იმიჯის "განულების" საფრთხე "მაგთისთვის" - კვირის პალიტრა

იმიჯის "განულების" საფრთხე "მაგთისთვის"

ვწუხვარ, რომ "მაგთი" შანტაჟის გზას დაადგა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან "პალიტრა TV"-ისა და "მაგთისატის" დავაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე ტელევიზიისა და ე.წ. საკაბელო კომპანიის კერძო დავას კი არა, "მასთ ქერის" კანონის მთავარ პრინციპს ეხება, რომლის თანახმად, ე.წ. საკაბელო კომპანია (მაუწყებელზე ავტორიზებული პირი) ვალდებულია, პაკეტში ჩართოს ტელევიზია (საერთო მაუწყებელი). სამოქალაქო საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორს დიდი ბრძოლა დასჭირდათ, რომ 2012 წელს "მასთ ქერის" პრინციპი კანონად ქცეულიყო. ამის მიზანი უსამართლობის გამორიცხვა იყო, ანუ ე.წ. საკაბელო კომპანიების მიერ ტელევიზიების პაკეტში ჩართვა პირადი თუ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით წარსულს უნდა ჩაბარებოდა. Mმაყურებელს თავად უნდა შეერჩია, რომელი მედიასაშუალებისგან მიიღებდა ინფორმაციას და ვინმეს ახირებებზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. თუმცა, როგორც ჩანს, უსამართლობა ბოლომდე დამარცხებული არ არის - "მასთ ქერის" კანონის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ, "მაგთი" უარს აცხადებს პაკეტში ჩართოს "პალიტრა TV".  დეტალებზე "პალიტრა TV"-ის დირექტორი ინგა დადიანი გვესაუბრება:

- მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს "მასთ ქერის" პრინციპი დაკანონდა და ქვეყანაში თითქოს ყველა ტელევიზიისთვის თანაბარი პირობები შეიქმნა, კომპანია "მაგთი" სამომხმარებლო პაკეტში "პალიტრა TV"-ის განთავსებაზე უარს აცხადებს და მაყურებლის ინტერესებსაც უგულებელყოფს. განსაკუთრებით გამოვყოფდი სოფლად მცხოვრებ მაყურებელს, რომელთაც სურთ "პალიტრა TV"-ის ყურება. თუმცა, იმის გამო, რომ იქ "მაგთი" მონოპოლისტია, მაყურებელი იძულებულია, დასჯერდეს იმას, რასაც ეს კომპანია თავად შეურჩევს. ანუ, ერთი მხრივ, ირღვევა ტელევიზიის უფლება, მეორე მხრივ კი - მაყურებლის.

თუ ერთხელ ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდა და "მაგთის" ერთხელ "გაუვიდა" კანონის ინტერპრეტაცია და მაყურებლების უფლების შელახვა, ეს შეიძლება გამეორდეს მეორედ, მესამედ და მივალთ იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე, როცა ზოგიერთ ტელევიზიას გავრცელებას ხელოვნურად უბლოკავდნენ. ეს სახიფათო პრეცედენტი იქნება და საბოლოოდ, "მასთ ქერის" პრინციპი დავიწყებას მიეცემა.

სწორედ ეს არის ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი, თორემ, სიმართლე გითხრათ, ისეთ არასაიმედო ბიზნესპარტნიორთან, როგორიც "მაგთია", საქმეს ნამდვილად არ დავიჭერდით.

- საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა...

- აბა, როგორ ვუწოდო "მაგთის" სერიოზული ბიზნესპარტნიორი, როდესაც ის წელიწად-ნახევარია, ფაქტობრივად, გვატყუებს?!

ჯერ გვითხრეს, პაკეტში ჩასართავად თავისუფალი არხი არა გვაქვსო. შემდეგ განგვიცხადეს, სიგნალი სტოკჰოლმში მდებარე სადგურში (მისი მეშვეობით "მაგთი" არხებს პაკეტში ათავსებდა) მოგვაწოდეთო. ამ წინადადებას დავთანხმდით და როდესაც ვიკითხეთ, თუ როგორ უნდა შეგვეტანა სტოკჰოლმის სადგურში შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, "მაგთიმ" მოულოდნელად განგვიცხადა, სტოკჰოლმის სადგური დახურული ზონაა და იქ ვერავინ შევაო. შემდეგ გვითხრეს, სამომხმარებლო პაკეტში მას შემდეგ ჩაგრთავთ, რაც თბილისში "მაგთისატის" ახალი სადგურის აშენებას დავასრულებთო.

