რა ელის "ანბანის ძეგლს" და რას ითხოვენ საქართველოსგან ფერეიდნელი ქართველები? - კვირის პალიტრა

რა ელის "ანბანის ძეგლს" და რას ითხოვენ საქართველოსგან ფერეიდნელი ქართველები?

"ამ მოვლენამ უფრო გააერთიანა ფერეიდნელი ქართველები"

"ქართული სკოლა იქ არ არის და არც მთავრობისგან არის რაიმე ხელშეწყობა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშობლიური ენა შევინარჩუნოთ და უკეთესად ვისწავლოთ. პერიოდულად ხსნიან საზაფხულო წრეებს, სადაც ვცდილობთ ქართულ ენის სწავლას."

ფერეიდანში, ქალაქ ფერეიდუნშაჰრში იქაური ქართველების მიერ "ქართული ანბანის" ძეგლის დადგმას, შემდეგ კი ადგილობროვი ხელისუფლების მიერ მის აღებას, დიდი რეზონანსი საქართველოშიც მოჰყვა. ძეგლის აღებას ფერეიდნელი ქართველების პროტესტი, ხელისუფლებისგან კი - განმარტება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ძეგლი ხელისუფლებასთან შუთანხმებლად დაიდგა და ამიტომაც გადაწყდა მისი აღება. მომხდარის თაობაზე ინფორმაცია ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველმა ანდრო ნაგელიანმა საკმაოდ ემოციური ჩანაწერით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა. ამის შემდეგ ბატონმა ანდრომ კიდევ ერთი პოსტი გამაოქვეყნა, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ:

"ფერეიდნელმა ქართველებმა თხოვნით მიმართეს ადგილობრივ მთავრობას და გუბერნატორს,რათა კანონიერი ნებართვა მიიღონ და ამის შემდეგ აღმართონ ის ძეგლი,რომელსაც ჩვენთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ... დარწმუნებული ვარ,რომ ყველაფერი მოგვარდება და კეთილად დასრულდება.თქვენგან კი ისევ იგივე დახმარებას ვითხოვთ - გვჭირდება სახელმძღვანელოები,ქართული წიგნები,თანამემამულის სტატუსის მიღებისას ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემების შექმნა და რაც მთავარია სიყვარული, რომ გახსოვდეთ და გიყვარდეთ თქვენი თანაფესვები.თქვენი სისხლი და ხორცი.მადლობას მოგახსენებთ ყველას,ვინც გვეხმაურებით,გახსოვართ და დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი სიახლოვე კიდევ უფრო მჭიდრო და ორმხრივად სასარგებლო გახდება."

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ფერეიდნელ ქართველს ლევან ხუციშვილს, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

ლევან ხუციშვილი:

- საქართველოსგან დიდი დახმარება იქნება, თუ ფერეიდანში "დედა ენას" და სხვა დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებს გაგზავნით. ქართული სკოლა იქ არ არის და არც მთავრობისგან არის რაიმე ხელშეწყობა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშობლიური ენა შევინარჩუნოთ და უკეთესად ვისწავლოთ. პერიოდულად ხსნიან საზაფხულო წრეებს, სადაც ვცდილობთ ქართულ ენის სწავლას. ირანში ფერეიდნელები განათლებულ ხალხად მიიჩნევა, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არ გვეძლევა საშუალება ქართული კარგად ვისწავლოთ. დაპირისპირება ხშირია ბახტიარებსა და ქართველებს შორის, სხვა ტომებს უფრო დიდი უპირატესობა აქვთ, ვიდრე ფერეიდნელ ქართველებს. ჩვენ 450 წელია ირანში ვცხოვრობთ და მაინც, ქართველები თუ პურის რიგში ვდგებით, ან სხვა საქმეს ვაკეთებთ, გვეუბნებიან, რომ წამოვიდეთ საქართველოში, ეხლა ხომ არის გზები გახსნილიო... ყოველ ჩვენგანს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს, ბევრი ოცნებობს ამაზე, მაგრამ, ამის მიუხედევად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ვალი მოვიხადოთ იმ ქვეყნის წინაშე, რომელშიც ვცხოვრობთ ... სამწუხაროდ, ქართველებს დღემდე არ ეძლევათ საშუალება დაიკავონ ადგილი სახელმწიფო უწყებებში, ქართული სკოლაც კი არ არის დაშვებული. ძალიან გაგვიხარდება, თუ საქართველოდან წიგნებით დაგვეხმარებიან, ქართველების ყურადღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რას გვეტყვით ქართული ანბანის ძეგლთან დაკავშირებით?

- ეს ქართველი ფერეიდნელების მხრიდან დიდი პატივისცემის გამოხატულება როგორც საქართველოს, ისე ირანის მიმართ. ფერეიდნელმა ქართველებმა დადგეს ძეგლი, რომელსაც ქართული ასოებით ეწერა "ალაჰ", ჩვენ ვეცადეთ ამით პატივი მიგვეგო იმ ქვეყნისთვის, სადაც ამდენი ხანია ვცხოვრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძეგლი ღამით აიღეს. დღესდღეობით ვცდილობთ ეს საკითხი დიპლომატიურად მოგვარდეს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მოვლენამ უფრო გააერთიანა ფერეიდნელი ქართველები.

ჟურნალისტი ნათია ნოდია ფერეიდნელების რძალია:

- მაშინ როდესაც ძეგლი აიღეს, საქართველოს ელჩმა ფერეიდანში განაცხადა, რომ ფერეიდნელი ქართველები არიან ირანის მოქალაქეები, და მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ხვალ რომ ირანის ხელისუფლებამ ფერეიდნელი ქართველები დახოცოს, ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ირანი გაუსწორდა თავის მოქალაქეებს?! ჩვენს ელჩს თუნდაც ტრაფარეტულად რომ ეთქვა, - ისინი ჩვენი სისხლი და ხორცი, ქართველები არიან, რომელთაც სხვა ქვეყანაში დიდი გასაჭირი გამოიარესო, ყველა ფერეიდნელ ქართველს გაუხარდებოდა, რადგან დაინახავდნენ, რომ სამშობლოს ისინი ახსოვს და აღელვებს.

თუ რა გზით შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა ფერეიდნელი ქართველების მიმართ, ამის გასარკვევა დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით, რომელიც წიგნების შეგროვებისა და გაგზავნის ორგანიზებაზე მუშაობს.

ზვიად ტომარაძე:

- გვაქვს კონტაქტი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან, მათ შორის ანდრო ნაგელიანთან. მათ გვთხოვეს, რომ გაგვეგზავნა დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები. გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ფერეიდნელ ქართველებს. ამ საქმეში გვეხმარება "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე, სოსო მანჯავიძის თქმით, თბილისის საკრებულოც აპირებს ჩვენს დახმარებას. ოფიციალურ წერილით მივმართეთ განათლების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს, რათა განათლების სამინისტროც შემოუერთდეს ამ ისტორიულ საქმეს. წიგნების გაგზავნას აღდგომის შემდეგ ვაპირებთ.

- როგორ შეიძლება დანტერესებული პირები ჩაერთონ ამ აქციაში?

- მათ შეუძლიათ დამიკავშირდნენ მობილურის ნომერზე - 599 29 00 13 . სასურველია წიგნები იყოს კარგ მდგომარეობაში, ასევე იყოს დაწყებითი კლასების წიგნები, ქართველი კლასიკოსები, ქართული ზღაპრები და სხვა.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)