"იმედია, მალე შვილთან ცხოვრების უფლებას მოგვცემენ" - 2 წლის ნიკოლოზმა დედ-მამა პირველად ნახა - კვირის პალიტრა

"იმედია, მალე შვილთან ცხოვრების უფლებას მოგვცემენ" - 2 წლის ნიკოლოზმა დედ-მამა პირველად ნახა

2 წლის ნიკოლოზმა პირველად ნახა დედ-მამა, მშობლებმაც პირველად ჩაიკრეს გულში მონატრებული შვილი

რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრის" 12 იანვრის ნომერში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით "ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოზე უნახავს - განაჩენი, რომელიც შვილების ყოლას გიკრძალავს!"

პუბლიკაციაში საუბარი იყო სახელმწიფოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ადამიანების შესახებ, რომლებიც გურჯაანში საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. ამ ადამიანებმა პანსიონატები ნებით დატოვეს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "ხელი ხელს" დახმარებით დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ.

მართალია, მოქმედი კანონი ქმედუუნარო ადამიანებს შორის ქორწინებას კრძალავს, მაგრამ სიყვარული ხომ წესებს არ ემორჩილება და მათ შორისაც იქმნება წყვილები. სამწუხაროდ, ასეთ წყვილებს კანონი შვილების გაზრდის უფლებასაც არ აძლევს.

ქმედუუნაროდ აღიარებული პირის შვილებს გასაშვილებლის სტატუსი ავტომატურად ენიჭებათ. მათ აშვილებენ ან თავშესაფარში გადაჰყავთ. ბიოლოგიური მშობელი, დიდი ალბათობით, ვერასდროს გაიგებს, ვინ იშვილა ბავშვი.

ზემოთ ხსენებულ სტატიაში ჩვენ მოგიყევით გოჩასა და ნათიას ისტორია. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ პანსიონატში ყოფნისას შეუყვარდათ. მართალია, ინსტიტუციის შინაგანაწესი წყვილების თანაცხოვრებას კრძალავს, მაგრამ გრძნობისა და სურვილების წინაშე ნებისმიერი აკრძალვა უძლურია და ნათიასა და გოჩას პანსიონატში ორი შვილი შეეძინათ. სამწუხაროდ, მარიამი და ნიკოლოზი მათ მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდათ ნანახი, რადგან ბავშვები თავშესაფარში სამშობიაროდან გადაიყვანეს.

"კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი პუბლიკაციისა და "პალიტრა TV"-ის სიუჟეტის შემდეგ, გოჩასა და ნათიას ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა მოხდა - მონატრებული მშობლები პატარა ნიკოლოზს შეხვდნენ.

2 წლის ნიკოლოზმა პირველად ნახა დედ-მამა, მშობლებმაც პირველად ჩაიკრეს გულში მონატრებული შვილი.

ნათია ბერძენიშვილი: "მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა, ჩემი შვილის ნახვის შესაძლებლობა მომეცა. იყო საოცარი დღე ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი ეზოში თანატოლებთან თამაშობდა. ახლოს მისვლა ვერ გავბედე, ერთიანად ვკანკალებდი. ეტყობა, შენიშნა ბავშვმა, რომ მის გარშემო მყოფნი ჩემკენ იყურებოდნენ... და მანაც გამოიხედა. არავის არაფერი უთქვამს, თვითონ მოვიდა და გულში ჩავიკარი. ახლა ხშირად მექნება მისი ნახვის შესაძლებლობა და იმედია, მალე ერთად ცხოვრების უფლებასაც მოგვცემენ. კიდევ ერთი სურვილი მაქვს - მინდა, მარიამიც ახლოს მყავდეს და კიდევ ერთ მონატრებულ შვილს მოვესიყვარულო".

დავით ნადირაძე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ხელიხელს" წარმომადგენელი: "ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა იმისათვის, რომ ნათიასა და გოჩას შვილები გამოგვეყვანა თავშესაფრიდან და მშობლებთან ახლოს, გურჯაანის რაიონში გადაგვეყვანა მინდობით აღსაზრდელად. ასე შვილებსა და მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, დროდადრო მაინც ნახონ ერთმანეთი. ეს პროცესი დიდი ხნის წინ დავიწყეთ და ველოდით, რომ სახელმწიფო შემოდგომაზე მიიღებდა გადაწყვეტილებას. "კვირის პალიტრაში" გასული პუბლიკაციისა და "პალიტრა თV"-ის სიუჟეტის შემდეგ კი პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და მეტიც, გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული - გოჩასა და ნათიას შვილი მინდობით აღსაზრდელად გურჯაანში გადაიყვანეს. ახლა პატარა ნიკოლოზსა და მის მშობლებს მხოლოდ 2 კილომეტრი აშორებთ და გოჩა და ნათია შვილს ხშირად ნახავენ. იმედია, გარკვეული სტანდარტის დაკმაყოფილების შემდეგ, სახელმწიფო ქმედუუნარო მშობლებს უფლებას მისცემს, შვილები თავად გაზარდონ".

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად აღარ გაშვილდებიან. ცვლილებები "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონში შედის. პარლამენტი კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, ქმედუუნარობის ინსტიტუტი ძირეულად იცვლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი კანონი წინამორბედზე ბევრად ჰუმანური იქნება და კიდევ ბევრი მონატრებული დედა-შვილის შეხვედრის მიზეზი გახდება.

იხილეთ ვიდეო: "ორი შვილი გავაჩინე და თვალით არ მინახავს..." - განაჩენი, რომელიც მშობლის უფლებას კრძალავს