იური როსტი: უფრო და უფრო მიმძაფრდება სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა - კვირის პალიტრა

იური როსტი: უფრო და უფრო მიმძაფრდება სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა

ორი ცნობილი ხელოვანი, ქართველი და რუსი, გოგი ხარაბაძე და იური როსტი. ორი განუყრელი მეგობარი. ორი გზა - რუსეთ-საქართველოს ომამდე და მას შემდეგ...

"ქალაქებს ადამიანები აცოცხლებენ, ისინი გიღებენ მასში შესასვლელ კარს. მე 40 წლის წინ გოგი ხარაბაძემ გამიღო თბილისის კარი და მისი თვალით დავინახე საქართველო", - ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოხელოვანი იურა როსტი, რომლის ფოტოებმა ისტორიას შემოუნახა 9 აპრილის ღამე, დამეწყრილი სვანური სოფლების მკვიდრთა სევდიანი გალერეა, ქართველების უნიკალური ფოტოპორტრეტები; როსტი, რომელმაც რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის დროს განაცხადა, "მე ქართველი ვარ" და საქვეყნოდ გაემიჯნა საკუთარ ხელისუფლებას.

გოგი და იური ერთმანეთს თბილისში, 2008 წლის 7 აგვისტოს დაემშვიდობნენ.

მეორე დღეს აგვისტოს ომი დაიწყო...

მერე გოგიმ წიგნი დაწერა ამ ომზე და იქ დიდი თავი მიუძღვნა ადამიანებისა და ქვეყნების მეგობრობას. როსტს "უკანასკნელი რუსი" უწოდა - უკანასკნელი რუსი ხარ, ვინც სიყვარულით გავაცილეთ აქედანო, ეს სიმბოლური ნათქვამი იყო, მათ მეგობრობას არაფერი შეხებია, თუმცა, ომმა თავისი ქნა, ხიდები ააფეთქა...

როსტი ხშირად წერს "ნოვაია გაზეტაში", სამმილიონიანი ტირაჟის ოპოზიციურ გაზეთში - საქართველოზე, აქაურ მეგობრებზე, წარსულ და მომავალ ურთიერთობებზე.

შეცდი, რა, გოგი!

წერილი, რომელიც საქართველოს ომის დროს მივწერე ჩემს ქართველ ძმას, აქტუალურია დღესაც, რადგან უკრაინაშიც იგივე ტრიალებს.

როცა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, ჩემმა ძმამ, მეგობარმა, გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა გოგი ხარაბაძემ, რომელსაც ათეულობით ბრწყინვალე სახე აქვს შექმნილი რუსთაველის თეატრის სცენაზე და კინოში, რომელიც ბიბლიის აუდიოვერსიის, უნიკალური ქართული პოეზიის აუდიოანთოლოგიის, ასევე პასტერნაკის, მანდელშტამის, ბროდსკისა და სხვათა ნათარგმნები ქართული ლექსის აუდიოსაუნჯის ავტორშემსრულებელია, წერილი მომწერა.

"ნუთუ შენი ქალაქიდან - შენი სახლიდან, რომლის მეორე გასაღები მე მიდევს ჯიბეში, აფრენილი თვითმფრინავი დაბომბავს თბილისში ჩემს სახლს, რომლის  გასაღების მფლობელი შენც ხარ?!

მე ვტირი!"

შეცდი, რა, გოგი! მე მინდა, რომ შეცდე!

ბატონო პრეზიდენტებო, მინისტრებო, პარლამენტარებო, სამხედროებო, დიპლომატებო - გამოფხიზლდით! დაფიქრდით, რას სჩადიხართ!

ჩვენი ჯარისკაცები დიდი სამამულო ომის საერთო საძმო სასაფლაოებზე განისვენებენ.

ჩვენი პოლიტპატიმრები ერთი ავტომატის ჯერით არიან ჩაცხრილული. ცოცხლად დარჩენილები - საერთო ბანაკებში არიან ამომპალ-ამომხრჩვალი...

