სამხედრო მანქანები რუსული ნომრებით – რეალური თუ გაზვიადებული საფრთხე?! - კვირის პალიტრა

სამხედრო მანქანები რუსული ნომრებით – რეალური თუ გაზვიადებული საფრთხე?!

"ასე შეიძლება ჩინეთის ყოფილი არმიის დემილიტირაზებული მანქანა შემოიყვანოს ვინმემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის არმია შემოვიდა."

"თუ ეს მართლა იქნებოდა რუსეთი სამხედრო არმიის კოლონა, საქმე სურლიად სხვა რამესთან გვექნებოდა."

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში თბილისის ქუჩებში გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომელზეც რუსული, სატრანზიტო ნომრიანი ავტომანქანებია ასახული. "ზილ-131" დახურული ტიპის სატვირთო ავტომობილები სამხედრო სფეროში, უმეტესად, ქვეითების გადასაყვანად გამოიყენება. როგორც შს და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.

"ეს მანქანები საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით - უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები, მართალია, ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.

თბილისში გამოჩენილი რუსული, სატრანზიტო ნომრებიანი სატვირთო ავტომანქანების გამოჩენაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

- ამ ფაქტთან დაკავშირებით არავითარი საფრთხე არ არსებობს. ეს იყო სხვა ქვეყნიდან შემოყვანილი სატრანზიტო მანქანები, რომლებიც გასაყიდად არის განკუთვნილი. ისევე, როგორც შეიძლება ვიღაცამ ამერიკიდან გასაყიდად შემოიყვანოს ჩამოწერილი "ჰამერი." დიახ, რუსეთის არმიაში გამოიყენებოდა ხაკისფერი მანქანები, შემდეგ ჩამოწერეს და სამოქალაქო პირებზე იყიდება, რუსულ საიტებზე რომ შევიდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ნახავს, რომ ასეთი მანქანების შეძენა ძალიან მარტივია. ასე შეიძლება, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიტანო იმ ქვეყნის დემილიტარიზებული, ყოფილი სამხედრო ტექნიკა, რომელსაც საბრძოლო დაიშნულება არ აქვს. ეს მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, კოლექციონერებსაც ჩამოაქვთ.

- ამასთან დკავშირებით, უკვე გამოითქვა არაერთი ვერსია, ერთ-ერთის თანახმად, რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზისკენ დერეფანი დავუთმეთ...

- თუ ეს მართლა იქნებოდა რუსეთი სამხედრო არმიის კოლონა, საქმე სურლიად სხვა რამესთან გვექნებოდა. ეს ვერსია, თავიდან მართლა გავრცელდა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ეს მანქანა კერძო პირს ეკუთვნის და ჩვეულებრივი იყიდება. იმ მანქანების მსგავსად, რომლებიც აქ რუსულ ბაზებზე დარჩა, შემდეგ გაიყიდა და ადგილობრივ სოფლებში დღემდე გამოიყენება. ქართულ არმიასა და შსს-აც გაუყიდია ყოფილი საბჭოთა სამხედრო მანქანები. მის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს "კუნგი", რომელსაც ნაკვეთებში "ოთახად", საცხოვრებლად იყენებენ, მთავარია, მასში, შიგნით არის თუ არ რადიოელექტრონული აპარატურა. თუ არ არის, ის ჩვეულებრივი, სატვირთო მანქანა. ასე შიეძლება ჩინეთის ყოფილი არმიის დემილიტირაზებული მანქანა შემოიყვანოს ვინმემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის არმია შემოვიდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)