ქალი, რომელიც ზღაპარში ცხოვრობდა - კვირის პალიტრა

ქალი, რომელიც ზღაპარში ცხოვრობდა

საბჭოთა კავშირის აგრესიით აღშფოთებულმა, 80 წლის სელმამ, თავისი სანობელო მედალი ფინელი ხალხის დასახმარებლად შვედეთის ეროვნულ ფონდში მიიტანა

ძალიან იშვიათად, რომ მწერალი დიდიც იყოს, ცნობილიც, სიცოცხლეშივე დაფასებულიც, მეოცნებეც, სამართლიანიც, კეთილიც, მოკრძალებულიც. სწორედ ასეთი ქალი იყო სელმა ლაგერლეფი.

სამი წლის სელმაზე ვერავინ იფიქრებდა,  ლოგინს მიჯაჭვული ეს გოგონა გაიზრდება და მთელ ქვეყანას გააბედნიერებს თავისი რომანებითო, ეგ კი არა, გაიზრდებაო, იმას ცოტა თუ იფიქრებდა. მოხდა ისე, რომ სელმა საწოლს მიეჯაჭვა, და როგორც ახლა ამბობენ ხოლმე მისი შემოქმედების მკვლევრები, სწორედ ამას უნდა უმადლოდეს მსოფლიო "საგას იოსტა ბერლინგზე" და პირველ ნობელის პრემიის ლაურეატ ქალს ლიტერატურაში.

გოგონას  ყოველდღიური გატანჯული ყოფა რომ როგორმე გაემრავალფეროვნებინათ, სელმას ოჯახის წევრები ზღაპრებსა და სკანდინავიურ ლეგენდებს უყვებოდნენ, განსაკუთრებით ბებია ზრუნავდა ამ მხრივ. გოგონა თითქოს ზღაპარში ცხოვრობდა. ჰო, კიდევ იმასაც ამბობენ, სელმამ მწერლობა პირველად შვიდი წლისამ გადაწყვიტა, როცა მაინ რიდის რომანების კითხვა დაიწყოო.

1867 წელს სელმა ლაგერლეფი სტოკჰოლმში გადაბარგდა, სადაც ექიმებმა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი აღუდგინეს. მომავალმა მწერალმა იქვე მიიღო განათლებაც და 1885 წელს ქალთა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

ბავშვობის დროინდელ ოცნებას ამჯერადაც, ისე, როგორც უმრავლეს სხვა შემთხვევაში, მოცდა მოუხდა, სელმა ლექსებს კი აქვეყნებდა, მაგრამ მწერლური დიდება ახლოსაც არ გაჰკარებია მის სახელს, ცოდნითაც თითქმის არავინ იცოდა შვედეთის სამხრეთში მასწავლებლად მომუშავე ქალის ამბავი. გაგრძელებით კი ასე გაგრძელდა 1890 წლამდე, იქამდე, სანამ პროვინციული სკოლის მასწავლებელმა თავისი პირველი რომანის ხუთი თავი გამომცემლობაში არ გაგზავნა, გამოცხადებული კონკურსი არ მოიგო და მომდევნო წლისთვის მთელი წიგნი არ დააბეჭდვინა.

ამგვარად გამოვიდა "საგა იოსტა ბერლინგზე", კრიტიკოსებმა შეამჩნიეს, შეამჩნია მკითხველმაც და სელმა უცებ  კლასიკოსი გახდა და ყველა მიხვდა, რომ ეს ვერმლანდში დაბადებული გოგო  კვალგაუვლებლად არ დატოვებდა შვედურ ლიტერატურას, არ დატოვებდა კი არა, მის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა - წიგნებში შეიცვლებოდა, ქალთა უფლებების ამბავშიც და ბოლოს, სულ ბოლოს, იქნებ პოლიტიკაშიც.

თავის რომანებში სელმამ უარყო კლასიკური რეალიზმი,  ურბანიზმის შემოტევა და აირჩია სხვა გზა - ზღაპრის, მითის, კეთილი ბატონების, პატრიარქალური ყოფის.

