სარეცხის მანქანის ქურდობისთვის დაჭერილი 6 შვილის მამა - კვირის პალიტრა

სარეცხის მანქანის ქურდობისთვის დაჭერილი 6 შვილის მამა

"აი, 6 შვილი რომ გყავს და იმდენად გინდა ცოლისთვის სარეცხი მანქანა და იმდენად არა გაქვს მისი ყიდვის საშუალება, რომ იპარავ და ამისთვის 3 წლით გსვამენ ციხეში... კარგით რა, ცოდოა ეს გივი, ვერ ხედავთ, რომ დამნაშავის, ბოროტი რეციდივისტის სული მასში არ სახლობს და ეს შეცდომაც სიყვარულმა ჩაადენინა"

პოეტი შოთა იათაშვილი თავის "ფეისბუქგვერდზე" საინტერესო ამბავს წერს:

"გუშინ გლდანის ციხეში ვიყავი, დათო ყანჩაშვილმა წამიყვანა, პატიმრებისთვის ლექსები უნდა წამეკითხა. კი წავიკითხე რამდენიმე, ცოტა პოეზიაზე ლაპარაკიც მოვასწარი, მაგრამ მერე გააქტიურდნენ პატიმრები: ჯერ ერთმა დააძრო თავისი რვეული და თავისი ლექსები გვიკითხა, მერე მეორესაც მოუნდა, და კაი, გაიქეცი საკანში, მოიტანე შენი რვეულიო, გაუშვეს და იმანაც მოირბინა თავისი ნაწერებით და პოეტური საღამო განაგრძო. ახლა რატომ ვყვები ამ ყველაფერს: პირველი, რომელმაც ეს საქმე წამოიწყო, გივი, რაღაც ძალიან წრფელ ლექსებს კითხულობდა, სულ თავის ოჯახს და უპატრონოდ დატოვებულ შვილებს მისტიროდა. რომ ვკითხე, 6 შვილი მყავსო და 3 წელი მაქვს მოსჯილი, კიდევ 2 დამრჩაო. თუ რა დააშავა, იქ აღარ მიკითხავს, მომერიდა რაღაცნაირად, მაგრამ ყველაფერი რომ მორჩა და გარეთ გამოვდიოდით, ადმინისტრაციიდან ერთმა გოგომ, რომელიც მოგვყვებოდა, გვითხრა, გული მოგიკვდებათ, რომ გაიგოთ ეს გივი რაზეა დაჭერილიო. სადღაც სოფელში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში და სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაიჭირესო. აი, 6 შვილი რომ გყავს და იმდენად გინდა ცოლისთვის სარეცხი მანქანა და იმდენად არა გაქვს მისი ყიდვის საშუალება, რომ იპარავ და ამისთვის 3 წლით გსვამენ ციხეში. რაღაც ძალიან რობოტულია ეს ჩვენი სადამსჯელო სისტემა, წვეთი ადამიანობისა მასში არაა. არ შეიძლება ასე, კარგით რა, ცოდოა ეს გივი, ვერ ხედავთ, რომ დამნაშავის, ბოროტი რეციდივისტის სული მასში არ სახლობს და ეს შეცდომაც სიყვარულმა ჩაადენინა. მიეცი პირობითი, ნუ 6 თვე მაინც აკმარე, ისიც არ ეყოფა, რომ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში 6 შვილის მამას სარეცხი მანქანა ოცნებადა აქვს გადაქცეული?