რაღაც ყარს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" - რას ყვება განთავისუფლებული დირექტორი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რაღაც ყარს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" - რას ყვება განთავისუფლებული დირექტორი (ექსკლუზივი)

"ვერავინ ამოწმებდა ,კინოსტუდიის ქონების რა ნაწილი იყიდებოდა და სად მიდიოდა შემოსული თანხა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ აქციები ფიზიკური სახით არ არსებობდა"

"მე ვურჩევდი მთავრობას ,შემოიყვანოს უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც დახარჯავენ საქართველოში ფულს და დროებით, მაგრამ მაინც დაასაქმებენ კინოში მოღვაწე ქართველებს."

"საბჭოს ჩამოყალიბება ეკონომიკის სამინისტროს იდეა გახლდათ, რომელსაც მემკვიდრეობით მიღებული სისტემის ავტორიტეტული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ გადატანა სურდა. "

გელა სულიკაშვილს, იგივე გელა ენდრიუ სულის, მიღებული აქვს იურიდიული განათლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირების შემდეგ, კი ევეგრინის კოლეჯში, ასევე ჰარვადისა და იელის უნივერსიტეტებში სახელმწიფოს ადმინისტრირების, ისტორიის, ლიტერატურის, მთავრობის მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსები გაიარა.

2008 წლის აგვისტოს ომის ტალღაზე, 2010 წელს დაარსა The GDP Club არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი დანიშნულებაც საქართველოსა და ამერიკას შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა. კლუბი იურიდიულად ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა გელა სულის გარეშე აქტიური აღარაა. მიუხედავად ამისა არ გაჩერებულა გაცილებით დიდი ისტორიის მქონე, 2000 წელს დაარსებული Site4view - გადაღებისა და მედია მენეჯმენტის კომპანია.

Site4view პარტნიორთან ერთად მოდის ფოტოგრაფიის სტუდიის სახით დააარსა. ეს ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი სფეროა და, როგორც გელა სული ამბობს, ბიზნესი საკმაოდ კარგადაც ააწყვეს. "მაიკროსოფტი", "აიბიემი", "ამერიქან ექსპრესი", "ლორეალი" და სხვები - ეს სწორედ ის კომპანიებია, რომელთათვისაც Site4viewმ ფოტოგადაღებების ლოჯისტიკისა და სარეკლამო მენეჯმენტის კუთხით იმუშავა. პარალელურად ძალების მოსინჯვა კინოსფეროშიც დაიწყეს: 2000 წელსვე ფრანგული დოკუმენტური ფილმის, Winged Migration-ის ამერიკული პრომოუშენი მოამზადეს (2002 წელს ფილმი "ოსკარზე" იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო მაიკლ მურის ფილმს "ბოულინგი კოლომბინასთვის" ერგო), ერთ-ერთი ბოლო ფილმი კი, ბერტრან ტავერნიეს "ფრანგი მინისტრი" (2013) გახლდათ, რომლისთვისაც Site4viewს ამერიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, რეჟისორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ ადგილას, გაეროს შტაბბინაში, გადაღების ორგანიზება დაევალა.

გელა ენდრიუ სულის სწორედ მაშინ დაუკავშირდნენ, როდესაც ქართული კინოს განვითარების ცენტრის 9 წევრიანი საბჭოს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. გიორგი ოვაშვილმა და ბუბა ხოტივარმა დაკავშირებისას, სწორედ ამ საბჭოს ხელმძღვანელობის საკითხი განიხილეს, კინოსტუდიასთან დაკავშირებით კი, საუბარი მოგვიანებით შედგა. აღნიშნული საბჭოს ჩამოყალიბება ეკონომიკის სამინისტროს იდეა გახლდათ, რომელსაც მემკვიდრეობით მიღებული სისტემის, ავტორიტეტული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ გადატანა სურდა. საბჭოც ამ პრინციპით დაკომპლექტდა - მასში ყველასთვის ცნობილი და წარმატებული კინომოღვაწეები შევიდნენ.