სელმამ ლიტერატურულ ასპარეზზე წარმატების მოპოვებიდან სულ მალე დაანება თავი მასწავლებლობას და  მწერლობას დაუკავშირა თავისი ცხოვრება. აქვე უნდა ვთქვათ, მის ყოველდღიურობაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ, იდეებს კარნახობდნენ, აღაფრთოვანებდნენ, მაგალითად, სოფი ელკანი, ებრაული წარმოშობის შვედი მწერალი და მთარგმნელი, შემდეგ კი უკვე ვალბორგ ოლანდერი, მასწავლებელი და ქალთა უფლებების თავგამოდებული დამცველი. ჰო, ბარემ სასიყვარულო ურთიერთობებზეც ვთქვათ, დღეს ბევრს ლაპარაკობენ, ორივე ქალბატონთან, სოფისთანაც და ვალბორგთანაც, სელმას დიდი და მწველი სიყვარული აკავშირებდაო.

XIX საუკუნის ოთხმოცდაათიანი და ათასცხრაასიანი წლები სელმას წარმოუდგენელი წარმატებით აღინიშნა. ჯერ იტალიაში მოგზაურობა გამოიყენა რომანში "ანტიქრისტეს სასწაული", ხოლო მოგვიანებით, 1901-1902 წლებში გამოსულ ტექსტში, "იერუსალიმი", სელმამ აღწერა ბედი ადამიანებისა, რომლებმაც დატოვეს მშობლიური მხარე, გაემგზავრნენ წმინდა მიწაზე და იქ განაგრძეს ცხოვრება მეორედ მოსვლის მოლოდინში.

რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებს არასდროს დაუკარგავს მნიშვნელობა სელმა ლაგერლეფისთვის, ისევე, როგორც პატრიარქალური ყოფის აღწერას და ჭეშმარიტ, უფრო სწორად, სუფთა, მზაკვრობისგან თავისუფალ ადამიანურ ურთიერთობებს. მას შემდეგაც კი, როცა იგი უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შვედეთის აკადემიის წევრი და რაც მთავარია, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი გახდა 1909 წელს.

ცხრაასიან წლებში გამოსული წიგნი, ზღაპარი "ნილს ჰოლგერსონისა და გარეული ბატების მოგზაურობა შვედეთში", ყმაწვილებისთვის შვედეთის ისტორიის, მითოლოგიისა და კულტურის გაცნობას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს მსოფლიო აღიარება. 1914 წელს კი სელმამ მკითხველს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა და "პორტუგალიის იმპერატორი" დაწერა, რომანი, სადაც საუკეთესოდ წარმოაჩინა იმ ეპოქის სკანდინავიური ლიტერატურის ტრადიციები; დამოკიდებულება წარმოსახვით რეალობასთან, "გონებისმიერ თამაშებთან" და, რა თქმა უნდა, ადამიანის ბედი ამ ყველაფრის ფონზე.

მისი ცხოვრების ბოლო პერიოდს კი მიეკუთვნება ლიოვენშოლდების ტრილოგია, ოჯახური საგა, ხუთი თაობის ამბავი, სადაც სიკეთის გამარჯვებას თან სდევს ადამიანური სტოიციზმი, ტანჯვა, მოთმინება და გამბედაობა, ყველა ის თვისება, რაც XX საუკუნის დასაწყისის სკანდინავიელი ავტორების, განსაკუთრებით ქალი ავტორების, შემოქმედებაში ხშირად გამოვლინდება ხოლმე. "ლიოვენშოლდების ბეჭედი", "შარლოტა ლიოვენშოლდი" და "ანა სვერდი", 20-იანი წლების შუახანებში დაწერილი ეს სამი რომანი, შვედი კლასიკოსის უკანასკნელი დიდი ლიტერატურული გამარჯვებაა.

ზოგჯერ ამბობენ, რომ ბედნიერებაა, როცა მწერალი საკუთარი გმირებივით ახერხებს ცხოვრებას, განსაკუთრებით, დადებითი გმირებივით. საბჭოთა კავშირის აგრესიით აღშფოთებულმა, 80 წლის სელმამ, თავისი სანობელო მედალი ფინელი ხალხის დასახმარებლად შვედეთის ეროვნულ ფონდში მიიტანა. იმასაც ამბობენ, რომ შვედეთის მთავრობამ მედალი გამოისყიდა და მფლობელს დაუბრუნა, მაგრამ ეს ხომ მთავარი არ არის...

ზაალ ჩხეიძე