რა მიზნით გავრცელდა ჭორი, რომ პატრიარქმა სააკაშვილის დედას მისი დაბრუნება სთხოვა?! - კვირის პალიტრა

რა მიზნით გავრცელდა ჭორი, რომ პატრიარქმა სააკაშვილის დედას მისი დაბრუნება სთხოვა?!

გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თითქოს გიული ალასანია თავის რეზიდენციაში დაიბარა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება სთხოვა, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ეს ინფორმაცია ნანა დურგლიშვილმა გაავრცელა, რომელიც "ფეისბუქგვერდზე" ასევე წერდა: "ვხედავ დიდი ბჭობა მიდის თემაზე, მართალია თუ არა ინფო იმის შესახებ ,რომ პატრიარქმა გიული ( მიშას დედა ) დაიბარა და სთხოვა მიშასთვის გადაეცა, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს და მიხედოს ქვეყანას. ეს არის სიმართლე ,ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, მიიღო თავის საძინებელში, სადაც ესაუბრა და სთხოვა, რომ მიშასთვის გადაეცა დანაბარები, მერე გამოაცილა ყველას დასანახად. რამოდენიმე მეგობრის კედელზე წავაწყდი ამ თემაზე კამათს და მსჯელობას, ეს მოხდა თუ არ მოხდა . მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა , ეს ამბავი მართალია !"

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საპატრიარქო, რომლის განცხადებასაც გთავაზობთ:

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას "მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო", რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში, ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს.

ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი დარეჯან კუხიანიძეც "ფეისბუქის" გვერდზევე ადასტურებს საპატრიარქოს განცხადებას და წერს: "ქალბატონმა გიულიმ სხვებთან ერთად, თავისი ინიციატივით, მიულოცა უწმინდესს დაბადების დღე. . . არც დაბარება ყოფილა და არც რაიმე მსგავსი შინაარსის საუბარი.როგორც რიგითი მართლმადიდებელი და ეპისკოპოს იოსებ წერეთლის შამომავალი, გიული ალასანია თავს მოვალედ თვლიდა მიელოცა ჩვენი სულიერი მამისთვის დაბადების დღე."

ბუნებრივია ისმის კითხვა, ვის ინტერესში იყო მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება?!