კინოსტუდია სააქციო საზოგადოებად 1995 წელს გადაკეთდა და ამავე პერიოდში განხორციელდა მისი გახლეჩვაც. ორი მესამედი სახელმწიფოს, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, ერთი მესამედი კი, აქციების სახით 2865 აქციონერზე გადანაწილდა. თითოეულ აქციონერს მხოლოდ ერთი ხმა ეკუთვნოდა (დროთა განმავლობაში ზოგმა აქციონერმა სხვების აქციები სიმბოლურ თანხად, 5-10 ლარად შეიძინა), რამაც კინოსტუდია ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააყენა: როგორც გელა ენდრიუ სული ამბობს, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა გადაწყვეტილებების მიღება, ან სხვის მიერ განხორციელებული ქმედების გაკონტროლება. ვერავინ ამოწმებდა, კინოსტუდიის ქონების რა ნაწილი იყიდებოდა და სად მიდიოდა შემოსული თანხა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ აქციები ფიზიკური სახით არ არსებობდა, მათ მფლობელთა შესახებ მხოლოდ ე.წ. წითელ წიგნში ჩამოწერილი სია მოწმობს, ყიდვა-გაყიდვის პროცესები არსადაა აღწერილი, ამრიგად პრაქტიკულად გაუგებარია, ვის რამდენი აქცია, შესაბამისად, რამდენი ხმა გააჩნდა. აქციონერთა საზოგადოებას "ქართული ფილმის თანამშრომლები" ჰქვია. 2012 წელს სახელმწიფომ აქციების გამოსყიდვის მიზნით მას 321 ათასი დოლარი გადაურიცხა, ანუ მთავრობამ მათ მფლობელობაში არსებული წილი გამოისყიდა.

გელა სულიკაშვილი გაანთავისუფლეს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა ფორმალურად ის ისევ ამ თანამდედბობას იკავებს. განთავისუფლების დოკუმენტი არასწორად იქნა შევსებული და ამის გამოსწორებაზეც აღარავის უზრუნია. ბატონი გელა დიდსულოვნად დაგვთანხმდა ინტერვიუზე და დეტალურად მოგვიყვა, თუ როგორ მოხდა მისი დანიშვნა, რა სირთულეებს წააწყდა პოსტზე და ა.შ.

- რა დაპირებები მოგცეს, რა სახის მხარდაჭერა გექნებოდათ?

- პირველად, ამ შესაძლებლობის შესახებ 2013 წლის თებერვლის ბოლოს ნიუ იორკში გავიგე გიორგი ოვაშვილისგან, რომელსაც 90 წლებიდან ვიცნობდი. მან მომწერა ფეისბუქზე. მოსულია ახალი მთავრობა, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის კინოს სფეროშიო. მე არ ვიცოდი რა ხდებოდა ამ სფეროში საქართველოში. გიორგიმ ამიხსნა, მთვარობა აყალიბებს სამეთვალყურეო საბჭოს, უნდა დაინიშნოს 9 ადამიანი ავტორიტეტული, პატივცმული და შემდეგ აირჩევენ დირექტორს, რომელიც მიხედავს კინოსტუდიასო. მე მაშინვე ვუთხარი, ამერიკის მოქალაქე ვარ და თუ რაიმე პოლიტიკურ თემებთანაა დაკავშირებული არ დავთანხმდები თქო. პირიქით, პოლიტიკური ნებაა, მხარდაჭერა მთავრობიდან არისო. ვესაუბრე რამდნეიმე ადამიანს რომლებიც შერჩეულნი იყვნენ მთავრობის მიერ. ბუბა ხოტივარს ველაპარაკე სკაიპით და შევთავაზე ასეთი რამ. სანამ ჩამოყალიბების პროცესია, მე შემიძლია, ჩემი ხარჯით ჩამოვიდე საქართველოში, გაგიცნოთ, დავილაპარაკოთ და რაღაცაზე ჩამოვყალიბდეთ. ასეც გავაკეთე. მე მეგონა ყველაფერი მოგვარდებოდა ერთ კვირაში. სინამდვილეში დამჭირდა ბილეთის სამჯერ გადაცვლა, იმიტომ რომ ხალხის ერთად თავმოყრა არ მოხეხდა. 9 ადამიანს, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ იყო, მაგრამ მოიაზრებოდა ამ საბჭოში, როგორც იქნა შევხვდი . დავინტერესდი, იმით, თუ რა უნდა ჩამებარებინა. როგორც მითხრეს, საჭირო იყო აუდიტის ჩატარება. რამდენჯერმე შევხვდი ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს დიმა ხუციშვილს. ის ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული რა ი იგულიხსმებოდა. მე ვუთხარი, რომ საჭირო იყო ფინანსური მოკვლევა, იურიდიული მოკვლევა, რაიმე ვალი ხომ არი არის და დაახლოებითი თანხა 60000 დოლარი დაჭირდება მეთქი. მე არ მქონია გარანტია არც მთავრობისგან და არც საბჭოსგან ეს პირობები შესრულდებოდა თუ არა. როგორც იქნა მომწერა ბუბამ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გამოყოფდა აუდიტის და ხელფასის ფულს. მოხდა სიტყვიერი შეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციას 17-18 წლის განმავლობაში არანაირი ბიუჯეტი არ ჰქონდა.

