აკაკის მღვიმე - აღმოჩენა საჩხერის რაიონში (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

აკაკის მღვიმე - აღმოჩენა საჩხერის რაიონში (ექსკლუზივი)

რა ხდება მღვიმევის მონასტერში?

"21 მეტრის სიგრძის დარბაზში, სადაც გამორჩეულად საინტერესო ნაღვენთი ფორმები დაგვხვდა"

"შესაძლებელია, დიდი სტალაქტიდის გვერდის ავლით ქვევით ხეობის სხვა, კიდევ უფრო საინტერესო დარბაზში მოვხვდეთ"

მდინარე ყვირილას ხეობაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში ახალი მღვიმე აღმოაჩინეს და აკაკი წერეთლის სახელი უწოდეს. გვესაუბრება ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი:

- მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის - ჯრუჭულის ხეობაში მოვაწყეთ ექსპედიცია, გეოგრაფიულ მონიტორინგს ვატარებდით და ადგილობრივმა მცხოვრებმა, კულტურის ღვაწლმოსილმა მუშაკმა ბიძინა აბჟანდაძემ გვთხოვა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში, მის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებული კლდითაც დავინტერესებულიყავით, - პატარა შესასვლელი აქვს და ხომ არ დაგვეთვალიერებინაო. თვითონ იქ არ იყო ნამყოფი. საკმაოდ რთული შესასვლელი ზღვის დონიდან 455 მეტრზეა. თავდაპირველად ეკალბარდებში გავიკვლიეთ გზა, დაახლოებით 10 მეტრი ხოხვით გავიარეთ, ციცაბოზე ჩავედით და მიწისქვეშა ხეობაში აღმოვჩნდით. ეს იყო ტიპური კარსტული მღვიმე სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგმატებით, ასევე - სავარაუდოდ 6 მეტრის სიღრმის კარსტული ჭით. 4 საათის განმავლობაში ვათვალიერებდით დარბაზებს.

- სულ რამდენი დარბაზი იყო?

- ოთხსართულიან მღვიმეში ოთხი დარბაზია. მასში წყლის ნაკადები შედის და ჩვენც სწორედ ნაკადს შევყევით ჩრდილოეთის მიმართულებით. მესამე სართულიდან გადავედით 21 მეტრის სიგრძის დარბაზში, სადაც გამორჩეულად საინტერესო ნაღვენთი ფორმები დაგვხვდა. ჰაერის ტემპერატურა დარბაზში 14 გრადუსს შეადგენდა და აქ ვნახეთ ღამურები, ობობები, სხვა ცოცხალი ორგანიზმები.

გავზომეთ და შესასვლელიდან მღვიმის ჯამური სიგრძე 40 მეტრს აღემატება. მის ბოლოს აშკარად იკითხება მიწისქვეშ მდინარის კალაპოტი და ძალიან საინტერესო გეომორფოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე. ამ ადგილას, სადაც პალეო ანუ ძველი ხეობაა წარმოდგენილი, ნაღვენთი ფორმის ზრდის შედეგად გზა არის ჩაკეტილი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელია, დიდი სტალაქტიდის გვერდის ავლით ქვევით ხეობის სხვა, კიდევ უფრო საინტერესო დარბაზში მოვხვდეთ. ვნახოთ, სამომავლოდ კიდევ ვაპირებთ მღვიმეში ჩასვლას და მის გამოკვლევას. გამორიცხული არ არის, მისი ჯამური მაჩვენებელი ბევრად გაიზარდოს. საბედნიეროდ, მღვიმის ნაღვენთი ფორმები ჯერჯერობით დაუზიანებელია, განსხვავებით იმ არეალში არსებული მღვიმეებისგან, სადაც ადამიანები შედიან, ნაღვენთებს ამტვრევენ, გარეთ გამოაქვთ და იქვე ყრიან. იმედია, ეს აღმოჩენა ასეთი ბარბაროსობის წინაპირობად არ იქცევა.

მღვიმის აღმოჩენა დაემთხვა სხვიტორში აკაკი წერეთლის იუბილის მოსამზადებელ შეკრებას, რომელსაც ექსპედიციის წევრებიც დავესწარით. გამოვიყენეთ ჩვენი პროფესიული უფლება და გადავწყვიტათ, ახალ მღვიმეს აკაკი წერეთლის სახელი მივანიჭოთ.

- სწორედ თქვენი ექსპედიციის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვიმევის მონასტრის ეკლესიის გუმბათი ჩამოიშალა. ნახეთ, რა მდგომარეობაა ახლა მონასტერში?

- ეს ამბავი 23 თებერვალს მოხდა. გავრცელებულ ინფორმაცით, ყველას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ძველი, 1283 წელს აგებული ტაძრის გუმბათის ჩამოიშალა, სინამდვილეში არც მას და არც ძველ მონასტერს დამუქრებია საფრთხე. მღვიმევის მონასტრის ტერიტორიაზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, ოღონდ შენდება ახალი სენაკები და ასევე, ახალი ბაზილიკის ტიპის ტაძარი. ჩამოიშალა სწორედ ამ ტაძრის აგურით ნაშენები გუმბათი და 3 ადამიანი დაშავდა, მაგრამ საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)