ჩვენი ენები შედუღაბებულია გენიალური ქართველი და რუსი პოეტების თარგმანებით. ჩვენს თვითმყოფად, განსხვავებულ კულტურებს ფესვები საერთო ნიადაგში აქვთ გადგმული, რწმენა და სამეფო გვირგვინი აკავშირებთ!

დაღი და სირცხვილი ერთი გვაქვს - ბოლშევიზმი და სტალინი!

ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ და მისი დაღვრა არ არის აუცილებელი, ამაში რომ დავრწმუნდეთ!

ნუ დათესავთ ქარიშხალს, მეთაურებო და მთავარსარდლებო! თქვენთვის ეს საუფროსო გართობაა, საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ჩვენთვის - დანაკარგით გამოწვეული ტანჯვა.

თქვენი ავი ზრახვებით ნუ დაემუქრებით კეთილ განზრახვებს!

მომავალი არ გაპატიებთ!

ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმძაფრდება სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა ჩვენი ნამოქმედარის გამო: 1956-ში - უნგრეთში და 1968-ში - ჩეხოსლოვაკიაში...

რისთვის შევწირეთ საკუთარი ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მეოთხედი "გოლოდომორს", რატომ ჩავხოცეთ ისინი სამოქალაქო ომებში, გამოვალპეთ ციხეებში, "ზონებში", ჩავყარეთ "დახვრეტილთა ორმოებში"?!

რისთვის?!

განა სატელევიზიო გამოკითხვის შედეგებისთვის, რომელმაც "რუსეთის საუკეთესო შვილად" ჩვენ მიერ ნაშობი, პარანოიით შეპყრობილი სასტიკი ურჩხული აღიარა?

კობამ პუშკინზე სამჯერ მეტი ხმა აიღო!

"ჩემო ქვეყანა, შენ შეიშალე!"

- წამოიძახა ღია  ეთერში, საერთო-სახალხო გამოკითხვის შედეგების გამოცხადების შემდეგ იური კარიაკინმა. მაშინ ეს ელვისებურ ემოციურ რეაქციად მივიჩნიე, ახლა გამოჩნდა, რომ დიაგნოზი ყოფილა.

თუ მათ ხალხი ჰქვია, მაშინ ზუსტია დიდი რუსი მწერლისა და ღირსეული ჯარისკაცის, ვიქტორ აფანასიევის შეფასება: "ეს ხალხი ძუკნაა!"

ის სტალინისკენაა - ვერაფერს გააწყობ. მე არა ვარ მათთან.

ერთმორწმუნე ერების ორსაუკუნოვანი ისტორიის ხელყოფის სირცხვილს ვერასდროს ჩამოვირეცხავთ, ვერც ჩვენ, ვერც ისინი.

რუსეთმა და საქართველომ თავ-თავიანთი გზებით უნდა იარონ, შეგნებით, მოთმინებით მიუდგნენ ერთმანეთის არჩევანს.

საკუთარ თავს ყველა თვითონ იპოვის. ნებისმიერი ხელისუფლება დროებითია.

დღეს მე არ მივმართავ ძალაუფლებითა და ამბიციებით აღჭურვილთ, რწმენით, ჭკუითა და სიყვარულით აღჭურვილებს მივმართავ!

შენ მოგმართავ, ძმაო გოგი! არ არსებობს მიზანი, რომელიც გაამართლებს ნგრევას, მეტადრე, თუ ლაპარაკი ადამიანთა სულების ნგრევაზეა.

არ არსებობს სიტყვაზე მტკიცე არგუმენტი! ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის! არა მე და შენ, ჩემო გოგი. მათ - ჩვენთან ერთად!

ჩვენ ვაცოცხლებთ ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ გარეშე ისინი არ არსებობენ...