- თქვენი როლი რა უნდა ყოფილიყო ამ საქმეში და რა ქმედებები უნდა გაგეხორციელებინათ რომ გამოცოცხლებულიყო ეს საქმე?

- როდესაც გავიკითხე რა ფული შემოდიოდა ამ ორგანიზაციაში, მთელი შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვებიდან, წელიწადში 800 000 ლარი იყო. აქედან, თითქმის ასი პროცენტი იხარჯებოდა ხელფასებზე და კომუნალურ გადასახადებზე. ორგანიზაციას არაფერი რჩებოდა. საქართველოში 70-მდე მოიჯარეა, აქედან ზოგი ვიღაცის ნაცნობია და როდესაც გადასახადების გადახდის დრო მოდის, არ იხდიან. მათთან კონფლიქტში შესვლა არის პოლიტიკურად არასწორი, რადგან მათ რაღაც გარკვეული ფუნქცია გააჩნიათ. ზოგი აღჭურვილობას გასცემს გადაღებებისთვის, მოკლედ კინოს სფეროში არიან ჩართულები, ისინი მიეჩვივნენ რომ შეუძლიათ ორი-სამი თვე არ გადაიხადონ. ეს არის დიდი კატასტროფა, იმიტომ, რომ გამოდის, ფული ამ ორგანიზაციას არასოდეს არ აქვს. მთავრობამ თუ დოტაცია არ გააკეთა, მაშინ ორგანიზაციას განვითარების შიდა რესურსი არ აქვს.

მთელი საქართველოს მასშტაბით 11- 12 მილიონი ლარია, რომელიც კინოგადაღებებში და რეკლამებში იხარჯება. ძალიან ცოტა თანხაა. როგორ უნდა გაიზარდოს ეს ფული? ერთია, რომ უნდა მოიზიდო უცხოური გადაღებები. აი, მაგალითად 2013-ში ჰაზანავიჩუსმა რომ გადაიღო ფილმი, იმ 30 მილიონიანი ბიუჯეტის 10 მილიონი დაიხარჯა საქართველოში. სამასამდე კაცმა ამ სფეროში საქართველოში ძალიან დიდი ფული იშოვნა. მე მთავრობას ვეუბნებოდი, რომ თუ გვინდა ეს სისტემა დავქოქოთ, უნდა შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომ ორ-სამ წელიწადში, ყოველ წელს ორი პროექტი იყოს და ეს ინდუსტრია ასეულობით მილიონს მოიტანს და უფრო მეტ ხალხს გამოკვებავს.

- ეს თქვენი გეგმა საბჭოს წევრებსაც გააცანით და სამინისტროს წარმომადგენლებსაც?

