"ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ" - კვირის პალიტრა

"ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ"

საქართველოს ფლოტის დაშლა-დანაწევრება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების  განსჯის საგანი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ბედია ეწია გემებს, რომლებსაც დიდი ქართველების: "დავით აღმაშენებლის", "აკაკი წერეთლის", "ილია ჭავჭავაძის", "აკადემიკოს უზნაძის", "ნოდარ დუმბაძის" და სხვათა სახელები ერქვა. ზოგი ჯართად დაიჭრა, ზოგი კი უცხო ქვეყნის დროშით დაცურავს... ამ და სხვა საინტერესო თემებზე "კვირის პალიტრას" კინემატოგრაფთა კავშირის წევრი და  კინორეჟისორი პაატა ტაბაღუა ესაუბრა, რომლის არაერთი ნამუშევარი საზღვაო სფეროს ეხება.

- არაერთი ტელეგადაცემა მომიმზადებია შორეულ სანაოსნო რეისებზე და უამრავი საინტერესო ამბის მომსწრეც გავმხდარვარ. ამ ხნის მანძილზე უიშვიათესი საარქივო მასალის თავმოყრა შევძელი. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ დამოუკიდებელ საზღვაო სახელმწიფოდ ვიქეცით, დაგვრჩა ფლოტი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ. დამოუკიდებელ ქვეყანაში დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო უცბად ვერ აეწყო მენეჯმენტი და ვერ დასაქმდა გემები, რისი პრობლემაც საბჭოთა კავშირის დროს არ იყო. იმხანად, რასაკვირველია, ათასმა მედროვემ და ავანტიურისტმა ამღვრეულ წყალში თევზის იოლად დაჭერა სცადა, ხელი შეუწყო პროცესების უარყოფითად განვითარებას და ძვირფასი გემები ჯართის ფასად გაიყიდა. არადა,

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი სანაოსნოს ბალანსზე 56  გემი ირიცხებოდა.

აქედან ნახევარზე მეტი თხევადი ტვირთის გადამტანი ტანკერი იყო, 16-17 - ბალკერი (სამშრალტვირთო გემი). თითოს დაახლოებით ოცდაათკაციანი ეკიპაჟი ჰყავდა. ამას ემატებოდა ნავსადგურების პერსონალი, გემთსაჭერი ფლოტი, მეზღვაურთა ის რაოდენობა, რომლებიც ნაპირზე იყვნენ და თავიანთ რეისს ელოდებოდნენ. შედეგად, სავალალო მოცემულობა მივიღეთ:

აღარ გვყავს სავაჭრო-საზღვაო ფლოტი,  მთლიანად განადგურებულია გემთსაშენი ფლოტი.

რა გასაკვირია, რომ აღარც საზღვაო-სამხედრო ფლოტი გაგვაჩნია. 1999 წლისთვის ყველაფერს ბოლო ჰქონდა მოღებული. ათასობით ადამიანი დაგვრჩა დაუსაქმებელი, ბევრი  უცხოური  კომპანიების გემებზე დასაქმდა, თუმცა, ზოგს გაუმართლა და სოლიდურ კომპანიას ემსახურება. კიდევ უფრო სავალალო ის არის, რომ

ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ.

შეიძლება ითქვას, ეს გემები სათითაოდ მყავს გამოტირებული.

- რომელიმე მათგანს ხომ არ დაგვისახელებთ?

- მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დაგვრჩა ორი უზარმაზარი გემი - "აკაკი წერეთელი"  და "დავით აღმაშენებელი". რასაკვირველია, მათ სახელები შეუცვალეს და ბოლო დრომდე თურქეთის დროშით დაცურავდნენ. შარშან ორივე ხელახლა გაიყიდა.

ასევე გვყავდა "აკადემიკოსი ვეკუა", "ნოდარ დუმბაძე", "ილია ჭავაჭავაძე",  "აკადემიკოსი უზნაძე" , "ნატო ვაჩნაძე" და ა.შ.  "ნოდარ დუმბაძე" ჯართად დაჭრეს.

ის გემები კი, რაც გაიყიდა, თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკით  აღჭურვილი, მაღალი კლასისა და  ავტომატიზაციის საზღვაო ხომალდები იყო. მათ თავის დროზე მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ნავსადგურში ჰქონდათ ღუზა ჩაშვებული.

"აკადემიკოსი უზნაძე" ამჟამად კორეელებს ჰყავთ. ჩვენი "კოლხიდა" კი, რომელიც დღესაც დაცურავს, უკვე დომინიკელთა რესპუბლიკას ეკუთვნის. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილი ბალკერი "გიორგი ლეონიძე" 2003 წლის 31 მარტს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ვიეტნამის სანაპიროსთან მეჩეჩზე შეჯდა და ჩაიძირა, ის ვიეტნამის დროშით დაცურავდა და უკვე  BACH DANG GIANG-ი ერქვა.

- ამ გემებიდან ყველაზე დიდი სიგრძითაც და წონითაც რომელი იყო?

- "დავით აღმაშენებელი" და "აკაკი წერეთელი".

- და რამდენად გაიყიდა?

- მიზერულ ფასად. რასაკვირველია, ეს ჩვენს სავალალო მდგომარეობას ასახავს. ჩემთვის ერთგვარი კლასიკაა ფოტო, სადაც გემ "შოთა რუსთაველს"  ღუზა ჩაშვებული აქვს სოხუმის ნავსადგურში. ყველა გემი, რომლებზეც გიამბეთ, საქართველოს საზღვაო ისტორიას წერდა.

- დაგვისახელეთ პირველი გემი საქართველოს ისტორიაში...

- 1967 წელს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა, ბათუმში საქართველოს საზღვაო-სანაოსნო დაარსდა, სადაც გამოჩნდა პირველი ტანკერი "ალაგირი". აქედან იღებს სათავეს ქართული ფლოტი.  ზღვისპირა ქვეყანა  ვართ და ამის მიუხედავად, მხოლოდ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე ვდგავართ, ჯერ კიდევ შორია ამ პროცესის დასასრულამდე...

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, გაწევრდა საერთაშორისო  საზღვაო ორგანიზაციაში, რომელიც გაეროს ეგიდით მოქმედებს. დაგვეკისრა ყველა იმ მოვალეობის შესრულება, რასაც ჩვენგან ეს ორგანიზაცია მოითხოვს. არასწორი პოლიტიკური მიდგომებითა და შეცდომების შედეგად დროთა განმავლობაში შავ სიაში შეგვიყვანეს. საქართველოს საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა მამუკა ახალაძემ, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მიაღწია იმას, რომ შავი სიიდან გადავინაცვლეთ ე.წ. ყავისფერ სიაში და თეთრ სიაში დაბრუნების პერსპექტივაც გაგვიჩნდა. მსოფლიომ უნდა აღიაროს ჩვენს ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატები, რათა მეზღვაურებმა ევროკავშირის ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე დასაქმება მოახერხონ. იმის გამო, რომ ამ სიკეთეს მოკლებული არიან, საეჭვო კომპანიების სახიფათო გემებზე მუშაობენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო ფუნქციის ამოქმედება. საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ჩვენი ადგილმდებარეობა დიდ პრივილეგიას გვანიჭებს.