"კვირის პალიტრა" 20 წლისაა - "მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა არსებობისათვის!" - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" 20 წლისაა - "მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა არსებობისათვის!"

დღეს გაზეთ "კვირის პალიტრას" 20 წელი შეუსრულდა. ჩვენი სამშობლოსთვის ეს 20 წელი მეტად რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი იყო, ჩვენი გაზეთი კი ცდილობდა ქვეყნის ავ-კარგის პირუთვნელი მემატიანე ყოფილიყო, როგორ გამოგვივიდა, ეს მკითხველის შესაფასებელია, რომელიც ისეთივე ნაწილია ამ გაზეთის, როგორც მისი შემოქმედებითი გუნდი. თქვენ გარეშე "კვირის პალიტრა" არ იქნებოდა, ამიტომ გილოცავთ! კარგი ამბები გვეხარებინოს თქვენთვის!

აქვე გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისტის ლადო გოგოლაძის, რომელიც ჟურნალისტობამდე გაზეთის თავგამოდებული მკითხველი იყო, "ფეისბუქჩანაწერს":

"მამას სახლში მოსვლა ჩემთვის ყოველდღიურ დღესასწაულებთა რიგში შედიოდა. კარგად მახსოვს 20 წლის წინანდელი ეს დღესასწაული. მამას, როგორც ყოველთვის, გაზეთები ეჭირა ხელში, თუმცა იმ გაზეთების გარდა, რომელსაც ყოველთვის ყიდულობდა, ერთი ყვითელფერიანი გაზეთიც ჩანდა. მამა  დედას ეუბნებოდა: - რაღაც კარგი ჩანს, ახლა გამოვიდა და ვიყიდე, ვნახოთ, აბა, რა იქნებაო. მას შემდეგ ეს გაზეთი ჩვენი ოჯახის მუდმივი სტუმარი გახდა. თავიდან მხოლოდ ის გვერდები მაინტერესებდა, რომელიც ბავშვების იყო, ასაკის მატებასთან ერთად, ჩემთან ერთად იზრდებოდა გაზეთიც. მახსოვს, ასეთი რუბრიკა იყო, ცნობილი ქართველის სახალისო სურათი, რომელიც მსურველს უნდა დაესათაურებინა და ეს სათაური გაეგზავნა. საფოსტო ყუთებით იგზავნებოდა ხოლმე და მეც  გავგზავნე, მომდევნო ნომერში სწორედ ჩემი დასათაურებული სურათი გამოქვეყნდა და რომლის ქვეშაც ეწერა - ლადო გოგოლაძე, სურამი. მეეჭვება მაშინ ჩემზე ბედნიერი ვინმე ყოფილიყო, მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, შენც იმ გუნდის წვერი გახდები, ვინც ამ გაზეთს აკეთებსო, გამეცინებოდა. დღეს მეც "პალიტრელი" ვარ და ძალიან მიხარია, ვამაყობ ამით. მინდა ძალიან ბევრი 20 წელი ვუსურვო "კვირის პალიტრას", ისეთი საქართველო ვუსურვო, სადაც მხოლოდ კარგი ამბები მოხდება.

ჩემო "კვირის პალიტრავ," მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა არსებობისათვის!"