გადაცემას "20/30", მაკა ცინცაძესთან ერთად, არჩილ გამზარდია წაიყვანს - კვირის პალიტრა

გადაცემას "20/30", მაკა ცინცაძესთან ერთად, არჩილ გამზარდია წაიყვანს

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ტელეპროექტი "20/30" დღის სინათლეს მალე, GDS-ის ეთერში იხილავს, რომლის წამყვანების თაობაზე არაერთი ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

დეტალების გასარკვევად გადაცემის პროდიუსერს ვასილ მაღლაფერიძეს დავუკავშირდით:

- გადაცემა ეთერში ალბათ მარტიდან გავა. მაკა ცინცაძე იქნება ყოველდღიური გადაცემის წამყვანი, ხოლო არჩილ გამზარდია - ყოველკვირეულის.

- ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება გადაცემის მომზადებაში ჩართული?

- როცა საჭირო გახდება, ის იქნება გადაცემის სტუმარი

- საჭიროდ ვინ უნდა მიიჩნიოს თვითონ მან, თუ გადაცემის ავტორებმა?

- ეს მოხდება ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში.

- თითქმის ყველა არხს აქვს ყოველკვირეული თოქ-შოუები და როგორ ფიქრობთ თქვენი გადაცემა გაუწევს მას კონკურენციას?

- ასეთი გადაცემები არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი გადაცემები აღარ უნდა გაკეთდეს. ეს, იცით, როგორი კითხვაა, "კვირის პალიტრა" ხომ ლიდერია თავის სფეროში, მაშინ ახალი გაზეთი აღარ უნდა გამოვიდეს, რადგან ის "კვირის პლაიტრას" ვერ გაუწევს კონკურენციას?! ჩვენი გადაცემა პასუხს გასცემს იმ კითხვებს რაც საზოგადეობას ექნება.

- GDS ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაა. ამ ფაქტორის გამო რამდენად ობიექტური იქნება თქვენი გადაცემა?

- "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა ყველა არხი ვიღაცის საკუთრებაა, მათ შორის თქვენი გამოცემაც ვიღაცსაა, მაგრამ ეს ხელს გიშლით ობიექტურობაში?! ჩვენ არ ვიქნებით ტენდენციურები და ყველა კითხვაზე ის პასუხი გვექნება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება სიმართლესთან.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საოტისთვის)