოებისთვის ქართული მწერლობის გენეტიკური ბუნებისა და მისი ევროპულობისა შეეხსენებიათშესახსენებლად შეიქმნა. "მნათობს" თითქმის საუკუნის განმავლობაში გამოჩენილი ქართველი მწერლები და მოღვაწეები რედაქტორობდნენ, ბოლოს კი, 1997 წლიდან დახურვამდე მისი რედაქტორი კლასიკოსი მწერალი, პუბლიცისტი და დრამატურგი ბატონი თამაზ ჭილაძე გახლდათ.

ახლახან სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ქალბატონმა თინა ჭილაძემ გაავრცელა მწერალთა ასოციაცია "მნათობის" გამგეობის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მწერალთა ასოციაცია"მნათობი" მიესალმება კულტურის სამინისტროს მიერ სამი ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსებას და წარმატებას უსურვებს მათ.

რაც შეეხება "მნათობის" დაფინანსებაზე უარის თქმას, ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ამის გამო გულისტკივილი და გაკვირვება გამოვთქვათ. გულისტკივილი იმიტომ, რომ " ლიტერატურის ფლაგმანად" წოდებულ, თითქმის ასწლიან ჟურნალთან ერთად, სადაც დაბეჭდილია ყველაფერი ის, რითაც ვამაყობთ და მომავალშიც ვიამაყებთ, თითქოს ჩამოინგრა ჯებირიც, რომელიც ასე თუ ისე, მაინც აკავებდა ჩვენს მწერლობაში დილეტანტიზმის, უხამსობისა და განუკითხაობის დღითიდღე მზარდ ტალღას, აერთიანებდა თაობებად ხელოვნურად დაყოფილ მწერლობას. კლასიკური ტრადიციების ერთგული მიმდევარი და დამცველი ჟურნალი ერთგვარად ეწინააღმდეგებოდა ჩვენი კულტურის სინგაპურიზაციის მცდელობას.

გაკვირვებას კი იმიტომ გამოვთქვამთ, რომ ტენდერის ჟიურიმ დღეს, კულტურისადმი დამოკიდებულების აშკარად შეცვლილ ვითარებაში, თითქმის ზუსტად გაიმეორა 2005 წელს ხელისუფლების მიერ ჩადენილი ცოდვა - არსებობის ისედაც მწირი სახსარი მოუსპო სამოქალაქო ომის ხანძრისგან ქუჩაში დარჩენილ, კეთილი და გონიერი ადამიანების მიერ შეფარებულ უსახლკარო ჟურნალს, რამაც გვაფიქრებინა (არა მარტო ჩვენ!), რომ კოჰაბიტაცია მხოლოდ ფორმალურადაა დასრულებული, სამწუხაროდ...

მწერალთა ასოციაცია "მნათობის" გამგეობა"