2013 წლის 4 ნოემბერს "მაგთისგან" მივიღეთ ოფიციალური წერილი, რომლის თანახმად, ზემოხსენებული სადგურის ამუშავების შემდეგ შეგვატყობინებდნენ, როდის განათავსებდნენ "პალიტრა TV"-ის პაკეტში. თუმცა, როცა მშენებლობა დასრულდა, კომპანიამ თანამგზავრული სიგნალის მიწოდების (ჩვენ მზად ვართ, სიგნალი მივაწოდოთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით) ან სამომხმარებლო პაკეტში განთავსების სანაცვლოდ, ყოველთვიურად 5.000 დოლარი მოგვთხოვა. ხაზს ვუსვამ - მანამდე ჩვენ შორის ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. "მასთ ქერის" პრინციპის მიხედვით, ტელევიზია არ არის ვალდებული, საკაბელო კომპანიას პაკეტში განთავსებისთვის ფული უხადოს. შესაბამისად, პრინციპული უარი ვთქვით - ჩვენ არ ვიხდით ფულს იმაში, რაც კანონით უფასოდ გვეკუთვნის. ჩვენი უარის შემდეგ "მაგთიმ" ბარტერი შემოგვთავაზა "პალიტრა TV"-ის სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, კეთილი ნება გამოვიჩინეთ და წინადადებას დავთანხმდით, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგიათ - როცა ბარტერზე შევთანხმდით და ხელშეკრულებებიც ხელმოსაწერად გამზადდა, ბოლო მომენტში "მაგთიმ" უფასო სარეკლამო მომსახურება "პალიტრამედიის" ინტერნეტპორტალებზე მოითხოვა. პირდაპირ ასე გვითხრეს, ფასი ნულთან ახლოს უნდა იყოს ინტერნეტრეკლამაზე ჩვენთვისო. როდესაც ბოლო მომენტში ასე იქცევი, ეს უკვე შანტაჟია.

ვწუხვარ, რომ "მაგთი" შანტაჟის გზას დაადგა, თუმცა, მისი ხელმძღვანელობა უფრო უნდა წუხდეს - ასეთი მეთოდებით მოქმედება "მაგთის" იმიჯს მართლაც "გაანულებს".

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომ "მაგთი" არა მხოლოდ პარტნიორებთან, საკუთარ აბონენტებთანაც კი არაკეთილსინდისიერად იქცევა.

- "მაგთი" ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული 5.000 დოლარი ტექნიკური მომსახურებისთვის იყო საჭირო. ასევე, კომპანია აქცენტს კვლავ სიგნალის თანამგზავრის მეშვეობით მიწოდებაზე აკეთებს.

- "მაგთი" კანონის ინტერპრეტირებას ახდენს! თუ საკაბელო კომპანიებმა სხვადასხვა დეტალის მომიზეზებით ტელევიზიებს ჩართვისთვის ფულის მოთხოვნა დაუწყეს, მაშინ რაღა აზრი აქვს "მასთ ქერის" პრინციპს?! რაც შეეხება იმას, რომ "მაგთი" კვლავ თანამგზავრულ სიგნალზე აკეთებს აქცენტს, მათივე ინფორმაციით, "მაგთისატში" ჩართული 23 ქართული არხიდან თანამგზავრულ სიგნალს მხოლოდ 9 ტელევიზია აწვდის, დანარჩენები სხვა საშუალებებით აწვდიან, მათ შორის - ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. რატომ გახდა გამონაკლისი ჩვენი ტელევიზია, ამ კითხვაზე "მაგთისგან" პასუხი ვერ მივიღეთ ვერც ჩვენ და ვერც ჩვენმა მაყურებელმა.

კატეგორიულად ვაცხადებ: "მაგთის" მოუწევს "მასთ ქერის" პრინციპის დაცვა და "პალიტრა TV"-ის სამომხმარებლო პაკეტში განთავსება. ბოლომდე დავიცავთ ჩვენსა და მაყურებლის უფლებებს.

- "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" "მაგთის" მოუწოდა, პაკეტში "პალიტრა TV" განათავსოს...

