რა აკავშირებს ახმად ჩატაევს საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების წაყვანასთან?! - კვირის პალიტრა

რა აკავშირებს ახმად ჩატაევს საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების წაყვანასთან?!

"ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თურქეთში მივდივართ სამუშაოდო... როგორც ამბობენ, ხეობა 200-მდე ახალგაზრდამ დატოვა..."

"რას აკეთებს უშიშროება, თუ ამას არ იკვლევს? უკვე მესამე წელია, ჩვენი ბავშვები უცხო მიწაზე იხოცებიან. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ხეობაშიც და ხელისუფლებაშიც, მაგრამ ჩუმად არიან. ჩვენ რაღა ვქნათ?"

პანკისის ხეობიდან სირიაში გაპარული სკოლის ორი მოსწავლე უკვე სირიის ტერიტორიაზე რომ იმყოფება, ეს ინფორმაცია მათმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. მათი ცნობით, 16 და 18 წლის მოსწავლეები ამ დროისთვის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან წვრთნას. რამდენიმე დღეა რაც ინტერნეტსივრცეში ფოტო გამოჩნდა, რომელზეც მოზარდები სამხედრო ფორმასა და იარაღით ხელში არიან გადაღებულები.

"ტელეფონით დაგვიკავშირდნენ. გვითხრეს, რომ კარგად არიან. ჯერ ომი არ უნახავთ. სწავლებას გავდივართ და არ ინერვიულოთო." - განაცხადა სირიაში წასული არასრულწლოვანის მუსლიმ კუშტანაშვილის ბებიამ შაირათ კუშტანაშვილმა.

პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქეების გადინებას პანკისელი რადიკალური ისლამის მიმდევრები უწყობენ ხელს, რასაც რეგიონისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი, რომელიც "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს:

"ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფომ წმენდითი პოლიტიკა თუ არ გაატარა, ხეობაში ახალგაზრდა აღარ დარჩება, რაც გენოფონდს შეუქმნის საფრთხეს. ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ის მიმაჩნია, რომ რუსეთი მუდმივად აპელირებს, რომ პანკისში ტერორისტებს ამზადებენ და აქედან ახალგაზრდების გადინება თუ არ შეწყდა, არა მარტო ხეობას, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ."

დღეს ყევლას ერთი კითხვა გვაწუხებს, როგორ ხვდებიან ახალგაზრდები სირიაში?!

გაზეთ "კვირს პალიტრაში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

"2014 წლის ზაფხულში, როდესაც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" თავი სახელმწიფოდ გამოაცხადა, "ქართველ" საველე მეთაურებში დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. თარხან ბათირაშვილი ამაოდ ცდილობდა, თავისი ბრიგადა "ისლამური დროშის" ქვეშ დაეყენებინა, მეომრებმა "კავკასიის ემირატისთვის" ფიცის გატეხაზე უარი უთხრეს და კვლავ ასადის რეჟიმის (ანუ რუსეთის!) წინააღმდეგ განაგრძეს ბრძოლა. ომარ ალ შიშანი იძულებული გახდა, თანამებრძოლების გარეშე ჩამდგარიყო "ისლამური სახელმწიფოს" სამსახურში - ის სირიის ტერიტორიაზე ახალშექმნილი სახელმწიფოს ე.წ. თავდაცვის მინისტრი გახდა. შესაბამისად, პანკისელმა ახალგაზრდებმა ახლა "ისლამური სახელმწიფოს" რიგების შევსება დაიწყეს. მათი სირიაში გადაყვანის სქემა უფრო მოქნილი გახდა.

თავდაპირველად ახალგაზრდებს რელიგიურ საკითხებსა და "ჯიჰადში" მონაწილეობის სიკეთეებზე ესაუბრებიან. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ფინანსურადაც წაუხალისებიათ. გადაბირებულებს უმზადებენ პასპორტებს და გადაჰყავთ თურქეთში; ადრე საზღვარს სარფის საბაჟოს გავლით ტოვებდნენ, ახლა საჰაერო სივრცით სარგებლობენ."

გარდა ამისა სტატიაში ლაპარაკია ახლაგაზრდების სირიაში წაყვანის სხვა გზაზეც.

