"ახლოსაც არავინ ცხოვრობს, რომ გოგონების კივილი გაეგონა" - საზარელი ავტოავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

"ახლოსაც არავინ ცხოვრობს, რომ გოგონების კივილი გაეგონა" - საზარელი ავტოავარიის დეტალები

"მანქანის წინა ფანჯრები ჩატყდა და მძღოლმა და ანანოს დამ ჩატეხილი ფანჯრიდან ამოსვლა მოახერხეს და ასე გადარჩნენ. უკნიდან კი ვერავინ ამოვიდა. იქ 4 კაცი იჯდა და ოთხივე დაიღუპა."

"ანანო ანგელოზივით იყო, სადაც შევიდოდა სიხარული და სიყვარული შეჰქონდა."

აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა აბაშაში. აბაშა-კეთილარის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ აღდგომის სიხარული მთელ აბაშას ჩაუმწარა. უბედურ შემთხვევას, რომლის დროსაც "ნისანის" ტიპის ავტომანქანა არხში გადავარდა, 4 ადამიანი, მათ შორის 21 წლის ანანო მიგინეიშვილი და 17 წლის გიორგი ბერიშვილი, ემსხვერპლა. სამუდამო კოშმარად დარჩებათ ეს დღე ავტოკატასტროფისას გადარჩენილ ორ გოგონას და შემთხვევით გამვლელს, რომელის ტელეფონითაც მოხერხდა კეთილარის რწმუნებულ მამუკა ჩაგანავასთან დარეკვა. მალევე სამაშველო სამსახურიც გამოჩნდა. აბაშის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ჯამბულ თოფურიას თქმით, ისინი შემთხვევის ადგილზე შეტყობინებიდან ათ წუთში მივიდნენ, სადაც უმძიმესი მდგომარეობა დახვდათ. ოთხი ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

ნ.გ; ადგილობრივი მცხოვრები:

- საშინელება მოხდა, გონზე ჯერაც ვერ მოვსულვართ. ეს ოჯახები ხომ განადგურდნენ, ვინც ცოცხალი გადარჩა, მათაც ეს ტვირთი სამუდამოდ უნდა ატარონ, - ახლობლის სიკვდილს რომ ადამიანი თავისი თვალით ნახავს და ვერაფერს უშველის, ამაზე საშინელი რაღაა?!

- რას ამბობენ, რა იყო ავტოავარიის მიზეზი?

- ვფიქრობ, ყველაფერი ცუდი ამინდისა და იმ ნისლის ბრალია, რაც გზაზე იყო ჩამოწოლილი. ორშაბათს, მიცვალებულების საფლავზე გასვლის დღეს, იმ გოგონამ, რომლიც მანქანას მართავდა,სოფელ ტყვირში 2 მეგობარი გოგონა ჩაისვა მანქანაში და სოფელ კეთილარში წაიყვანა მამიდასთან, ესენი იყვნენ გარდაცვლილი ანანო მიგინეიშვილი და მისი და. მამიდასთან კიდევ მამიდაშვილი და მამიდაშვილის შვილი - 17 წლის გიორგი დახვდნენ და ყველა ერთად წავიდნენ ახლობლის საფლავზე. ისეთი საშინელი წვიმა და თქეში იყო, სასაფლაოზე დიდხანს არ დარჩენილან. უკან რომ გამობრუნდნენ, მაშინ მოხდა ეს უბედურება.

- მძღოლი ნასვამი ხომ არ ყოფილა?

- არა, არ ყოფილა. როგორც ამბობენ, მანქანა სველ ასფალტზე მოცურდა, გოგომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. მძღოლი სუსტი გოგოა და ალბათ ძალა არ ეყო საჭის დასამორჩილებლად. არხი გზას ორივე მხარეს გასდევს, რომელსაც ირგვლივ მდებარე ყანების მოსარწყავად იყენებენ. საერთოდ ამ არხში ბევრი წყალი არ გუბდება, მაგრამ კოკისპურულმა წვიმამ წყალი დააგროვა და მანქანაც ჩაძირა. თითქოს ყველაფერმა ამ უბედურებისთვის მოიცალა. ექვსივე მგზავრი ჩაიძირა, მაგრამ მანქანის წინა ფანჯრები ჩატყდა, მძღოლმა და ანანოს დამ ჩატეხილი ფანჯრიდან ამოსვლა მოახერხეს და ასე გადარჩნენ. უკნიდან კი ვერავინ ამოვიდა. იქ 4 კაცი იჯდა და ოთხივე დაიღუპა. ტელეფონები ჩაძირულ მანქანაში დარჩა, ამტომაც გადარჩენილებმა უცებ ვერ უხმეს მშველელს. ამ ადგილას ახლოსაც არავინ ცხოვრობს, რომ გოგონების კივილის ხმა გაეგონათ და მიშველებოდნენ. ანანოს და გიორგის ვიცნობდი, გული მიკვდება რომ მახსენდება, რა საყვარელი ადამიანები იყვნენ. ანანო ანგელოზივით იყო, სადაც შევიდოდა სიხარული და სიყვარული შეჰქონდა. მეგობრების თავყრილობების სული და გული იყო, სულ კისკისა და მომღიმარი. თან კარგად მღეროდა, ერთი ბედნიერება იყო ანანოს გვერდით ყოფნა... სამშობიარო სახლში მუშაობდა ექთნად, გიჟდებოდა ჩვილებზე... თითქოს გული უგრძნობდა, რომ საკუთარი შვილი არასდროს ეყოლებოდა... გიორგი ჯერ მთლად ბავშვი იყო, საოცრად გონიერი და თბილი, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ყველას და მათი ახლობლები გააძლიეროს...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)