- თავის დროზე, "მასთ ქერის" პრინციპის დასამკვიდრებლად, სწორედ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძოდნენ, რათა ქვეყანაში მედიასაშუალებების დისკრიმინაცია პოლიტიკური თუ პირადი ინტერესის გამო არ მომხდარიყო. იმედია, "მაგთი" ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი აზრის იგნორირების გზას არ დაადგება.

მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "ფაქტია,

კომპანია "მაგთისატი" სამომხმარებლო ბადეში იმ ტელევიზიებს რთავს, რომლებიც "პალიტრა თV"-ის მსგავს რეალობაში არიან. ამიტომ კომპანიისგან ამ კონკრეტული ტელევიზიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გაუგებარია.

"მასთ ქერის" პრინციპების კანონად ქცევის შემდეგ, ყველა ტელევიზიას მაუწყებლობის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა, დღევანდელმა რეალობამ ცხადყო, რომ სამწუხაროდ, ცალკეული გამონაკლისები მაინც არსებობს. "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" მიზანი ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფაა და მოსახლეობის მოთხოვნაც მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. საკაბელო კომპანიებმა მაქსიმალურად ყველა ტელევიზია უნდა ჩართონ პაკეტში, რომ მოსახლეობამ მრავალფეროვანი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროსგან მიიღოს. თუ არის იმის საფრთხე, რომ "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" სულისკვეთება დაიკარგება, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა კანონის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აღარ იყოს.

"მაგთიმ" ყველა მოგვატყუა"

ცოტა ხნის წინ "მაგთის" პრეტენზიები წაუყენა კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს მოსახლეობამაც.

ციცინო ვაზაგაშვილი: "მაგთისატის" ანტენები სოფელში თითქმის ყველამ დააყენა, მაგრამ "მაგთიმ" ყველა მოგვატყუა - 10-ლარიანი პაკეტით 40-მდე არხს ვიჭერდით, შემდეგ გააძვირეს და 15 ლარი გახდა. ინტერნეტი რომ არ ჩაგვირთეს, ეს ერთი პრობლემაა, მეორე ის არის, რომ ბევრი ისეთი არხია, რომელიც საერთოდ არ გვაინტერესებს, ხოლო რაც გვაინტერესებს, იმას არ გვირთავენ, მაგალითად, "პალიტრა TV"-ს და რეგიონულ არხს, "თრიალეთს". გივი მჭედლიშვილი: "სოფლის მოსახლეობის 90%-მა ინტერნეტის გამო დააყენა "მაგთისატი", თუმცა, ინტერნეტი არ გვაღირსეს და გამკითხავიც არავინაა".

"მოვუწოდებთ "მაგთის", გაითვალისწინოს აუდიტორიის მოთხოვნა"

ამონარიდი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებიდან: "სამწუხაროა, რომ "მაგთიკომი" არ ათავსებს "პალიტრა TV"-ის საკუთარ ბადეში მაშინ, როდესაც, "პალიტრა TV"-ის განცხადებით, სხვა მაუწყებლებს, რომლებიც მსგავსი ფორმატით მაუწყებლობენ და სიგნალს გადასცემენ, ოპერატორი მომხმარებელთა პაკეტში დაუბრკოლებლად ათავსებს. მართალია, კანონმდებლობით შეუძლებელია ყველა მდგომარეობის წინასწარ გათვალისწინება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის მიზანი, რისთვისაც თავდაპირველად მიღებულ იქნა Must Carry/Must Offer რეგულაციები, დაცულ იქნეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს "მაგთიკომს", მაქსიმალურად გაითვალისწინოს აუდიტორიის მოთხოვნა და განათავსოს "პალიტრა TV" საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში, რაც მხოლოდ შეუწყობს ხელს ქვეყანაში პლურალისტური გარემოს გამტკიცებას".

"მაგთი" არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულეს

რამდენიმე კვირის წინ "მაგთიკომმა" საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ კორპორაციულ აბონენტებს წინასწარ გაფრთხილების გარეშე თანხები გაუნულა, რასაც მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. აბონენტთა დიდმა ნაწილმა სხვა ქსელში პორტირების გადაწყვეტილება მიიღო. კომუნიკაციების ომბუდსმენმა "მაგთი" არაკეთილსინდისიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. "მაგთი" იძულებული გახდა, ხალხისთვის ფული დაებრუნებინა.

რუსუდან შელია