არც ისინი არსებობენ, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

არავინ არსებობს ჩვენ  გარდა, გოგი.

პ.ს. მე კიევში დავიბადე, კიევშია მამაჩემისა და ჩემი ძმის საფლავები.

სულით ვარ მილურსმული სოფელ ბოლოტნიას, ჩერნობილთან, სადაც დაკრძალულები არიან ჩემები. ისინი აღარ არიან, მაგრამ მყავს ცოცხალი მეგობრებიც და ახლობლებიც...

მე არ მინდა, მხოლოდ წერილებს ვიღებდე მათგან და კიდევ უფრო არ მინდა, ვიღებდე წერილებს მათ შესახებ.

მე მინდა, რომ მათ იცოცხლონ.

იური როსტი,

"ნოვაია გაზეტა",

თებერვალი, 2015

არაფერია მზის ქვეშ ახალი...

საპასუხო წერილი

იურა როსტს!

წავიკითხე შენი წერილი და ორი დღე დადუმებული ვიყავი. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, ჩვენ - მე და შენ, ჩვენი ქვეყნებია...

აბა, თუ გაგიგია სადმე, რომ ომში გამარჯვებული ქვეყნის შვილი - ამ შემთხვევაში, შენ და დამარცხებულისა - ამ შემთხვევაში, მე, ერთნაირ სირცხვილს განიცდიდნენ საკუთარი მთავრობების უნიჭობის გამო.

თბილისიდან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას! ეს ღმერთმა ნუ განგაცდევინოს! თუ გიფიქრია ოდესმე, რას ნიშნავს, იყო ქართველი და ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც გაჩხერილია მსოფლიო ჰეგემონიისთვის მებრძოლ-მოჩხუბარ ორ ტიტანს - ნატოს თურქეთსა და რუსეთს შორის?!

იმ დღეს, რომელიღაც რუსი "პოლიტიკანი" დუჟმორეული ტრაბახობდა ტელევიზორში, "მისტრალი" რომ გვყოლოდა, 36 საათი კი არ დაგვჭირდებოდა საქართველოს ასაღებად, 45 წუთში დავამთავრებდით ყველაფერსო.

ყოჩაღ, ბიჭო!

ამ პატარა ქვეყანას ეომები? აბა, თუ სძლევ, თუ გაიმარჯვებ, თანაც ფრანგული "მისტრალით".

შენ მწერ, ახლა უფრო მწვავედ განვიცდი საბჭოთა ჯარების მაშინდელ შეჭრას უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაშიო... დღეს ნაკლები ხდება? საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე რუსეთის ხელისუფლება რამდენ ქვეყანას ებრძვის, უკრაინისა და საქართველოს გარდა?!

დაპყრობის, გავლენის მოპოვების სურვილი იმდენად დიდია, იმდენად მაცდუნებელი... თანაც, ყველა სუპერსახელმწიფოს აქვს მოჭარბებულად და ტოლს არ უდებენ ერთმანეთს...

აგერ, ამერიკას გახედე! როგორი დაჟინებით ცდილობს ამერიკული დემოკრატიის იმპორტირებას შიიტებისა და სუნიტების ბრძოლით გადაღლილ ერაყში? ნატოს გაფართოებაზეც ზრუნავს. ადრე დასავლეთის "ბუფერი" პოლონეთი იყო, სამხრეთისა - თურქეთი. ახლა დასავლეთით უკრაინას უნდა ააღებინოს ეს ფუნქცია, სამხრეთით - საქართველოს...

ასე, ნელ-ნელა მიუახლოვდება ნატო რუსეთის საზღვარს - სისხლის, ნგრევის, რიგითი ჯარისკაცების სიცოცხლისა და დანგრეული ბიოგრაფიების ფასად. ვის დაკარგვია ადამიანი და მისი განცდები, პოლიტიკოსების თამაშში წაგებული ცალკეული სიცოცხლე?!