- მე საკმაოდ გამიჭირდა ამ გეგმამდე მისვლა. ორი დაპირისპირების წყარო წამროიქმნა. ერთი იყო ჩემამდე არსებული მენეჯმენტი, რომელიც აწუხებდა სამინისტროს, რატომ გაგვიშვითო. მე იმათ გაშვებაში არანაირი წვლილი არ შემიტანია. მე ეკონომიკის სამინისტრომ ჩამომიყვანმა და მითხრა, ამ ადგილზე ინიშნები და მორჩა. მეორე თემა იყო აქციონერთა ერთი მესამედი. 2012 წლის ივნისამდე სააქციო საზოგადოების ორი მესამედი ეკუთვნოდა მთავრობას და ერთი მესამედი ე.წ. ქართული ფილმის აქციონერებს. ეს იყო 94 წელს შექმნილი ორგანიზაცია, სადაც 2 865 ადამიანს კინოს მექანიკოსს, მძღოლს, დამლაგებელს, ან რეზო ჩხეიძეს, მერაბ კოკოჩაშვილს, ასეთ ხალხს ჰქონდათ თითო ხმა. ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭო იქმნებოდა და 2012 წლამდე, რაღაც რეჟიმში ერთად მუშაობდნენ. წინა მთავრობის დროს სახელმწიფომ ის აქციები გამოისყიდა. სახელმწიფომ ჩემი ჩამოსვლისას მე ჩამაბარა ასი პროცენტი აქციების.

2014 წლის სექტემბრამდე მე ფეხი ვერ გავადგი ქვეყნიდან იმიტომ, რომ ჯერ აუდიტზე ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა. მე ჩამოვედი ივნისში და ფული ჩაგვირიცხეს ნოემბერში. ბიძინა ივანიშვილმა ამ ბრძანებას ხელი 2 აგვისტოს მოაწერა. ეკონომიკის სამინისტრომ 20 დღე არ გვითხრა ამის შესახებ. რეალურად ფული მივიღეთ ნოემბერში. შვიდი კომპანია გვყავდა ერთმა დაგვილაგა იურიდიული კორპორატიული ისტორია, მეორემ გააკეთა აღწერა, ფინანსურად შეაფასა და ა.შ.

- მას შემდეგ, რაც გამოჩნდნენ ეს კომპანიები, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი რა გახდა ხელიშემშლელი ფაქტორი?

- 2014 წლის მარტიდან 2014 წლის სექტემბრამდე ველოდებოდი ჩემს წინადადებებზე რეაგირებას. სახელმწიფო კიდევ არ მეკონტაქტებოდა. ჩამოაყალიბეს კომისია რომელშიც შეიყვანეს მაია ფანჯიკიძე, გურამ ოდიშარია, კოტე სურგულაძე, ეს სამი ადამიანი რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს. მოკლედ, ხუთი მინისტრი და ერთი პრემიერის მოადგილე. გავიდა ორი- სამი თვე, არაფერი არ ხდებოდა. აუდიტი დამთავრებული იყო, მე შევთავაზე, რომ ჩამოვიყვანდი ისეთ ხალხს, ვისაც არსებული პირობები პავილიონები მოეწონებოდა და შესაძლებელი გახდებოდა პროექტებზე საუბარი.

- მას შემდეგ, რაც თავიანთი სურვილით ჩამოგიყვანეს, მოგცეს პირობა გვერდში დადგომის და საბოლოოდ როცა საქმე საქმეზე მიდგა პასუხიც ვერ მიიღეთ თქვენს მოთხოვნებზე.

- მე ვთვლი, რომ მათი ვალდებულებაა რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ. მითხრან, რომ ამ რეკომენდაციას ვიზიარებთ ამას არა. ვიღაცამ რაღაც ხომ უნდა მითხრას?!

- რეალურად ხომ ჰქონდათ სურვილი ეს საქმე წინ წასულიყო და თქვენ ყოფილიყავით ამ საქმის სათავეში. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორმა შეცვალა მათი დამოკიდებულება?

