საშინელი განაჩენი - რატომ დაიწვა თავი 41 წლის მამაკაცმა?! - კვირის პალიტრა

საშინელი განაჩენი - რატომ დაიწვა თავი 41 წლის მამაკაცმა?!

"ეს არ უნდა გამეკეთებინა!"

"ეს საწყალი 14 დღე იწვა საავადმყოფოში და როგორც მაგის ახლობლები ლაპარაკობენ, სულ შვილს ნატრულობდა და ერთხელ არ მიუყვანეს..."

ჩვენში სუიციდის მომრავლებული შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფსიქოლოგები ქვეყანაში არსებულ სტერსულ გარემოს ასახელებენ. საზარელი ფაქტი მოხდა ქალაქ რუსთავში, სადაც 41 წლის რობერტ ვაჩეიშვილმა უმძიემსი განაჩენი გამოუტანა თავს და დღისით, მზისით, ქუჩაში ბენზინი გადაისხა და ასანთი აანთო. .. ელვისუსწრაფესად ავარდნილმა ცეცხლმა შემთხვევითი გამვლელი შოკში ჩააგდო, თუმცა მან მოახერხა ცეცხლწაკიდებულ ადამიანთან მირბენა და თავისი პიჯაკის შემოხვევა. მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... მალევე მოსულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ სიკვდილს, თუმცა ამაოდ... ვაჩეიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მცხოვრები იყო და რუსთავში დროებით ცხოვრობდა. ახლობლები ყვებიან, რომ რობერტი სიკვდილამდე გონზე იყო. "ეს არ უნდა გამეკეთებინა!" - ეუბნეოდა ტკივილებით დატანჯული ახლობლებსა და დედას, რომელმაც ის მარტოხელამ გაზარდა.

ნ.ჯ. სოფელ კოხნარის მცხოვრები, გარდაცვლილის ახლობელი:

- რობერტი ძალიან კარგი ადამიანი იყო, პატიოსანი და მშრომელი. ალბათ იმიტომაც აღმოჩნდა ცხოვრების მსხვერპლი - პატიოსანი ადამიანები ხომ ცხოვრების დაუნდობლობასთან ბრძოლას არ არიან მიჩვეული. როგორც ბევრი სხვა, ისიც სოფლიდან რუსთავში იმიტომ წავიდა სამუშაოდ, რომ სოფელში ცხოვრება გაუსაძლისია - რაც არ უნდა ბევრი იშრომო, სოფელში შემოსავალი მხოლოდ ჭამას თუ ჰყოფნის. რუსთავში კი ხელოსნად მუშაობდა. საკმაოდ დაუგვიანდა ცოლის შერთვა. როცა ცოლი შეირთო და შვილიც ეყოლა, ყველას ძალიან გაგვიხარდა. თურმე უარესი ელოდა საწყალს... რუსთავში ცოლის ბინაში ცხოვრობდა და რამდენიმე ხანში გავიგეთ, რომ სახლიდან წამოვიდა და შვილსაც აღარ ანახვებენო. ცოლთან გაშორება რობერტისგან კი გაგვიკვირდა, მაგრამ ოჯახის საქმე ვინ რა იცის; აი, ის რომ გავიგეთ შვილს არ ანახვებენო, მაგაზე ყველა გავოგნდით, - ვერ წარმოგვიდგენია, რა უნდა დაეშავებინა ასეთი, რომ კაცი შვილს ეღისა და ის ერთადერთი შვილი არ ენახვებინათ!

- რატომ დაშორდა ცოლ-ქმარი?

- მაგ მიზეზზე რობერტი თავად არაფერს ამბობდა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს მიზეზი რა იყო, ფაქტია, კაცი იძულებული გახადეს თავი მოეკლა! ეს საწყალი 14 დღე იწვა საავადმყოფოში და როგორც მაგის ახლობლები ლაპარაკობენ, სულ შვილს ნატრულობდა და ერთხელ არ მიუყვანეს... იქნებ, რომ მოეყვანათ, სულიერად გაძლიერებულიყო... მომავალში რა უნდა უთხრან იმ ბავშვს, - მამაშენმა თავი რატომ დაიწვაო? თავადაც უმამაოდ გაიზარდა, მისი დედ-მამაც გაშორებული იყო და ეს ტკივილი რომ ახსოვდა, არ უნდოდა მისი შვილიც უმამოდ გაზრდილიყო.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)