პირველი ნობელიანტი ქალი საქართველოში ცხოვრობდა - კვირის პალიტრა

პირველი ნობელიანტი ქალი საქართველოში ცხოვრობდა

ბერტა კინსკის "ქართული ცხოვრება"

მასთან საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ

ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ XIX საუკუნის მიწურულსა და  XX  საუკუნის  დამდეგს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელთან შეხვედრას, საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ, საქართველოში მეუღლესთან ერთად ცხრა წელი ცხოვრობდა, აქედან ხუთი წელი ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლეში გაატარა. 1904 წელს ბერტა ფონ ზუტნერი ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა თეთრ სახლში სასაუბროდ მიიწვია. როგორ აღმოჩნდა მწერალი ქალი საქართველოში, ქრონოლოგიურად გიამბობთ:

ავსტრიელი გრაფის ქალიშვილი ბერტა კინსკი 1843 წელს პრაღაში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს იმდენად გაუჭირდა, რომ ბერტა იძულებული გახდა, ვენაში, ბარონ ფონ ზუტნერის ოჯახში გუვერნანტად ემუშავა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ბარონის ვაჟს მასზე შვიდი წლით უფროსი მოსამსახურე შეუყვარდა. არტურ ფონ ზუტნერის მშობლებმა ბერტა არასასურველ სარძლოდ მიიჩნიეს და მწერალი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა - პარიზში გაემგზავრა, სადაც ალფრედ ნობელის პირად მდივნად დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, მშვიდობის დარგში პრემია დაეარსებინა.

გამომგონებლის ბიოგრაფები იმასაც ამბობენ, რომ ბერტა ალფრედ ნობელსაც შეუყვარდა, თუმცა, მდივნად მუშაობის დაწყებიდან მცირე ხანში გოგონა ვენაში დაბრუნდა და არტურ ფონ ზუტნერთან მალულად იქორწინა. შემდეგ წყვილმა ვენა დატოვა და მომდევნო ცხრა წელი საქართველოში გაატარა, სადაც მათი პირველი მასპინძელი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო. ბერტამ და სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა ერთმანეთი 1866 წელს, ქალაქ ჰამბურგში გაიცნეს. ეკატერინე მას საქართველოს ისტორიასა და ბუნებაზე ბევრს უყვებოდა, რამაც ცნობილ ავსტრიელ ქალბატონს საქართველოში ჩამოსვლა გადააწყვეტინა. "ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა... ჩვენ წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა", - წერს ბერტა თავის მოგონებებში და დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა: "რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. მრავალი წლის მანძილზე მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ".

დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ავსტრიელმა სტუმარმა პრინცი ერეკლე გაიცნო - ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, ერეკლე მეორის შვილიშვილი. ბერტა თავის მოგონებებში არ მალავს, რომ ქართველი პრინცი მოეწონა და იმასაც ამტკიცებს, პრინცსაც მოვეწონეო. ბერტას სიყვარულის გულშემატკივარი ეკატერინე ჭავჭავაძე ყოფილა, მაგრამ ქართველმა პრინცმა ავსტრიელი მწერლის სიყვარული უარყო და ცოლად ეკატერინე ჭავჭავაძის ძმისშვილი შეირთო. სხვათა შორის, ბერტას მემუარებში ეკატერინე ჭავჭავაძეზე პიკანტურ დეტალებსაც ამოიკითხავთ.

მაშინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი, ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის ჰაეროვანი სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს ცოლად გაჰყვაო, თუმცა, მალევე ყველამ ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ დედოფლის წინააღმდეგ გავრცელებული ბოროტი ჭორი გახლდათ. არადა, ბერტა მემუარებში წერს, რომ  ეკატერინესთვის ბიარიცში ესპანელ დიდგვაროვანს, ჰერცოგ დე ოსუნას, ხელი მართლაც უთხოვია. ბერტა იგონებს, რომ ეკატერინემ თანხმობა ვერ გაბედა. ის თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდაო.

ზუგდიდში ბერტა და მისი მეუღლე, მწერალი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესა და იონა მეუნარგიას "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად თარგმნაში ეხმარებოდნენ. 1882 წელს, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ, ავსტრიელი ცოლ-ქმარი თბილისში დასახლდა. არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი - ფრანგულ და გერმანულ ენებს, ასევე მუსიკას ასწავლიდა. რაც მთავარია, ბერტაც და არტურიც მწერლებად და პუბლიცისტებად საქართველოში ჩამოყალიბდნენ.

ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო და ომს გახმაურებული რომანი "ძირს იარაღი" მიუძღვნა, რომელიც 16 ენაზეა თარგმნილი. პირველი ეგზემპლარი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ინახება. სწორედ ამ ნაწარმოებმა მიიღო 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია.

ბერტა ფონ ზუტნერი ვენაში 1914 წლის 21 ივნისს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე თვე-ნახევრით ადრე გარდაიცვალა.

რუსუდან შელია