- მე რომ ამერიკაში წავედი, იქ სამი კვირა ვიყავი და ამ დროის განმავლობაში მთავარი, რაც ჩამოვიტანე, არის რელატივიტი მედია კინოკომპანია, რომლის ხელმძღვანელობასაც შევხვდი და შევფუთე საქართველო, რომ ძალიან იაფი ქვეყანაა, ძალიან ლამაზი ხალხია, იციან კინო, დიდებული ლოკაციებია და რომ ჩამოვედი ექვს დღეში დამირეკეს, დიდი პროექტია 50 მილიონიანი მარტინ კემპბელი (კაზიონო როიალის და ზოროს ნიღაბის რეჟისორი) იღებსო და მე გამიკვირდა კიდეც, უკვე სერიოზულ თემაზე იყო საუბარი. მოკლედ ეს ხალხი მზად იყო საქმის დასაწყებად და ამ საბჭოს წევრებს ვურეკავ, ეს ხალხი კი გაქრა. დავურეკე რამდენიმე ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში და არავინ არ მპასუხობდა. 13 ოქტომბერს, როცა მე გაგანია მოლაპარაკებაში ვიყავი, საბჭოს ხუთი წევრი შეიკრიბა და დაწერეს ჩემი განთავისუფლების მოთხოვნა, მე ეს ორი კვირის შემდეგ გავიგე.

- მიზეზი დასახელდა თქვენი განთავისუფლების?

- ყველაფერზე შეიძლება დავა. როგორც მახსოვს, დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულაო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი მუშაობა არ მოსწონდა, ეთქვათ , ხელფასი მაინც არ გადაუხდიათ ამდენი ხანი, სასაცილოა.

- თქვენთვის ხელფასი არ გადაუხდიათ?

- არა.

- ანუ თქვენთვის დირექტორის პოზიციაზე ხელფასი არ მოუციათ?

- არა. მე ჩამომიყვანეს კინოს განვითარების ცენტრის სახელმწიფოს ჰოლდინგის დირექტორად. სამი ორგანიზაციის აუდიტი გავაკეთეთ. სააქციო საზოგადოება, უძრავი ქონება და პლეხანოვზე არსებული ფონდი. ეკონომიკის მინისტრმა რომ თქვა, შენ უნდა შეითავსო სააქციო საზოგადოების დირექტორობაო, ამ საზოგადოების ხელფასს ვიღებდი, რომელიც იყო 1500 ლარი. მაგრამ მთავარი, რა თანამდებობაზეც ჩამომიყვანეს, სადაც 5000 ლარიან ხელფასს შემპირდნენ, იქედან ჩემთვის კაპიკი არ გადაუხდიათ. მეც ვიფიქრე, მოდი ჯერ საქმე გავაკეთოთ და ფული მერე გამოჩნდება-თქო.

- პერსპექტივას რაში ხედავთ, როგორ უნდა განვითარდეს ეს ორგანიზაცია?

- ერთადერთი გამოსავალი ჭკვიანი, კარგად მოფიქრებული სტრატეგიული პარტიონრის შემოყვანაა, რომელმაც იცის ეს თემა. მე ვურჩევდი მთავრობას, შემოიყვანოს უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც დახარჯავენ საქართველოში ფულს და დროებით, მაგრამ მაინც დაასაქმებენ კინოში მოღვაწე ქართველებს. როდესაც უცხოური ორგანიზაცია ჩამოდის ჩვენთან და იღებს ფილმს, ბიუჯეტის დიდ ნაწილს აქ ტოვებს . უამრავი ფულია ჰოლივუდში და ეს ხალხი ეძებს იაფ ლოკაციებს, შენ თუ გარანტიას მისცემ, რომ კარგ ადგილებს მოუმზადებ, პროფესიონალებს დაახვედრებ, კარგად მიიღებ, ჩამოვლენ და საქმეც წინ წავა რასაკვირველია.

ბაჩო ოდიშარია (სპეციალურად საიტისათვის)