"შიმშილით თუ არ მოვკვდი, ბანკს არ გავეკარები" - ცნობილი ადამიანების გაძვირებული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"შიმშილით თუ არ მოვკვდი, ბანკს არ გავეკარები" - ცნობილი ადამიანების გაძვირებული ცხოვრება

"ამდენის (200.000 დოლარამდე) გადახდის შემდეგ, ბანკის ვალი მაინც  50.000 დოლარი გვაქვს დარჩენილი. რაც შეეხება ლარის გაუფასურებისას, ყოველთვიურად 500-600-ით ზედმეტის გადახდა გვიწევს. თან, სტაბილური შემოსავალი არ გავაქვს."

"ხელისუფალნო, ძალიან სწრაფად უნდა იღონოთ რამე!"

ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, მოსახლეობა უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მათგან განსაკუთრებით ისინი, ვისაც ბანკის ვალი დოლარში, შემოსავალი კი - ლარში აქვს. ასეთი ადამიანების რიცხვი სამწუხაროდ, დიდია. მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან, რომელთა ნაწილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- ლარის გაუფასურება ჩემს ბიუჯეტს "გადასარევად" ურტყამს. საგრძნობლად მომემატა ბანკის გადასახადი, მაგრამ მგონი, რაღაცებს ამბობენ, პოზიტიურ ძვრები იქნებაო და არ მინდა, იმედი დავკარგო... არადა, კიდევ 10 თვე დამრჩა.

- ისე, სხვებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა გქონია.

- ჰო, მრავალწლიანი კრედიტები აქვთ და ჩემი 10 თვე მათ ფონზე რა სალაპარაკოა... თავის დროზე, სამწლიანი ავიღე.

- ვალის აღება რაში დაგჭირდა?

- მანქანა ვიყიდე განვადებით.

- რატომ აიღე დოლარზე ვალი?

- არავის შემოუთავაზებია ეროვნულ ვალუტაში ამეღო. თან, მანქანები რადგანაც დოლარში იყიდება, ტვინი ავტომატურად დოლარზე ფიქრობს და ბანკში სესხისთვის რომ შედიხარ. იმ დროს არ ფიქრობ, რომ შემოსავალი ლარში გაქვს. თუმცა ვიღაცები წინდახედულები არიან.

- კიდევ აპირებ სესხის აღებას?

- შიმშილით თუ არ მოვკვდი, ბანკს არ გავეკარები.

მართალია, პაროდისტ მამუკა ლომაშვილს ამჟამად ბანკის ვალი აღარ აქვს, რადგანაც ცოტა ხნის წინ დაფარა, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი მაინც ისურვა:

- კატასტროფული სიტუაციაა. ყველაფერი საშინლად გაძვირდა, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტად ვერ გამოვდგები და ამ კოშმარის მიზეზებზე ვარ ვილაპარაკებ, მაგრამ არაერთხელ ნათქვამს გავიმეორებ: რა ქნას ამ მდომარებაში პენსიონერმა 150 ლარით?! მოსახლეობის უმრავლესობას 400-700-ლარამდე აქვს ხელფასი... მითხარით, ან იმან რა ქნას, ვისაც ხელფასი ლარში აქვს და სესხს დოლარში იხდის? ჯერ ისედაც რამხელა საპროცენტო განაკვეთებია, ნებისმეირ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით. ხალხს ფული არ აქვს... ხელისუფალნო, ძალიან სწრაფად უნდა იღონოთ რამე!

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), პროდიუსერი:

- როგორ ფიქრობთ, ბანკის ვალი არ მექნება?! ყოველ თვე ბანკში 2.000 დოლარი შემაქვს. 7 წელია, ამ დღეში ვართ, კიდევ სამი წელი დაგვრჩა... მგონი, 2007 წლის მაისში, ათი წლით, 120.000 დოლარი გამოვიტანეთ და ხომ ვამბობ, ყოელთვიურად 2.000 დოლარს ვიხდიდით. მაგ წლებში სახლის მშენებლობა დავიწყეთ, ომი დაიწყო და გავჩერდით.

- ახლა ლარის გაუფასურების პირობებში ზედმეტს რამდენს იხდით?

- ვისაც ბანკთან აქვს ურთიერთობა, იცის, რომ თავიდან პროცენტის გადახდა მიდის, მერე - ძირის. ამდენის (200.000 დოლარამდე) გადახდის შემდეგ, მაინც 50.000 დოლარი გვაქვს დარჩენილი. რაც შეეხება ლარის გაუფასურებისას, ყოველთვიურად 500-600-ით ზედმეტის გადახდა გვიწევს. თან, სტაბილური შემოსავალი არ გავაქვს.

- გამოსავალს რაში ხედავ? და რას მიიჩნევ ლარის ასე გაუფასურების მიზეზად?

- საერთოდ, ოპტიმისტი ვარ და არ მინდა, იმედი დავკარგო, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერ საიმედოს ვერ ვხედავ.

განო მელითაური, ტელეწამყვანი:

- ჩვენი პრობლემა ცოტა ადრე დაიწყო, - სამშენებლო კომპანია, რომელიც ბინას გვიშენებდა, არ აგვიშენა და ქუჩაში აღმოვჩნდით, საიდანაც დაიწყო ყველაფერი... მე და კოტე ჩემოდნით და პატარა ბავშვებით დავდიოდით ქირით. შემდეგ ვიფიქრეთ, ქირაში ამდენი ფულის გადაყრას, ბინა ვიყიდოთო. ასე ავიღეთ ბანკიდან სესხი. თავიდანვე რაღაცები აირია, ორჯერ გამოვიცვალეთ კრედიტოფიცერი, მოკლედ, მაშინვე გაუგებრობაში აღმოვჩნდით, სესხი ძლივს დაგვიმტკიცეს, არავინ შემოგვთავზა, რომ ლარში აგვეღო და ჩვენც ვერ ვიფიქრეთ, - როცა შემოსავალი ლარში გაქვს, სესხი დოლარში არ უნდა აიღო. აქედან გამომდინარე, სულელურად გამოგვივიდა, მაგრამ მაშინ მეტი გზა არ გვქონდა. ვიფიქრეთ, ნელ-ნელა გადავიხდით-თქო.

- რამდენწლიანი სესხია?

- 10-წლიანი და მაშინ დოლარის კურსი 1.64 იყო. კოტეს კი უნდოდა, რომ დოლარის ზედა ზღვარი დაგვეფიქსირებინა, მაგრამ არ გაგვიკეთეს, - ამას არავინ აკეთებს და არც არის საჭიროო. თან, იმდენად ფორსმაჟორში ვიყავით, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა. ამ დღეშია ნახევარი საქართველო. პირადად ჩვენ მძიმე მდგომარება გვაქვს, ისევე როგორც ბევრ ჩვენს მეგობარს, ნაცნობს, იმიტომ, რომ ლარი ასე დაეცა.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)