რატომ გარდაიცვალა 31 წლის ქართველი ქალი იტალიაში?! - კვირის პალიტრა

რატომ გარდაიცვალა 31 წლის ქართველი ქალი იტალიაში?!

26 მარტს, დილის 11 საათზე, იტალიაში, ბარისთან მდებარე პატარა ქალაქ პუტინიანოში 80 წლის მოხუცმა ცხელ ხაზზე დარეკა და ექიმების დახმარება ითხოვა. როგორც ის ამბობდა, მან მომვლელი გოგონა უგონოდ იპოვა. იტალიური პრესის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მომვლელი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილი 31 წლის საქართველოს მოქალაქე თამარ ტრაპაიძე აღმოჩნდა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ იყო ჩასული. გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში. გარდაცვალების მიზეზებს კი კარაბინერები იძიებენ, თუმცა გარკვეული ვარაუდები ამ მიზეზების თაობაზე პრესაში უკვე გახმაურდა. ერთი ვერსიით, ქალი სახლის დალაგებისას მისადგამი კიბიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც ფანჯრებს წმენდდა. მეორე ვერსიით კი სახლში, სადაც ცხოვრობდა, რამდენიმე დღით ადრე რემონტი გააკეთეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ მოიწამლა, ცუდად იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ექიმს არ მიაკითხა. შესაძლოა ეს ორი ვერსია უკავშირდებოდეს კიდეც ერთმანეთს, ანუ კიბიდან სწორედ იმიტომ გადმოვარდა, რომ შეუძლოდ იყო. საქრათველოს საკონსულოს იტალიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს ამ კვირაში იტალიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ბარში 46 წლის ქალბატონს ქუჩში ავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილიზე გარდაიცვალა.