მიწისზედა სასაფლაო - ჩვენი წინაპრები მოგრძო და ვიწროთავიანები ყოფილან... - კვირის პალიტრა

მიწისზედა სასაფლაო - ჩვენი წინაპრები მოგრძო და ვიწროთავიანები ყოფილან...

"3 ათასამდე თავის ქალა კავკასიელი ადამიანის განვითარების ეპოქალურ ტრანსფორმაციას ასახავს"

ალბათ, სუსტი გულისა და ნერვების პატრონი ამ შენობაში ვერასდროს მოხვდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნაგებობის მიღმა მიწისზედა სასაფლაოა. ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში ათასობით ძვლოვანი სისტემა ინახება. ექსკურსიამძღოლობას ანთროპოლოგი ლია ბითაძე გვიწევს:

- ამ თავის ქალების უმრავლესობა ვიწრო და გრძელია, თანამედროვე თავის ქალები კი - მოკლე და განიერი. აი, ეს თავის ქალები საქართველოშია მოპოვებული და მასზე ხელოვნური დეფორმაციის კვალი შეიმჩნევა. როგორც ჩანს, ახალშობილს თავზე რაღაც მოუჭირეს, რამაც მისი დეფორმირება განაპირობა და თავის ქალამ სიმაღლეში აიწია. ასეთი ძვლოვანი სისტემა გავრცელებულია ანტიკური ხანის სამთავროს სამაროვანში, შუა საუკუნეებშიც გვხვდება.

- დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვებული ერთი ეპოქით დათარიღებული თავის ქალები თუ განსხვავდება ერთმანეთისგან?

- მიუხედავად განსხვავებული კლიმატური პირობებისა, ყველგან არის ე. წ. დოლიქოკრანული (ვიწრო და გრძელი) თავის ქალები.

საქართველოს  ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული მასალა ახალი ქვის ხანისაა (ენეოლითი) და, სამწუხაროდ, ერთი თავის ქალის მონაცემებს ემყარება. ეს მამაკაცის თავის ქალა აბანოსხევიდან (არაგვის აუზი) არის. დასავლეთ საქართველოდან ადრეული ეპოქის თავის ქალა არა გვაქვს, მაღალი ტენიანობის გამო, ნიადაგში არ რჩება. ამიტომ კოლექციაში, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვებული მასალებია. ასევე, გვაქვს უნიკალური მასალა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან, რომელიც ქართველმა არქეოლოგებმა ჩამოიტანეს. ანთროპოლოგიური ლაბორატორია სომხეთსა და აზერბაიჯანში არ არის. სამწუხაროდ, ყველა გათხრას ვერ ვესწრებით იმ მიზეზით, რომ მხოლოდ სამი ანთროპოლოგი ვართ.

- რისი გაგებაა შესაძლებელი თავის ქალის შესწავლით?

- შესაძლებელია დადგინდეს სქესი, ასაკი, სიმაღლე, პროპორციები, ასევე გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი... რამდენიმე წლის წინ სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ქალის ბეჭედზე ამოტვიფრული ინიციალებითა და ძვლოვანი სისტემის შესწავლით დადგინდა მისი ვინაობა. ის გახლდათ გვარად თაზიშვილი. მისი გვარი მეფის რუსეთის აღწერის დროს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა სიებში ამოვიკითხეთ.

ანთროპოლოგია ყოველ წელს ახალ-ახალ მეთოდებს ითვისებს და საჭიროა ძველი მასალა თანამედროვესთან შესადარებლად.

- ეკლესიურად რამდენად გამართლებულია მათი მიწის ზემოთ ყოფნა?

- ჩვენ საერო საქმეს ვემსახურებით და მეცნიერულ დასკვნებს ვაკეთებთ.

- როგორ არჩევთ ქალისა და მამაკაცის თავის ქალებს?

- დაახლოებით 26 ნიშანი უნდა დაითვალოს თავის ქალაზე, რომ განასხვაო ქალია თუ მამაკაცი.

ამჟამად ლაბორატორიაში, მცხეთაში, 60 სამარხში მოპოვებულ მასალას ვიკვლევთ. კვლევის შედეგი უახლოეს მომავალში გვექნება.

ჩვენი წინაპრები მოგრძო და ვიწროთავიანები ყოფილან...

მეცნიერებას, რომელიც არკვევს, რა არის ადამიანი, საიდან მოვიდა და საით მიისწრაფვის, ანთროპოლოგია ეწოდება. კავკასიის რეგიონში ერთადერთი ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია თბილისში 1946 წელს, აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში დაარსდა. ალექსანდრე ნათიშვილის გარდაცვალების შემდეგ განყოფილებას მალხაზ აბდუშელიშვილი, ხოლო 1998 წლიდან დღემდე მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ბითაძე ხელმძღვანელობს.

ლაბორატორიის ცენტრალურ დარბაზში თაროებზე შემოწყობილი 3 ათასამდე თავის ქალა ახალი ქვის ხანიდან (ძვ. წ. V-IV ათასწლეული) თანამედროვე პერიოდს მოიცავს და კარგად ასახავს კავკასიელი ადამიანის განვითარებას, მის ტრანსფორმაციას. საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ჩვენი ადრეული წინაპრები მოგრძო და ვიწროთავიანები (დოლიქოკრანულები) ყოფილან. ეპოქალურმა ტრანსფორმაციამ თავის ქალის დეფორმაცია (ბრაქიკეფალიზაცია“- მოკლე და ფართო თავი, ფართო სახე, ვიწრო და მაღალი ცხვირი) განაპირობა. ეს და კიდევ სხვა მრავალი კვლევა იმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის უწყვეტი გენეტიკური ერთიანობა არსებობდა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, ასევე შიდა გადაადგილებებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრა TV-ზე