მამა სერაფიმე: ჩემი ერის, ჩემი ასურელების სახელით მადლობას გიხდით! - კვირის პალიტრა

მამა სერაფიმე: ჩემი ერის, ჩემი ასურელების სახელით მადლობას გიხდით!

უკვე დაღუპულია 220,000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 10 000-ზე მეტი ბავშვი...

"ყველა ასირიული ეკლესია განადგურებულია, მძევლად აიყვანეს დედები, მღვდელს ესროლეს, შემდეგ დიაკონი პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან მოკლეს... დანარჩენი მრევლი ვინც იყო, დაცხრილეს, ბავშვები და მოხუცები... რა ქვია ამას? თუ არა ქრისტიანთა გენოციდი."

მას შემდეგ, რაც ქართველ საზოგადოებაში დიდი მღელვარება მოჰყვა ფოტო და ვიდეოკადრებს, რომელზეც "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დახოცილი და დასახიჩრებული ასირიელი ბავშვები იყვნენ ასახული, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დევნილი ბავშვების შეფარების სურვილი გამოთქვეს. 14 აპრილს სოციალური ქსელით პეტიციაც გავრცელდა. პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეიფარონ ასირიელი ოჯახები.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ისლამისტური სახელმწიფოს" წევრებმა, ერაყის ქალაქ მოსულში ქრისტიანული სასაფლაო დაარბიეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კვირაცხოვლობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გადაწყვეტილებით, სირიასა და ერაყში გარდაცვლილ მართლმადიდებელთა სულის საოხად და ამ რეგიონში მშვიდობისთვის, საქართველოს ტაძრებში ლოცვა აღევლინება.

გვესაუბრება ქანდაში მოღვაწე ასურელი სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე ბითხარიბი:

- იმის ცქერაც და ატანაც კი ძნელია, როდესაც რწმენის გამო ვინმეს დევნიან, არათუ იმ ენით აღუწერელი საშინელების, როდესაც უდანაშაულო, უმწეო ბავშვებს ხოცავენ... ის, რაც იქ ხდება, რამდენიმე დღის წინ კი არა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო, კარგა ხანია ეს საშინელება ტრიალებს სირიასა და ერაყში, მაგრამ მსოფლიო საზოგადოება რატომღაც ახლა გააქტიურდა. ვნახე ვიდეო, სადაც კადრებში სამი-ხუთი წლის თავმოჭრილი ბავშვის ცხედრებია. არადა, მაჰმადიანობა ამას არ ქადაგებს, ეს ტერორიზმია, ყველაზე საშიში და დაუნდობელი ფორმების ტერორიზმი. ყველა ასირიული ეკლესია განადგურებულია, მძევლად აიყვანეს დედები, მღვდელს ესროლეს, შემდეგ დიაკონი პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან მოკლეს... დანარჩენი მრევლი ვინც იყო, დაცხრილეს, ბავშვები და მოხუცები... რა ქვია ამას? თუ არა ქრისტიანთა გენოციდი.

- მათ დასახმარებლად რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, მამაო?

- მე, როგორც ბერსა და მღვდელს, ლოცვა შემიძლია მათთვის. ასევე საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველამ ერთად გამუდმებით ვილოცოთ მათთვის. დანარჩენი კი, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს...

- როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველო სირიიდან და ერაყიდან შემოსულ, თავშესაფრის მაძიებელთა 95%-ს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს ანიჭებს...

- დიახ, მოვისმინე ბატონი სოზარ სუბარის განცხადება და ცოტა დავმშვიდდი. რა თქმა უნდა, ერაყიდან და სირიიდან ასობით და ათასობით ლტოლვილის შემოსვლის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს... ბედნიერი ვარ, იმით, რომ ყოველი თქვენთაგანი, მასმედია და უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოება გვერდში გვიდგას. მიხარია, რომ ვგრძნობ იმ დიდ თანადგომასა და მწუხარებას, იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემი თანამემუამელების თავს ხდება... ჩემი ერის, ჩემი ასურელების სახელით მადლობას გიხდით ამისთვის, მაგრამ არ იქნება სწორი არ ავღვნიშნო, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის ხელით არა მხოლოდ ასურელები არამედ სირიელი ქრისტიანი არაბები, ეგვიპტელები იეზიდები და სომხებიც იღუპებიან, რაზეც ასევე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ.

მადლობა ღმერთს, მათ მასობრივ თავშესაფარს, ევროპის ქვეყნები, ასევე, კანადა და ავსტრალია აძლევს. ლტოლვილები ისეთ ქვეყნებს ირჩევენ, სადაც ეკონომიკა უფრო ძლიერია, რადგან თავის ქვეყანაში არსებული ვითარებით უკიდურესად მძიმე ფიზიკური და ფსიქილოგიური მდგომარეობა აქვთ და რაც უფრო შორს გაემგზავრებიან თავისი ქვეყნიდან, უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს.

- ალბათ გაქვთ თქვენს თანამემამულეებთან კავშირი...

- უფრო ერაყელებთან მაქვს ურთიერთობა, ჩვენ სოციალური ქსელით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა თბილისში, ვიცი, ვისაც საშუალება აქვს, მათ ეხმარება.

პ.ს. საქართველოში სულ 4 ათასამდე ასურელი ცხოვრობს, მათ ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს, წერა-კითხვა კი არ იციან. წმინდა წერილების მიხედვით, მაცხოვარი არამეულად ლაპარაკობდა, ამიტომ უწოდებენ ამ ენას უფლისას.

პ.პ.ს. სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს დაიწყო. გასულ წელს კი შეიქმნა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ISIS, რომელმაც სირიასა და ერაყში მოსახლეობის მასობრივი დევნა დაიწყო. ISIS დღეისთვის 450 მილიარდი დოლარით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ერაყსა და სირიაში უკვე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებს. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლიდან დღემდე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა, 200 000-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა, რომელთაგან 10 000- ზე მეტი ბავშვია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)