შენ კი, ჩემო ძმაო, რწმენაზე, მეგობრობაზე, საძმო საფლავებზე, საერთო ფესვებზე, პოეზიაზე, სიყვარულზე მწერ...

რამდენჯერ ვყოფილვარ კიევში გასტროლებზე... დიდი სიყვარულით ვიგონებ შენს მშობლებს, თქვენს მყუდრო სამყოფელს, ოპერის უკან, გრიბოედოვის ქუჩაზე... ცოდვა გამხელილი სჯობს და, მაშინ რუსეთი და უკრაინა მეც ერთი ქვეყანა მეგონა. მაგრამ რასაც მე კარგა ხანია, მივხვდი, დღესაც არ და ვერ ხვდება რუსეთის ხელისუფლება. სხვა სახელმწიფოა უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო და როგორც უნდა და შეუძლია, საკუთარი ქვეყანა ისე უნდა განაგოს. სხვა მსოფლიოა, სხვა მიდგომები...

ძალით და ხიშტით ცოტა ხნით თუ დაიჭერ ქვეყანას, სამუდამოდ - ვერასოდეს! მაგრამ ეგ არის, "ხიშტის პოლიტიკას", თუნდაც ხანმოკლეს, გამოუსწორებელი შედეგების მოტანა შეუძლია! ეს დაგვემართა ჩვენ, ჩემო მეგობარო! ძაფები, რითაც ასე ვიყავით გადაჯაჭვული, ხიშტიანმა პოლიტიკოსებმა დაწყვიტეს!

შენ მწერ, ჩვენ უკვდავი ხელოვნება გვაკავშირებსო. ასეც არის, ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია გიგანტების შემოქმედება, მათი გადებული ხიდები...

მაგრამ ვერ გეტყვი, იცნობს თუ არა, დღეს ქართველი ახალგაზრდა მათ ნაწარმოებებს?!

რუსული ენა მისთვის ოკუპანტის ენაა, ოკუპანტისა, რომელიც მისი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას, არ აინტერესებს ამ ენაზე შექმნილი შედევრები, მორჩა და გათავდა...

არც მოსკოვში ან პეტერბურგში მოხვედრაა მისთვის მაინცდამაინც საოცნებო! აგერ, შენგენის ვიზა და მარადი ქალაქები: რომი, პარიზი, ლონდონი... ყველა გზა ხსნილია, რუსეთის გარდა...

ესეც "ხიშტების პოლიტიკის" შედეგია... მაგრამ იქნებ მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან დამნაშავენი? იქნებ მთავარი დამნაშავე ის რწმენაა, ის რომანტიკული წარმოდგენა ქვეყნების ძმობასა და მეგობრობაზე, რომელითაც მე და შენ აღვიზარდეთ?

რუსეთის და სხვათა დამპყრობლურმა პოლიტიკამ ხომ კარგად დაგვანახა, რომ მითი ყოფილა ყოველივე, ოპიუმი ხალხისათვის! ქვეყნებს შორის არსებობდა, არსებობს და იარსებებს კოალიციები, გაერთიანებები, ომები, დაზავება და მშვიდობა და რაც მთავარია, ინტერესები, იურა! და სხვა არაფერი! ძმობა, ერთგულება, თავგანწირვა და მეგობრობა ადამიანებს შორის არსებობს მხოლოდ!

ეს მე და შენ ვართ და დავრჩებით ძმებად, ქვეყნები კი იმის მიუხედავად, რას ვიფიქრებთ ჩვენ, ცივი გონების პოლიტიკოსებმა უნდა მართონ. და რაც ნაკლები იქნება მათ შორის ისეთი, ვისაც თქვენი სტალინი და ჩვენი ჯუღაშვილი მოენატრება, მით უკეთესი ყველასთვის...

შენი ქართველი ძმა გოგი ხარაბაძე.

იური როსტის წერილი თარგმნა და მასალა მოამზადა თამარ ცაგარეიშვილმა