"ეს "სხვა გზა" კი საუდის არაბეთის უმაღლესი სასწავლებლებია, რომლებიც, თითქოს სასწავლებლად ეპატიჟებიან ახალგაზრდებს. თუ ვინ უხდის ფულს რეკრუტორებს, ეს სტამბოლში ჩეჩენმა დევნილებმა კარგად იციან. როგორც სანდო წყარომ განაცხადა, "რეკრუტორებს არაბული ფონდები უხდიან ფულს. კობანის ბრძოლებში ერთ ახალგაზრდაში 2.000 დოლარსაც იხდიდნენ. მაშინ ბევრი ჩეჩენი და ქისტი დაიღუპა. ამბობენ, 5 ქისტი ბიჭი დაბომბვისას ნანგრევებშია მოყოლილი და ვინაიდან მათი ცხედრების გამოტანა არ ხერხდება, ვინაობასაც ჯერ არ ამხელენო".

სტატიაში ასევ ლაპარაკია ახმად ჩატაევის ამ პროცესთან კავშირზეც:

"როგორც სტამბოლში ამბობენ, პანკისიდან ახალგაზრდების რეკრუტირებას ახმად ჩატაევი კურირებს. ცალხელა ახმადი (საზოგადოება მას ლაფანყურის მოვლენებიდან იცნობს) ახლა "ისლამური სახელმწიფოს" სამსახურშია და, როგორც ამბობენ, საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელთან აქვს კონტაქტი(?!)."

შეგახსენებთ, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის დეკემბერში 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც ჩატაევი აცხადებდა, უდანაშაულოა და დაკავებისას ხელყუმბარები არ ჰქონია. მისივე თქმით, ქართველმა სამხედროებმა თავისი მეგობრის მეშვეობით სთხოვეს, ხეობაში მყოფ შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკება გაემართა. ის ჯგუფის წევრებს დაელაპარაკა და როდესაც ქართულ მხარესთან პასუხის მისაღებად ბრუნდებოდა, სწორედ მაშინ დაჭრეს. ჩატაევის არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ ესროლა. ჩატაევს ჭრილობა გაურთულდა და მუხლს ქვემოთ ფეხი მოჰკვეთეს. ბოლო ინფორმაციით კი, ის სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ახმედ ჩატაევი ავსტრიის მოქალაქეა. 1990-იან წლებში ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მისი ოჯახი საქართველოში, პანკისის ხეობაში გადმოვიდა საცხოვრებლად. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში. 2000 წელს დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. დაკითხვისას ძალოვანებმა იგი აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს.

პანკისის ხეობიდან 10 ახალგაზრდაა მოკლული სირიაში (მათი ასაკი 18-26 წელია). არავინ იცის, კიდევ რამდენი პანკისელი ბიჭი ომობს იქ. ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თურქეთში მივდივართ სამუშაოდო... როგორც ამბობენ, ხეობა 200-მდე ახალგაზრდამ დატოვა...

დუისი ერთ-ერთი მკვიდრი სტატიაში ასევე აცხადებს: "ამბობენ, ის ხალხი (რეკრუტორები. - ავტ.) უშიშროებასთან არის შეკრულიო. რას აკეთებს უშიშროება, თუ ამას არ იკვლევს? უკვე მესამე წელია, ჩვენი ბავშვები უცხო მიწაზე იხოცებიან. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ხეობაშიც და ხელისუფლებაშიც, მაგრამ ჩუმად არიან. ჩვენ რაღა ვქნათ? ბევრისგან მომისმენია, - შვილს სკოლაში აღარ გავუშვებთო. ეშინიათ, ბავშვი მოტყუებით არ წაიყვანონ. რა ვიცით, რამდენ ბავშვს გადაუბრუნებენ ჭკუას. არა მგონია, ღმერთს ბავშვის მოკვლა უნდოდეს, თან მშობლის თანხმობის გარეშე. აქ რაც ხდება, ისლამისთვის მიუღებელია, რაც სირიაში ხდება, არც ის არის ჯიჰადი. როგორ შეიძლება კლავდე კაცს, რომელიც ალაჰის სახელს ახსენებს. მერე რა, რომ დღეში ხუთჯერ კი არა, ოთხჯერ ლოცულობს. მუსლიმანმა მუსლიმანზე ხელი არ უნდა ასწიოს. მოზარდებს უბურღავენ ტვინს. იმათაც რა უნდათ - იმ ასაკში არიან, იარაღის დაჭერა ვაჟკაცობა რომ ჰგონიათ. ასე თუ გაგრძელდა, სულ გავწყდებით. ეს მიწა-წყალი მერე ვინღამ დაიცვას?"

იხილეთ სტატია